ნაზი ბერიძე
(01.08.2023)

რუსეთს ამზადებს საპასუხო ზომებს 31 ივლისს მოწყობილ „პროვოკაციულ პროტესტზე" საქართველოში რუსული საკრუიზო გემის ჩასვლის გამო. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალეკსეი ჩეპამ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რას განიხილავენ მოსკოვში. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ, სხვადასხვა გარემოებების გამო, ამჟამად რუსეთისგან რაიმე სერიოზული აკრძალვები და სანქციები მოსალოდნელი არ არის.

როგორც ჩეპამ თქვა, ასეთი პროტესტის უკან დგანან გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ გაანადგურონ განვითარებადი კონტაქტები და ურთიერთობები რუსეთთან. მას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი რუსეთის გარშემო აჟიოტაჟის შესაქმნელად და რუსეთის მიმართ უკმაყოფილების დემონსტრირების მიზნით ხდება.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა უპასუხოს მსგავს პროვოკაციებს, რომლებიც აშკარად მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას და დაძაბულობის შექმნას. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა პასუხს გასცემს მოსკოვი საპროტესტო აქციებს საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუს ტურისტებთან ერთად საკრუიზო გემი Astoria Grande საქართველოში, ბათუმში ჩავიდა. პორტში ადგილობრივი ოპოზიციონერები და აქტივისტები შეიკრიბნენ, რათა გამოეხატათ პროტესტი ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იმყოფებოდნენ. პროტესტის მონაწილეებმა მათ ლაინერს კვერცხები და პლასტმასის ბოთლები ესროლეს. ინციდენტის შედეგად საქართველო საკრუიზო გემის მარშრუტიდან ამიუღეს.

რა რეაქცია ექნება რუსეთს - ხომ არ გააუქმებენ პირდაპირ ავიამიმოსვლას საქართველოსთან და უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისათვის; ხომ არ აკრძალავენ ქართული პროდუქციის, მაგალითად ქართული ღვინის, ცირტუსის და ა.შ. შეტანას რუსეთში? ანალიტიკოსებს მკაფიო მოსაზრება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით - რუსეთი ახლა, ამ ეტაპზე და ასეთ მდგომარეობაში რაიმე რადიკალურ, ხისტ და მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან", აღნიშნავს რომ რუსეთს არ ექნება მკაცრი რეაგირება, რადგან იმყოფება იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში.

„არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული იყოს მოსალოდნელი, ალბათ რაღაც სიმბოლურ ნაბიჯებს გადადგამენ. თავად რუსეთს არ აწყობს ახლა, მაგალითად, ფრენების აკრძალვა, რადგან თვითონ არის საერთაშორისო იზოლაციაში. ასე რომ, პირიქით, საქართველო ეხმარება მათ ამ იზოლაციიდან გამოსვლაში და აქედან გამომდინარე, ამას მძაფრი რეაციები არ მოჰყვება.

„ალბათ უფრო რაღაც სიმბოლურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს შეიძლება იყოს რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი. უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა რამე სერიოზულ გადაწყვეტილებაზე არ მგონია წავიდნენ.

„შეიძლება განცხადება გააკეთონ, გაგვაფრთხილონ და დაგვემუქრონ, რომ თუ ასეთი რამ კიდევ იქნება, მერე რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. წესით ეს მათ ახლა არ აწყობთ მთლიანობაში და ამიტომ მგონია, რომ რაიმე სერიოზული ნაბიჯები არ იქნება განხორციელებული", -განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის ვარაუდით კი, რუსეთის საგარეო უწყება შესაძლოა მხოლოდ საპასუხო საპროტესტო განცხადებით შემოიფარგლოს.

„არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოჰყვება რუსეთის მხრიდან. მემგონი რაღაც განცხადების დონეზე შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი.

„არ მგონია რომ ამას სერიოზული განხილვა მოჰყვეს და საქმე მივიდეს რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებამდე. შეიძლება იყოს გარკვეული პროტესტი რუსეთის მხრიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა გააკეთოს განცხადება, თურ არც ამაში ვარ დარწმუნებული, რომ გააკეთებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე