
ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში გვქონდეს ბავშვთა ონკოლოგიის სრულყოფილი ცენტრი და, ვფიქრობ, რამდენიმე წელში აღარ უნდა ჰქონდეს ქვეყანას იმის საჭიროება, რომ ბავშვები საზღვარგარეთ გავუშვათ, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ცენტრის შექმნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე იგეგმება.
„ვმუშაობთ სრულ პროექტზე რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების კუთხით, სხვადასხვა სერვისთან ერთად ცალკე შესაძლებლობა და მიმართულება რომ გვქონდეს ბავშვთა ონკოლოგიის კუთხით. იქ უნდა გვქონდეს სრულყოფილი ონკოლოგიური კლინიკა, სადაც მოხდება როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობა.
მკურნალობის პროცესში ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს პროტონოთერაპია, რაც ქუთაისში კეთდება. ესეც იქნება მკურნალობის ნაწილი. ვფიქრობ, ძალიან მალე გვექნება სრულყოფილი გეგმა და გადაწყვეტილებები, როგორც მშენებლობის დაწყების, ასევე სავარაუდო ვადების კუთხით", - განმარტა მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა" და პარტნიორ კლინიკებს შორის ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, მკურნალობას ისრაელში, ესპანეთში, თურქეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეძლებენ.
პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი", ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი" და „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი".
პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



