გლობალურ პოლიტიკაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი - ყველა თანხმდება იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, მსოფლიო გეოპოლიტიკური სურათი და საერთაშორისო წესრიგი ისეთივე აღარ იქნება, როგორიც იყო. როგორც ანალიტიკოსები გვეუბნებიან, ომმა რუსეთი საგრძნობლად დაასუსტა და ძველი გავლენებით ვეღარ ისარგებლებს. მათი თქმით, ამის ფონზე, დღეს ჯერჯერობით ორი პოლუსი იკვეთება - აშშ და ჩინეთი.
როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთის დასუსტება გეოპოლიტიკურ ჭრილში უკვე უზარმაზარი ცვლილებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც კი იყო.
„უკრაინა-რუსეთის ომი რა თქმა უნდა გეოპოლიტიკურ სურათს შეცვლის, რადგან ამ ომში რუსეთის დამარცხება პრაქტიკულად გარდაუვალია, ეს მას აიძულებს, რომ თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები შეკვეცოს, შესაბამისად, მისი გავლენა იმ სფეროზე, რომელზედაც ის პრეტენზიას აცხადებს, საბოლოოდ ალბათ დასრულებული იქნება. ეს კი უკვე უზარმაზარი ცვლილებაა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ არავინ ელოდა.
„საქართველომ ის კურსი უნდა გააგრძელოს, რომელიც მას აქვს, რადგან ის დასკვნა და სტრატეგიული არჩევანი, რომელიც ერმა და ქვეყანამ 90-იანი წლების დასასრულს გააკეთა და ჩვენს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საუკეთესო გზაა, თუკი იგი სერიოზულად და ბოლომდე იქნა რეალიზებული. ამაში ეჭვი არ მეპარება და იმედი მაქვს, რომ სხვაგვარ განვითარებას პერსპექტივა არც აქვს",-განაცხადა მენაღარიშვილმა.
კითხვაზე, ჩინეთთან სტრატგიული ურთიერთიბების გაღრმავება რამდენად შეუშლის ამ გზას ხელს, მენაღარიშვილმა გვითხრა: „გააჩნია რა ურთიერთობის გაღრმავება რა სფეროებში მოხდება, არის სფეროები, რომლებშიც ჩინეთი მშვენიერი პერტნიორი იქნება - მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობა, ის მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, თუმცა, სრულიად ლოგიკურად ამბობენ, რომ ცოტა ხანში ალბათ პირველი გახდება, მისი ტემპი უბრალოდ ფანტასტიურია. ამგვარ ეკონომიკასთან თანანშრომლობა კი საქართველოსთვის უბრალოდ აუცილებელია.
„ვინ შეიძლება იყვნენ მთავარი მოთამაშეები, ამაზე მთელი მსოფლიო თავს იტეხავს. იმ პოლიტიკური კურსის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დასავლეთი წარმოადგენს იმ ცივილიზაციურ ცენტრს, რომელიც კაცობრიობის პროგრესს სათავეში უნდა ჩაუდგეს სათავეში, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენი არჩევანი სწორი და ობიექტურია.
„ეს ის რეალობა იქნება, რომელსაც იმედია მალე ვნახავთ, თუმცა შემდგომ ბევრი სხვა თემა დარჩება, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება, მაგრამ, არა მგონია, რომ ეს ყველაფერი დიდხანს გაიწელოს", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით ორი პოლუსი იკვეთება - აშშ და ჩინეთი და ორივესთან საქართველო ურთიერთობებს ავითარებს. რუსეთი კი ომმა დაასუსტა და რეგიონული მოთამაშის დონეზე გადავიდა.
„ჯერჯერობით იმაზე რთულია საუბარი საერთაშორისო წესრიგი როგორი იქნება, თუმცა, ნათლად ჩანს, რომ ორი პოლუსი იკვეთება - აშშ და ჩინეთი, რუსეთი უკრაინის ომმა დაასუსტა და ის რეგიონული ჰეგემონის დონეზე დავიდა.
„უკრაინაში ომი ჯერჯერობით სტაბილური პოზიციური ბრძოლებით მიდის, ინიციატივა არცერთ მხარეს არ აქვს, თუმცა, რუსეთი კიდევ 300 ათასი ადამიანის მობილიზაციას აპირებს, რომ ფრონტზე თავის სასარგებლოდ რამე შეცვალოს, თუმცა რამდენედ განახორციელებს, ეს ცალკე თემაა.
„საქართველოს ორი მიმართულება უკავია - აშშ-სთან და ჩინეთთან, ორივეგან სტრატეგიულ თანამშრომლობას ავითარებს. პეკინში 27-დოკუმენტიანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული 2009 წლის სტრატეგიული ქარტიის იდენტურია.
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული ურთიერთობები უკვე ახალი ფენომენია და როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩინურ ორიენტაციას ირჩევს",- განაცხადა მაისაიამ.
კითხზვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ახალ მოსალოდნელ რეალობაში მისთვის საუკეთესო პოზიცია დაიკავოს ვახტანგ მაისაია გვეუბნება: „თუ რეფორმების გატარების კუთხით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, დღევანდელი პოლიტიკური მმართველობა დასავლურ რეფორმებს ნაკლებად იღებს და იგუებს. ჩინეთიდან კი არავის არაფერს არ სთხოვენ, ისინი უბრალოდ, საკმაოდ ნელა, დინჯად მუშაობენ და საკუთარ ინეტერესებს იცავენ.
„როგორ წავა სიტუაცია ამ ეტაპზე უცნობია, ორ დიდ მოთამაშესთან ურთიერთობები მაინც გვაქვს და არაა გამორიცხული, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებამ ნატოსთან ინტეგრაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, რადგან ნატოს ისედაც უწერია, რომ რუსეთი სამხედრო მტერია, ჩინეთი კი მოწინააღმდეგე და წყნარი ოკეანის მიმართულებით პეკინის შეკავებაზეა გადასული",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე