თამთა ჩაჩანიძე
(31.07.2023)

საპროტესტო აცქიის მიუხედავად, ორშაბათს რუსული კრუიზი „ასტორია გრანდე" ბათუმის პორტში ისევ შემოვიდა, რასაც ხმაური და დაპირისპირებები მოჰყვა - პოლიციამ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები დააკავა, ისინი რუსი ტურისტების მიკროავტობუსით გაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, ლაინერის მგზავრების უმეტესობას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი. ამასთან, აქცია თბილისშიც დაანონსდა.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პროტესტი თავისთავად უნდა ყოფილიყო, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან „იმაზე მეტი დატვირთვის მიცემა არ შეიძლება, ვიდრე აქვს", რადგან თუ აქციები პერმანენტული ხასიათის გახდა, ის მინელდება და ოპოზიციის მისამართით საზოგადოების გულგატეხილობა გაიზრდება.

ამასთან, ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ სექტემბრიდან უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს.

ბათუმში საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა, სადაც მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გემი პორტში დილის 6 საათზე შევიდა, მასში კი გავრცელებული ცნობებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტები არიან. აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და ნავსადგური რკინის ჯებირებით შემოსაზღვრა.

გავრცელდა ცნობები პოლიციის მიერ 23 ადამიანის დაკავების შესახებ. შსს-ს ცნობით, "აქციის მონაწილეები მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნან, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ".

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემ „ასტორია გრანდეს" კვერცხები და ბოთლები დაუშინეს, კვერცხები და ბოთლები ესროლეს ასევე იმ ავტობუსებს, რომლითაც ლაინერის მგზავრები გამოიყვანეს. როგორც მათ განაცხადეს, რუს ოკუპანტებს არ მისცემდნენ გადაადგილების საშუალებას. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემიდან რუსი ტურისტები ხმელეთზე არ გადავიდოდნენ.

ამასთან, რუსულმა საკრუიზო ლაინერმა „ასტორია გრანდემ" რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო და საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღარ იძებნება.მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო. ახალი მონაცემების მიხედვით კი, აგვისტოდან რეისები ბათუმის მიმართულებით აღარ შესრულდება.

ამის პარალელურად 31 ივლისს თბილისში საპროტესტო აქცია ლოზუნგით "რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - 19:00 საათზე დაანონსდა ახალგაზრდული მოძრაობა „ჯიუტი"-ს მიერ.

„ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი. ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად. ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს. სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს! საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გემი „ასტორია გრანდე" ბათუმის პორტს 27 ივლისსაც ესტუმრა, პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული, მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, ამავე დღეს აქცია გაიმართა თბილისშიც.

რა შეფასებები მოჰყვა „ასტორია გრანდეს" ბათუმის პორტში შემოსვლას

„ქაჯობა" ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა - საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს "ნაცმოძრაობის" ამ აქციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბათუმში სოჭიდან შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლაინერის შემოსვლას "ის ხალხი აპროტესტებს, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ ტურისტებს, ეკონომიკას და ვინც, მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა".

"შეიძლება გულწრფელადაც არის ვინმე იქ მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არამარტო ტურისტებს, ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა. ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერმა დაარღვია საოკუპაციო კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

„რუსეთთან, რასაკვირველია როგორც პოლიტიკურად, მორალურადაც ყოველთვის მართლები ვიყავით 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამ სტრატეგიულ დაპირისპირებას ჩვენს და რუსეთს შორის აქვს გარკვეული განზომილებები, სადაც "ნაცმოძრაობა" არ მოიაზრება არანაირად როგორც რაიმე პოზიტივის მატარებელი.

„ამ ურთულეს სიტუაციაში ის პოლიტიკა, რასაც "ნაცმოძრაობა" ანუ გუშინდელი რუსეთისადმი მლიქვნელი პოლიტიკური ძალა ატარებს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ღმერთს თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან დამოკიდებულება არის თვალში საცემი.

„მათ სურთ პოლიტიკური შინაარსი მიეცეს ყველაფერს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობა. არც ერთი ნიშანი, არც ეკონომიკური სანქციების არიდება არ დაადასტურეს ყველაზე მაღალმა შემმოწმებლებმა, მათ შორის აშშ-დან, არავინ ამას არ ადასტურებს, გარდა "ნაცმოძრაობისა", რომლებიც შავ ხვრელებს იქ არ ეძებენ, სადაც უნდა ეძებდნენ, სადაც არის ეს შავი ხვრელები არის მათი მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც საქართველოს აზიანებს უკვე სერიოზულად დაახლოებით 2006 წლიდან მოყოლებული, როცა ვითომ პატრიოტული დროშის ქნევით რუსებს ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ყველა საკვანძო სტრატეგიული ობიექტი.

„ეს არის მოღალატეობრივი შინაარსის მქონე პოლიტიკური პარტია, რომელიც ყალბ აქციებს აწყობს, რათა გადაფაროს ის დანაშაულებები, რაც მათ შორის, ჰქონდათ რუსეთთან ურთიერთობაში და 2008 წელს სამხედროების ცხედრები არ იყო ჯერ გაციებული, როცა კუდის ქიცინით ხვდებოდნენ შემოსულ რუსებს ჩვენს ტერიტორიებზე,"- განაცხადა ვოლსკიმ.

პარტია „საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ რუსული გავლენების ზრდით ეროვნული უსაფრთხოება სუსტდება და დაუცველი რჩება ქვეყანა, ამიტომ მოსახლეობის პროტესტი რუსული გავლენების წინააღმდეგ ბუნებრივია. ამის მიუხედავად, დაუშვილი მიიჩნევს, რომ თუ აქციაზე ადგილი ჰქონდა რაიმე სამართალდარღვევას, რეაგირება უნდა განხორციელდეს.

"ცალკე აღებული ლაინერის შემოსვლა კი არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მთლიანად დიდ სურათში ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა როგორ იცვლება და საით იცვლება. მოცემულობაა ასეთი, რომ "ქართული ოცნება" თავს ესხმის და ლანძღავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აშშ-ს და ევროკავშირს და ფაქტობრივად, უფრო და უფრო მეტად გვაშორებს ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გარანტი არიან.

„როცა მეგობრებს ვშორდებით, ამით ავტომატურად ვუახლოვდებით რუსეთს, რადგან ჩვენს რეგიონში უბრალოდ სხვა მოცემულობა არ არსებობს. "ქართულ ოცნებას" ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული საკუთარი მოქალაქეებისთვის, როცა ჩვენს მოქალაქეებს აშინებს ომის საფრთხით",- ამბობს დაუშვილი.

„ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

გაგრძელდება თუ არა პროტესტი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსული გემის ბათუმის პორტში შმოსვლასთან დაკავშირებით, თავისთავად საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პროტესტი კარგია, თუმცა, თუ ოპოზიციამ ამ თემით აქციებს პერმანენტული ხასიათი მისცა, ამას უკუშედეგი ექნება, რაც თავად მათთვისაა ცუდი.

„თუ ვინმე თვლის, რომ ახლა ამ ფაქტს ხანგრძლივი და პერმანენტული პროტესტის ფორმა მისცეს, ეს ფუჭი მოლოდინია და პირველ რიგში ოპოზიციისთვის ძალიან ცუდი იქნება. ცხადია პროტესტი უნდა იყოს, ძალიან კარგია, რომ ბათუმში ხალხი გამოვიდა, კარგია თუ თბილისშიც იქნება, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთდდღიანი და დღესვე დასრულდეს.

„ოპოზიციისთვის ხიფათი პროტესტის გამოხატვაში კი არაა, არამედ იმაშია, რომ როცა მოსახლეობაში რაიმე პატარა პროტესტის გრძნობა გაჩნდება, ცდილობენ, რომ აქედან რაღაც დიდი ტალღა ააგორონ, ბუზისგან სპილო შექმნან, ასეთი მიდგომა კი ყოველთვის უკუშედეგს იძლევა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

„ამ პროტესტისთვის იმაზე მეტი დატვირთვის მიცემა არ შეიძლება, ვიდრე აქვს. პროტესტი, რომ გამოიხატა, ეს რუსულ და დასავლურ მედიაში გავრცელდება, საქართველოს მოსახლეობამაც იცის და ჩვენმა პარტნიორებმაც, ანუ მიზანი რაც უნდა იყოს - ფართო წრის ინფორმირებულობა, ერთდღიანი პროტესტის ფარგლებში ეს მიიღწევა.

„თუ ამას უფრო მნიშვნელოვან ტვირთს ავკიდებთ, ეს პროტესტიც მინელდება და საქართველოში უფრო გულგატეხილობა იქნება, ვიდრე ამით გამოწვეული რაღაც სიამაყის გრძნობა",-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რესონანსთან" ამბობს, რომ პროტესტმა შედეგი უკვე გამოიღო და არაა გამორიცხული, რომ პერმანენტული ანტირუსული აქციები სექტემბრიდან განახლდეს.

„ერთი შედეგი ისაა, რომ ამ კრუიზმა ბათუმის პორტში შემდგომი რეისები ამოიღო და ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროტესტს აზრი აქვს. აქციები მგონია, რომ ჯერჯერობით პერმანენტულ ხასიათს არ მიიღებს, მაგრამ, ალბათ სექტემბრიდან გააქტიურდება. „ოცნების" მხრიდან ბევრი სხვა ქმედებაა, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას სულ უფრო ემიჯნება და ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, შეურაცხყოფილად მოიხსენიებს და არაა გამოროიცხული, რომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. ახლა პოლიტიკურად შედარებით მკვდარი სეზონია, მაგრამ სექტემბრიდან უკვე შესაძლებელია, რომ ახალი საპროტესტო ტალღა ვიხილოთ.

„ეს უშუალოდ მოსახლეობის შეურაცხყოფაა, როცა აცხადებენ, რომ თითქოს კრუიზიდან ხმელეთზე არავინ არ უნდა გადმოსულიყო, ამ დროს, რუსები გემიდან ჩამოჰყავთ, სპეციალურად იცავენ, საკუთარ მოქალაქეებს კი არბევენ. არაა გამორიცხული, რომ გემი პროვოკაციისთვის იყოს ჩამოსული, ან უბრალოდ რუსები თავხედები არიან და როცა ხედავენ, რომ პოლიცია იცავს, უფრო გათავხედდნენ.

„მათ ეს არ უნდა შერჩეთ, თუმცა პასუხი ჯერ ჩვენს ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რადგან ისინი თითქოს ძალის დემონსტრირებას ახდენენ, რომ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო და ამასთან რუსებთან ქულებს იწერენ. საზოგადოების გაერთიანება აუცილებელია",- განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე