ისტორიული ვიზიტი - ასე უწოდებს ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობას. საქართველოს პრემიერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს პირველად შეხვდა, რის შემდეგაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონზე გამყარდება. თუმცა, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა, ჯერჯერობით უცნობია.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან თავად ამ ტერმინის გამოყენებაც ძალიან ყურადსაღებია. მათივე აზრით, პირისპირ შეხვედრისას, სავარაუდოდ, იმაზე მეტზე იყო საუბარი, ვიდრე საჯაროდ ითქვა.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, საქართველოს პრემიერის ამ დონის ვიზიტი თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა რეაქცია ექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ დასავლეთს და კონკრეტულად აშშ-ს.
მთავარი კი ისაა, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ჩინეთის და საქართველოს ახალი ურთიერთობის ფურცელი, რადგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი აშშ და ევროპაა. ამიტომ კონკრეტულად უნდა ითქვას, რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს ახლა ჩინეთს საქართველოსთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილის ვიზიტი და ოფიციალური განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრას აქტიურად აშუქებს ჩინური მედია. ადგილობრივი გამოცემები და ტელევიზიები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფაზა დაიწყო, რომელიც პოლიტიკური თანამშრომლობის დინამიურ განვითარებასთან ერთად, ქვეყნებს სარგებელს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებითაც მოუტანს.
„აბრეშუმის სავაჭრო გზა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას აძლევს ხელსაყრელ შანსს, გახდეს ერთგვარი ხიდი აღმოსავლეთსა და ჩინეთს შორის. როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. შუა დერეფნის კონტექსტში, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაზრდა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი, სწორედ ამ მიზნების რეალიზებას შეუწყობს ხელს“,- ვკითხულობთ განცახდებაში.
ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელის საშუალებითაც. მთავრობის მეთაურმა საკუთარ „ფეისბუკ“ პოსტში დაწერა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება.
რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა
საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ჩინეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტისა და იქ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, კითხვები უფრო ბევრი გაჩნდა, ვიდრე პასუხებია. მისივე აზრით, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელზეც ჩინეთმა ისაუბრა, არ შეიძლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება იყოს და აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული დოკუმენტი, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით არაფერი ჩანს.
„თუ ჩვენ შეხვედავთ იმ პრესრელიზს, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ვებგვერდზე გავრცელდა, იქ არის შეხვედრის მიმოხილვა და ფრაზა, რომ „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მხარეები შესაბამის დოკუმენტს მიიღებენ“. ალბათ მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ზუსტად ვისაუბროთ, რა იგულისხმება საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაში.
„დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს სფეროები, სადაც ორი ქვეყანას მიაჩნია, რომ თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე უნდა ავიდეს. ჩინეთთან ჩვენ ძალიან მოცულობითი საერთაშორისო დონის ბაზა გვაქვს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობაც. ამიტომ რაღაც ათვლის წერტილი უკვე არსებობს და თუ ამის იქით სტრატეგიულ ურთიერთობას ვიწყებთ, მაშინ რაღაც სხვა, ახალზეა საუბარი.
„ასეთ შემთხვევაში უკვე უნდა განისაზღვროს რა იგულისხმება ამ თანამშრომლობაში, რა სფეროებზეა საუბარი. როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, გვაქვს ასოცირებსი ხელშეკრულება, აშშ-სთან თანამშრომლობის ქარტია. გვაქვს დოკუმენტი უკრაინასთან, რომლის თანაავტორიც გახლავართ და იქ გაწერილია ორი ქვეყნის თანამშრომლობის პუნქტები. ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ამ ეტაპზე ჩინეთთან მხოლოდ აი, ასეთი განცხადება გვაქვს. ამიტომ კითხვები უპირველეს ყოვლისა იმაზეა, თუ რას გულისხმობენ სტარტეგიულ პარტნიორობაში - რა არის ის სფერო, საკითხი, რაშიც ჩინეთი ჩვენში სტრატეგულ პარტნიორს ხედავს და რაში ვხედავთ ასევე ჩვენ.
„მაგალითისთვის დავსვამ კითხვას - თუ არის ეს ეკონომიკური პროექტები, რა პრექტებზეა საუბარი? თუ არის ეს ინფრასტრუქტურული - რა პროექტებია? თუ სხვა, ანუ საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში გადავდივართ, მაშინ უპირველესი კითხვა, რაც მიჩნდება - როგორი იქნება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის კონფლიქტების მოგვარებაზე?“ - ამბობს ფხალაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მხარს გვიჭერს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენაში. თუმცა, ამავდროულად ცდილობს ბალანსის დაცვას რუსეთთან. მაგალითისთვის ფხალაძეს ის ფაქტი მოჰყავს, რომ გაეროში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლტოლვილთა ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებით რეზოლუციების მიღებისას ჩინური დელეგაცია კენჭისყრას არ ესწრება. ამიტომ ანალიტიკოსი ამბობს, რომ მკაფიო უნდა გახდეს რაზე ვთანამშრომლობთ მათთან.
დაინტერესებულია თუ არა ჩინეთი ანაკლიის პორტით
კონფლიქტოლოგი და საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი ზურაბ ბენდიანიშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბარი შინაარსობრივად ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი განცხადებაა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ჩინეთს საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული მიზნები ამოძრავებს.
„ამ შეხვედრის შემდეგ აშკარაა, რომ ჩინეთი საქართველოსთან იმაზე მასშტაბურ და უფრო მნიშვნელოვან ურთიერთობას აპირებს, ვიდრე ეს აბრეშუმის გზა და ეკონომიკური ურთიერთობაა. არ არის გამორიცხული ინტერესი ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც იყოს. ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, რომ მის მშენებლობაზე თავად იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს დროში ძალიან გაიწელა. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ დახურულ კარს მიღმა სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ყოფილიყო საუბარი.
„საქმე ისაა, რომ შესაძლოა საქართველო ამ თამაშმა ძალიან საშიშ სიტუაციამდე მიიყვანოს. ჩვენ ვიცით აშშ-ის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ. ამიტომ ეს ლავირება ვშიშობ ამერიკისთვის არ იქნება სასურველი და ჩვენი ისტორიული სტრატეგიული პარტნიორები, ვგულისხმობ დასავლეთს და აშშ-ს, ამას როგორ მიიღებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.
„აღმოსავლეთით სტარტეგიული პარტნიორის ძებნა და კურის ცვლილება ჩვენი კონსტიტუციითაც კი იკრძალება, რადგან დასავლური კურსი და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კანონის დონეზე აქვს გაწერილი. ამიტომ ეს ყველაფერი ცოტა საფრთხილოა და ზუსტად უნდა გავიგოთ რა უნდა ჩვენგან ჩინეთს. კი, ბატონო, გასაგებია, რომ მათთან ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას წაადგება, მაგრამ ამის ფას რას გადავიხდით - ეს არის გასაანალიზებელი“, - ამბობს ბენდიანიშვილი „რეზონანსთან“.
ჩინეთის და რუსეთის ინტერესები
ბენდიანაშვილი მიიჩნევს, რომ აქ ჩინეთის და რუსეთის ინტერესების შესაძლოა იკვეთებოდეს, რადგანაც რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოზე დასავლეთის გავლენა შემცირდეს. ამიტომ, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ხელისუფლების ბოლო დროინდელ რიტორიკას და აშშ-სთან ძალიან დაძაბულ ურთიერობას, ეს თამაში უფრო პარტნიორების დაშანტაჟებას წააგავს.
„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აზიის განვითაების ბანკის ხელმძრავნელს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა, რომლის მთავარი კონტრიბუტორები ჩინელები არიან, ძალიან მნიშვნელოვანი წრე იკვრება. ჩინეთი საქართველოში ამერიკულ და დასავლური პროექტების დაბალანსებას ეცდება. აქ საუბარი შესაძლოა იყოს ისევ და ისევ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინელების მონაწილეობაზე. კი, ბატონო, აქ თუ ეკონომკურ თანამშრომლობაზეა საუბარი, გასაგებია, მაგრამ თუკი ჩინეთი პოლიტიკურ თანამშრომლობასაც აპირებს, მაშინ აქ კიდევ სხვა ინტერესები შეიძლება იკვეთებოდეს.
„ჩვენი და ჩინეთის სახელმწიფო მოწყობა განსხვავდება. საქართველოში მმართველობის სტილი და პოლიტიკური ინსტიტუტები დასავლურ მოდელზეა აგებული და დაფუძნებული. დასავლეთმა საქართველოს განვითარებისთვის ძალიან დიდი რესურსი ჩადო. ამიტომ თუკი აქ ჩინეთი ინტერესები წავა შორს და ეს იქნება უკვე პოლიტიკური მოკავშირეობა, მაშინ ეს იქნება რუსეთისთვის მისაღები და არც გამოვრიცხავ, რომ ერთად მოქმედებდნენ და აშშ-ს ამაზე ექნება საკმაოდ მწვავე რეაქცია, რაც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხობისთვის დამაზიანებელი იყოს“, - ამბობს ბენდიანიშვილი „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე