თამთა ჩაჩანიძე
(29.07.2023)

ბათუმში პროტესტისთვის ისევ ემზადებიან - 31 ივლისს, სოჭიდან რუსული საკრუიზო ლაინერი ისევ ჩამოვა. გემს, სადაც, მედიის ცნობით, კრემლის მომხრე არტისტები იქნებიან, დილის 6 საათზე აქციით დახვდებიან. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, დიდი შანსია, რომ ამ საზღვაო ლაინერის „წინ და უკან ტრიალი" რუსეთის გამიზნული პროვოკაცია იყოს და თუ ორშაბათის აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, არაა გამორიცხული, რომ ამას განცხადებები მოჰყვეს მოსკოვის მხრიდან.

საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ გემის შემადგენლობა ხმელეთზე არ გადმოდის, ფიზიკური შეხების შანსი ნაკლებია, მაგრამ ძალიან აგრესიული დამოკიდებულებაც შესაძლოა რუსებმა თითზე დაიხვიონ. მისი თქმით, არის შანსი, რომ ქვეყნის შიგნით ისეთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მოქმედებდნენ, რომელსაც სწორედ ეს უნდათ - რომ „რუსებთან კონფლიქტი სწორედ შენ დაიწყო".

„ასტორია გრანდეს" მორიგი რეისი და პოლიტიკოსთა რეაქციები

„ეხო კავკაზას" ინფორმაციით, დაგეგმილ რეისზე გემ „ასტორია გრანდეს" მგზავრებს შორის იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი მარათონის „ზა რასიუ" („რუსეთისათვის") მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი „ჰაი-ფაი"-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სანქციები აქვს შემოღებული.

„(ფომინმა) მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსულ პროპაგანდაში და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამომთხრელ რუსულ პოლიტიკას, ყირიმის ანექსიას", - წერია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს პროექტის „ომი და სანქციები" ვებგვერდზე.

ამავე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლაინერზე იქნება რუსული მუსიკალური ჯგუფი „ტესტოსტერონი", რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში რუსული არმიის მოსამსახურეების წინაშე გამოდიოდა. გემზე ასევე იქნება ბელარუსი არტისტი დმიტრი კოლდუნი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და 2018 წელს ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" კონცერტიც ჩაატარა.

საკრუიზო ლაინერი სოჭს 29 ივლისს დატოვებს და ბათუმში 31 ივლისს ჩავა. მის მგზავრებს არ შეუძლიათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და ბათუმის პორტიდან გასვლამდე გემზე უნდა დარჩნენ.

ამავე ლაინერმა „ასტორია გრანდემ", ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე 27 ივლისს დატოვა. აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

აღნიშნულ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეებით ამაყობს.

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.

„შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის", - წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე".

აქციას გამოხმაურება ჰქონდა მმართველი გუნდიდანაც. როგორც „ქართული ოცნების" თვამჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ესაა „ქაჯობა".

„ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედთან".

„ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს და ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციასთან დაკავშირებით.

რა მიზანი აქვს გემის შემოსვლას და როგორ გამოიყენებს ამას ოპოზიცია

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ გემის წინ და უკან სიარულში პროვოკაციაა ჩადებული, იმ შინაარსის იქნება, რომ რუს პოლიტიკისებს იმის თქმის საშუალება მიეცეთ, რომ რუსებს ჩაგრავენ. ამბობს, რომ დანარჩენი უკვე შიდა მდგომარეობის საკითხია, რადგან არის შანსი, რომ ქვეყნის შიგნით ისეთი პოლიტიკური ჯგუფები მოქმედებდნენ, რომელსაც უნდათ, რომ რუსებთან კონფლიქტში შევიდეთ.

„პროტესტი გასაგებია, მაგრამ თუ ეს კონფლიქტში და ფიზიკური შეხების დონეზე გადავიდა, მერე ამას უკვე პოლიტიკური ჟღერადობაც ექნება და ისიც არ იქნება გასაკვირი, რუსებმა გამოაცხადონ, რომ არიქა, ჩვენ მოქალაქეებს ჩაგრავენო. თუმცა ისეთი ინფორმაციებია, რომ გემის შემადგენლობა მიწაზე არ გადმოდიან და თითქოს ფიზიკური შეხების შანსი ნაკლებია, მაგრამ ძალიან აგრესიული დამოკიდებულებაც შესაძლოა თითზე დაიხვიონ, თუ სიტუაციის გამწვავების საბაბი სჭირდებათ.

„ამიტომაც იქნებ ბალტიელებისგან ვისწავლოთ. მახსოვს, მათ საბჭოთა კავშირის მიმართ პროტესტი იმით გამოხატეს იმით, რომ ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და მრავლკილომეტრიანი ჯაჭვი გააკეთეს. აგრესიის ნასახი არ გამოუვლენიათ. მემგონი აქაც საპროტესტო განწყობილება უპრიანია, ოღონდ თუ ამას მოვახერხებთ ისე, რომ პროტესტი იყოს და არა შეურაცხყოფა. მტერს იმის საბაბი არ მივცეთ, რომ რუსულ ხელისუფლებაში ანტიქართული პროცესი გაღვივდეს.

„მანდ თუ პროვოკაციაა ჩადებული, სწორედ ამ შინაარსის იქნება - მიეცემათ თუ არა რუს პოლიტიკისებს იმის თქმის საშუალება, რომ რუსებს ჩაგრავენ. დანარჩენი უკვე შიდა მდგომარეობის საკითხია, რადგან არის შანსი, რომ შენთან ისეთი პოლიტიკური ჯგუფები მოქმედებდნენ, რომელსაც სწორედ ეს უნდათ - რომ რუსებთან კონფლიქტი სწორედ შენ დაიწყო.

„ასეთი ნაბიჯები ოპოზიციისგან მოულოდნელი არაა, რადგან ვინც ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში უნდა შევიდეს, რადგან უკრაინა მასთან კონფლიქტშია, ისინი, რა თქმა უნდა, ეცდებიან, რომ ამ ფრაგმენტში კონფლიქტურობა გაიზარდოს. მით უმეტეს, ამ ლაინერის წინ და უკან ტრიალი იმ ეჭვს კიდევ უფრო ამტკიცებს, რომ ამ კონფლიქტში თვად რუსეთია დაინტერესებული", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გასაგებია, თუმცა საზოგადოებას ლოგიკურად უნდა აუხსნან, თუ პროვოკაციას რატომ არ უნდა ავყვეთ და არა იმ რიტორიკით, რომ „ეს ქაჯობაა თუ არაქაჯობა".

„საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ის უნდა იყოს, რომ კონფლიქტში არ უნდა ავყვეთ. მაგრამ ის რიტორიკა, რომ ეს ქაჯობაა თუ არაქაჯობა, ისევ და ისევ წამგებიანია. „ოცნებას" ყოველთვის უჭირდა იმ გზის არჩევა, რაც პიარისთვის უკეთესია. მემგონი ამ მხრივ ჯობია, რომ საზოგადოებას ლოგიკა გააგებინო.

„ამასთან, ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი და იმის გაცხადება, რომ პეკინი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აპირებს, რომლის ძირითადი ღერძი აბრეშუმის გზაა და ის გზა, რომლითაც ჩინეთიდან ევროპაში ტყვირთები უნდა გადავიდეს საქართველოს გავლით, ეს გზა კი რუსეთს არ აწყობს, რადგან თუკი ეს ტვირთები საქართველოზე ვერ გაივლის, დღის წესრიგში დადგება ის, რომ რუსეთს სანქციები შეუმსუბუქდეს და ამან რუსეთზე გაიაროს. აქ უკვე ჭიდაობა პოლიტიკაზე კი არა, დიდ ფულზე მიდის, რომელიც ჩინეთიდან წამოვა.

„იმისთვის, რომ ჩინეთის ეს გეგმა ჩაიშალოს, აქ კონფლიქტი ძალიან ხელსაყრელი მიზეზია. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ისევ ომი გაჩაღდება, რომ აქ ტვირთის გამოტარება უკვე სახიფათო გახდება, ეს, რა თქმა უნდა, რუსეთს აწყობს. ეს მოსახლეობისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ვინც აქ კონფლიქტს გააჩაღებს, ის ფაქტიურად პუტინის დავალებას ასრულებს. დიდი შანსია, რომ ამ კრუიზის ისევ შემოსვლა გამიზნული პროვოკაციაა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე