ოკუპირებულ აფხაზეთში აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ კანონპოექტს ისევ ბევრი მოწინააღდეგე ჰყავს და განხილვებზე კვლავ ცხარე კამათები მიდის. ამაზე დე ფაქტო ხელისუფლებასა და აფხაზურ საზოგადოებას შორის კვლავ დიდი დაპირისპირებაა.
„პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ხალხის დამუნათება დაიწყო, რომ შესაძლოა რუსეთმა რაღაც ეტაპზე დაფინანსება შეწყვიტოს და ამიტომ საკუთარი სახსრები უნდა გააჩნდეთ. როგორც „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რუსების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა გამორიცხულია, რადგან ამის შემდეგ აფხაზებს ერთი არჩევანიღა რჩებათ -ოფიციალურ თბილისს მიეკედლონ, ეს კი რუსეთს ცალსახად არ აწყობს.
აფხაზეთში კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ პროექტი უნდა დაიბლოკოს, რადგან მისი მიღების შემთხვევაში, იქ მასობრივად ჩასახლდებიან უცხოელები, მათ შორის რუსები, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველები და აფხაზები კვლავ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
კანონპროექტი ბჟანიას აპარატის მომზადებულია. მისი და ოპოზიციური პარტია „ამცახარას" გარდა, მთელი აფხაზური საზოგადოება, ყველა სხვა ოპოზიციური და არაოპოზიციური პარტია ამის წინააღმდეგია.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამართალდამცავი სააგენტოების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ხელფასები რუსეთის მიერ არის დაფინანსებული. რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომში არის ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? არავის ვაშინებ, მაგრამ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ეკონომიკური დატვირთვაც უნდა გვქონდეს. ჩვენ განვითარების მთავარი ვექტორი ტურიზმია, ამიტომ სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ 30-40-ჯერ მეტი უნდა აშენდეს," - თქვა ასლან ბჟანიამ.
მისი თქმით, სასტუმროებისა და აპარტამენტების მშენებლობის შესახებ შესაბამისი კანონის დამტკიცება, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის.
როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" ეუბნება, აპარტამენტებზე რუსეთიდან საჯარო ზეწოლა არაა, თუმცა რუსები ამაში დაინტერესებულები არიან და ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებენ, მაგრამ გამორიცხულია, რომ დაფინანსება შეუწყვიტოს.
„აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთიდან ჩამოწოდებული ორი სერიოზული თემა აქვთ, რომელზედაც აფხაზები წინააღმდეგები არიან. პირველი ესაა ბიჭვინთის ტყე-პარკის მითვისება. აფხაზური საზოგადოება და პარლამენტი ეწინააღმდეგებიან და ამის რეალიზაცია ამიტომ ვერ ხერხდება.
„როცა ბიჭვინთაზე იყო ლაპარაკი, მაშინ უშუალოდ პუტინის პირადმა ინტერესმა გაიჟღერა და ამით აფხაზები დაამუნათეს, რომ პუტინს აინტერესებს, მისი თხოვნაა და ამაში უარს ნუ ვეტყვითო. ეს მერე ლუკაშენკომ გააჟღერა, როცა ბიჭვინთაში ჩავიდა. ამ საკითხზე რუსეთიდან ღია ზეწოლაა.
„აპარტამენტებზე კი ასე საჯარო ზეწოლა არაა, თუმცა ბუნებრივია რუსები ამაში დაინტერესებულები არიან. ყველაზე მეტად, რაც მანდ რუსეთის ჩართულობა გამოჩნდა, ეს იყო, როცა აპარტ-ოტელების მშენებარე კომპანიები ჩაერთვნენ, რომლებმაც ბუნება აღწერეს და ჰყვებიან იმას თუ როგორი და რა ლამაზი იქნება. პოლიტიკური მხრიდან, ან „პარლამენტის" წევრების, ან „მინისტრების" განცხადებებში პირდაპირი ზეწოლა არ ჩანს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ზეწოლა სერიოზულია.
„დაფინანსების შეწყვეტა გამორიცხულია, რადგან აჯანყება მოხდება. აფხაზებში მკაფიო განცდაა, რომ ეს არის საფასური, რომელსაც რუსული ბაზების გამო იხდიან. ანუ ამბობენ, ამ ფულს ნუ გვამადლიანო. ბევრი აფხაზი ამბობს, თუ დაფინანსებას შეწყვეტენ, მაშინ ბაზები წაიყვანონო, რუსებისთვის კი ამის გაკეთება უფრო რთულია, რადგან თითქოს „საქართველოსგან იცავენ" ოკუპირებულ აფხაზეთს.
„თუ ოფიციალური თბილისი მკაფიოდ და ცალსახად იტყვის, რომ მე მშვიდობიან პოლიტიკას ვახორციელებ, უფრო თამამად ილაპარაკებენ, რომ წაიღონ ბაზები. მაგრამ აფხაზებს განცდა არ აქვთ, რომ დაფინანსება დამადლებული და გადმოგდებული ძვალია. ეჭვი მეპარება მეც და აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტოს, ამით აფხაზეთს დაკარგავს, რადგან ისინი იძულებულები გახდებიან, რომ საქართველოს მიეკედლონ. მესამე ალტერნატივა არაა", - განაცხადა მან.
ზაქარეიშვილის თქმით, კანონპრექტის მიხედვით, 30 ათას აპარტამენტზეა საუბარი, რაც საშუალოდ ასიათასამდე ადამიანის ჩასახლებას გულისხმობს. ამბობს, რომ არაა გამორიცხული, რომ ასეთი საზოგადოებრიუვი წინააღმდეგობის ფონზე ან აპარტამენტების რაოდენობა შეამცირონ, ან სულაც არ მიიღონ კანონი.
„30 ათას აპარტამენტზეა საუბარი, თავისუფლად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ბინაში მინიმუმ სამი ადამიანი მაინც იცხოვრებს, ეს კი დაახლოებით 90 ათასი ადამიანია თუ მეტი არა. აფხაზები გაბრაზებულები არიან იმაზე, რომ ამის მაგივრად სასტუმროებს არ აშენებენ. ხალხი დროებით ჩამოვიდეს, დაისვენოს და წავიდესო. აპარტამენტებს კი საკუთრებაში იღებენ და თუ რუსები იცხოვრებენ მოქალაქეობას მოითხოვენ. მათი კანონმდებლობით, ბავშვი, რომელიც იქ დაიბადება, მოქალაქეობას ავტომატურად იღებს, ამაში აფხაზები საფრთხეს ხედავენ, როგორც მყისიერს, ისე გრძელვადიანს - 20-30 წელიწადში ეს ბავშვები გაიზრდებიან და აფხაზებისგან არაფერი აღარ დარჩებაო.
„საბოლოო ჯამში ალბათ რაღაცეები შემცირდება, შესაძლოა აპარტამენტები 10 ათასამდე ჩამოიყვანონ და შეიძლება რაღაც ფორმით მიიღონ. არ გამოვრიცხავ, რომ სულაც არ მიიღონ, მით უმეტეს ეს უკრაინის ომის ფონზე ხდება - თუ რუსეთი უკრაინაში სერიოზულად დასუსტდება, მაშინ აფხაზეთისაკენ უფრო მეტი გაბრაზებული რუსი წამოვა, რომ ბინა უფრო იაფად იყიდოს და იცხოვროს, თუმცა სუსტი რუსეთი აფხაზებს ხელებს ვეღარ მოუგრეხს, ამიტომ, აფხაზებიც დროს წელავენ, რათა ნახონ უკრაინაში ომი როგორ დასრულდება, რომ მერე უფრო თამამად მოიქცენ," - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე