თამთა ჩაჩანიძე
(28.07.2023)

15 წლის შემდეგ, სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ რვა ადამიანი დააკავა, ორის მიმართ კი ძებნა გამოაცხადა. ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ როგორც პროცედურული, ისე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და წინა ხელისუფლების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. საქმეზე ეჭვმიტანილები არიან ენმ-ს დროს არსებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) თანამშრომლები.

„რეზონანსმა" 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე ჟურნალისტური გამოძიება ამავე წლის სექტემბრის ნომერში პირველმა გამოაქვეყნა, ამავე ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ომიდან დაბრუნებული ქართველი ჯარისკაცი - უფროსი სერჟანტი როინ (რომა) შავაძე 16 აგვისტოს ბათუმში ნიღბიანმა სპეცნაზელებმა დააკავეს. შავაძის ცხედარი იმავე დღეს, გვიან საღამოს, ბათუმის საავადმყოფოს პროზექტურიდან სახლში მიასვენეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა როგორც სტატიაშია აღნიშნული, ოფიციალურ სტრუქტურებს მაშინ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამასთან, „რეზონანსმა" გამოაქვეყნა როგორც როინ შავაძის მეუღლის, ციცინო შავაძის მონათხრობი, ასევე იმ ექიმის ჩვენება, რომელმაც, ოჯახის თხოვნით, ცხედარი დაათვალიერა. ექიმი დაწვრილებით აღწერს უმძიმეს დაზიანებებს, რომლებიც შავაძეს ჰქონდა მიყენებული მთელ სხეულზე. ექიმის თქმით: „დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი. ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი - შორიდან. ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხრილული".

ამ ფაქტზე მაშინდელმა სახალხო დამცველმა საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო ორგანიზაციები. სოზარ სუბარი აცხადებდა: „ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ როინ შავაძე არის სასტიკად ნაწამები და, ამავე დროს, აქვს ნატყვიარები. მართალია, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ხელთ არა გვაქვს, მაგრამ დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის მოკლული და ნასროლი აქვს წინა მხრიდან."

„რეზონანსი" წერდა, რომ სამართალდამცავები პირად საუბრებში შავაძის ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაკავებაზე საუბრობდნენ, რასაც მისი მეუღლე გამორიცხავდა. მაშინ „რეზონანსთან" აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ განაცხადა, „თითქოს, ეჭვი მიიტანეს, რომ შავაძე მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობდა. ის დააპატიმრეს და თბილისში გადაყვანის დროს, გაქცევის მცდელობისას დაიღუპა".

როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს: 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა);

147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია); 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით).

15 წლის შემდეგ, 2023 წლის 28 ივლისს პროკურატურამ 2008 წლის 16 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის ქრონოლოგია ასე დაალაგა:

„2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან" თანამშრომლობდა;

„მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა;

„იმავე დღეს კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ;

„როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

„სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას;

„ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ;

„ქობულეთის და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა;

„გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა;

„გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად."

პროკურატურის განცხადებით, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა ყალბი ვერსია შეიმუშავეს.

„უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან" შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა," - წერს პროკურატურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე