პარასკევს „ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დაასახელა. რასაც კიდევ ერთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ნიკა მელიას მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ პარტიაში პრინციპულობას ფასი არ ჰქონია.
ანალიტიკოსები, რომლებსაც „რეზონანსი" ესაუბრა, ჭიაბერაშვილის საგარეო საკითხების ფლანგზე დაბრუნებას დადებითად აფასებენ, ფიქრობენ, რომ როგორც გამოცდილი დიპლომატი ის სავარაუდოდ პარტიას გააძლიერებს.
„დღეს რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში", მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა. ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით?! (აქ სახელები პირობითია და მოვლენების საილუტრაციოდ არის მოყვანილი, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება). რა მნიშვნელობა აქვს, მანამდე რა ხდებოდა... ჰოდა, მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი, მაშინ თუ ახლა", - წერს „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
აქ მელია იმ გარემოებას იხსენებს, რომ თავის დროზე ჭიაბერაშვილმა, სხვა ბევრ კოლეგასთან ერთად, ენმ-ს უგანა და გიგა ბოკერიას მიერ დაარსებულ „ევროპულ საქართველოში" გადაბარგდა.
როგორც ჩანს, ჭიაბერაშვილით არც „ევროპული საქართველოა" კმაყოფილი, რომელიც მან დიდი ხნის წინ დატოვა. თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც მწვავე განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა, ეს პოსტი მიუძღვნა ენმ-ის ახალ საგარეო მდივანს ფეისბუქზე:
„აი, ასე გამოიყურება უპასუხისმგებლო, არაანგარიშვალდებული, ოლიგარქის მარიონეტი, კორუმპირებული პოლიტიკოსი (გული მერევა, ამ გადმოსახედიდან, საათის ინციდენტი რომ მახსენდება) და ისინი უნდა გადაშენდნენ.
ვერასოდეს, ვერასოდეს მოუგებენ ეს უნიჭო გახრწნილები ბიძინას გახრწნილებაში (ამას საკუთარი კვლევებიც უდასტურებს, რასაც მალავენ).
(სინამდვილეში, „ახალგაზრდებისთვის გზის დათმობა" ევფემიზმი იყო, რომ პატიოსანი და კვალიფიციური პოლიტიკოსი ბინძური პოლიტიკიდან გაეწიათ, სანაცვლოდ, ალიექსპრესის ოლიგარქს უნიჭო და უმაქნისი პოლიტიკოსები და მათი ოჯახები დაეპურებინა, ზოგისთვის - ბავშვების სწავლა დაეფინანსებინა, ზოგი ფორმულაში დაესაქმებინა და ა. შ. შედეგად პარტიის ჰოსტილე ტაკეოვერ მომხდარიყო, უმეცარი ოლიგარქის დამჯერი ვაშაძისთვის მიეერთებინათ, და ეს ყველაფერი ბოლოს მიშას ფეხებთან აღმოჩენილიყო)."
მიუხედავად ამისა, ენმ-ის ახალი ხელმძღვანელობა მის მიმართ დითირამბებს არ იშურებს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმის" გაძლიერების პარალელურად, ძლიერდება პარტია „ნაციონალური მოძრაობა" ჭიაბერაშვილის მეშვეობით. თავად ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფოკუსირებული იქნება სამ მნიშვნელოვან საკითხზე.
„მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელსაც წინ ეღობება „ქართული ოცნება". პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის მთავარი წინაღობა ამ გზაზე. ამიტომ ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და, ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა. კიდევ ერთი საკითხია უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა. გამარჯვების შემდეგ უკრაინა იქნება ლიდერი და გამწევი ძალა, რათა მოხდეს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
საერთაშორისო ურიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა და ყველაფერი შეთანხმებით უნდა დასრულდეს.
„ახლა უთანხმოება არის პარტიის სტრატეგიასა და ტქტიკას შორის, და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნიკას მხრიდან კრიტიკა გაისმა. მე ასე მგონია, რომ ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის პოზიციები და უნდა შეხვდნენ ერთმანეთს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესები საბოლოოდ პარტიას ჩიხში შეიყვანს.
„რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს? ჩემი ღრმა რწმენით მხოლოდ ერთი რამ: „ნაციონალური მოძრაობის" როგორც პოლიტიკური პარტიის დასუსტება და მისთვის პოლიტიკური რეპუტაციული და ელექტორალური ზიანის მიყენება. რაც აუცილებლად აისახება მის შედეგებზე მომავალ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. იმიტომ რომ როდესაც პარტიაში იწყება ისეთი პროცესები რაც ახლა ხდება, ძველი „ნაციონალების" უკან შესრუტვას და იქ კიდევ ნიკანორ მელიას მიერ შიგნიდან სიტუაციის არევას - ამას ხომ უყურებს „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი და ბუნებრივია, მას აქედან დადებითი შთაბეჭდილებები ნამდვილად არ დარჩება.
„და მეორეც, ნიკა მელია რომ ახსენებს კონკრეტულ გვარებს, ეს ნიშნავს, რომ მის უკან დგას რაღაც გარკვეული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ფუქნციონერების, რომლებიც ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ შეიძლება ასე ითქვას ბორდს მიღმა აღმოჩნდა, ანუ ისინი განყენებული იქნენ პარტიული ცხოვრებისგან, გადაწყვეტილების მიღებისგან და ბუნებრივია ისე, როგორც ნიკა მელია, თავს განაწყენებულად და დაჩაგრულად გრძნობენ. მელია არის ამ წყენების და ამ განწყობების მთავარი გამხმოვანებელი. როდემდე გასტანს ეს პროცესი, მე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიტუაცია მიდის იქითკენ, რომ ალბათ ვერ მოითმენს „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი ხელისუფლება ასეთ მდგომარეობას და გადაწყვეტილების მიღების დრო სავარაუდოდ ისევ შემოდგომაზე დადგება, როდესაც წესით უნდა დასრულდეს გაერთიანებების თუ კოალიციების შექმნის პროცესი.
რაც შეეხება, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ის იყო სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე. ალბათ აქედან გამომდინარე მოაბრუნეს „ნაციონალურ მოძრაობაში" ან თვითონ მიბრუნდა. გასაგებია, მისი სურვილის გარეშე ვერავინ მას „ნაცხიონალურ მოძრაობაში" ვერ დაუძახებდა. როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც ხატია დეკანოიძე, რომელიც იყო პასუხისმგებელი საერთაშორისო ფლანგზე და ის წავიდა „ნაციონალებიდან" მათ დასჭირდათ ამ ფლანგის გაძლიერება და მოიყვანეს ისეთი ადამიანი ჭიაბერაშვილის სახით, რომელსაც რაღაცა საერთაშორისო კონტაქტები გააჩნია," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე