ქართულ პოლიტიკურ ველზე უკვე გაჩნდა გარკვეული მონახაზები, როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას. დღეის მოცემულობით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ მხოლოდ „ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობასა" და ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ კულისებშია - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" მომავალ არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა პერსპექტივებზე გაესაუბრა.
„რეზონანსი": ოპოზიციაში გადაჯგუფების სეზონი დაიწყო. პირველი ალიანსი შედგა „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილსა და „სტრატეგია აღმაშენებელს" შორის, რომლის „გამარჯვების პლაფორმას" არ იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიები. თქვენ როგორ ხედავთ მომავალი ალიანსების კონტურებს?
იგორ კვესელავა: ალიანსებზე საუბარი ნაადრევია, ეს პროცესი აქტიურ სახეს მიიღებს შემოდგომაზე. რაც შეეხება პირველ შეთანხმებას ამ ორ პარტიას შორის, ეს შეიძლება, დროებითიც იყოს, თუმცა სწორად გადადგმული ნაბიჯია. ჯერ პროცესი პოლიტიკურ ქვაბში იხარშება და შეიძლება, მათი ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს. დღეის მოცემულობით, ბარიერის გადალახვის შანსი აქვს ნაცმოძრაობას, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ, ვაშაძის გარდა, სხვა პარტიებიც შეუერთდნენ.
„რ": „ლელო" ახალ ალტერნატიულ ცენტრს ქმნის და კონსულტაციებს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან მართავს, რომლებსაც არც „ქართული ოცნება" უნდათ და არც - ნაცმოძრაობა. გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აპირებენ გაერთიანებას.
ი.კ: „ლელოს" აქვს შანსი, დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებში, ამიტომ მასთან ერთად შეიძლება, ალიანსი შეკრან სხვა პოლიტიკურმა ძალებმა, თუნდაც „ევროპულმა საქართველომ". რაც შეეხება გახარიას, დარწმუნებული ვარ, რომ ის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. გახარია იმიტომ არ წასულა მთავრობიდან, რომ ქუჩაში დარჩეს ან ტრამვაით ისეირნოს. ის თავის დროს ელოდება, თანაც შეუძლია, სხვისი დახმარების გარეშე გავიდეს არჩევნებზე და გადალახოს 5%-იანი ბარიერი. არ გამოვრიცხავ, რომ ახალი ძალა, რომელიც გამოჩნდება, სწორედ გახარიასთან მოძებნის ალიანსს. გახარია არ იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ის იბრძვის კოალიციური მთავრობის შექმნისთვის.
რაც შეეხება სხვა პატარა პარტიებს, არავის აქვს შანსი, ცალკე გავიდეს, ამიტომ მოუწევთ, ეძებონ კავშირები. ამ არჩევნებში მოქმედი პარტიებიდან გოლის გატანა შეუძლიათ მხოლოდ „ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას".
„რ": გიორგი მარგველაშვილის მომავალს როგორ ხედავთ ენმ-ში? პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია, სერიოზული როლი ითამაშოს მომავალ არჩევნებში.
ი.კ: მას ჯერ პარტიიდან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია და ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური თამაშია. მარგველაშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ ამომრჩეველი მიიზიდოს. ასეთი ცოცხალმკვდარი პოლიტიკოსები ბევრი გვყავს, ყოფილმა პრეზიდენტმა ვის რა პროცენტი უნდა მისცეს?!
არჩევნების მსვლელობაში სერიოზული როლის შეტანა შეუძლია მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არც „ოცნების" მხარეს იქნება და არც - ენმ-ის. ის, დიდი ალბათობით, ახალი პოლიტიკური ძალის გვერდით დადგება, რომელიც ჯერ კულისებშია და დიდი შანსი აქვს, გადალახოს 5%-იანი ბარიერი.
ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდება საზოგადოება. ამომრჩეველი გაიზარდა და მას ვეღარ მოატყუებ, განსაკუთრებით გააქტიურდა ახალგაზრდობა. ახალი პოლიტიკური ძალის პროგრამა ძირითადად სოციალურ პრობლემებზე უნდა იყოს აგებული, რადგან ხალხი დაძაბულია. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხს გადაგიწყვეტთო, ამას არავინ დაუჯერებს. გლეხი იქნება თუ პროფესორი, ყველასთვის მთავარი არის სოციალური პრობლემების მოგვარება.
„რ": ნიკა მელია ენმ-ისა და „სტრატეგია აღმაშენებლის" ალიანსს აკრიტიკებს, ამბობს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა და ვაშაძის ინტეგრირება ენმ-ში მერაბიშვილისა და კეზერაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა. მან პარტიის შეურაცხყოფა უწოდა ენმ-ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვაშაძის განხილვას. დატოვებს პარტიას მელია?
ი.კ: არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ახალი პარტიის შექმნის დრო აღარ არის. დატოვებს თუ არა ენმ-ს მელია, ვერ გეტყვით, მაგრამ ხაბეიშვილის, ვაშაძისა და მელიას თანამშრომლობა არ გამოვა. მე უფრო მელიასა და გვარამიას დუეტს ვხედავ.
„რ": „ქართული ოცნების" პოლიტიკურ მომავალს როგორ ხედავთ?
ი.კ: „ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებში თავისი რესურსი უკვე განსაზღვრული აქვს, ნული რესურსით კი არ შედის არჩევნებში, 8-10% უკვე აქვს ადმინისტრაციული რესურსის სახით. ბიძინას პიროვნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, იმუშავებს, „ქართულ ოცნებას" მის გარდა ვერავინ გადაარჩენს, „ოცნების" დამარცხება კი ბიძინას განადგურება იქნება.
ზუსტად ასევე ნაცმოძრაობაში მთავარი მიხეილ სააკაშვილია - თავისი ჩამოსვლით მან ნაცმოძრაობა დაშლას გადაარჩინა. სააკაშვილი უკვე აქტიურად არის ჩართული პროცესში, ერთს იტყვის და ლოზუნგი ხდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე