ნაზი ბერიძე
(27.07.2023)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამასთან, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯები მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერით ხდება.

ზუაბიშვილის განცხადებით, ეს რუსეთის უკანონო ქმედებაა და საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს.

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

26 ივლისს გადაწყდა რომ სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს 49 წლით გადაეცემა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ (ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა ) მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათშორისი შეთანხმების რატიფიკაციას, რამაც გზა გაუხსნა რუსულ კომპანიებს იურიდიულ პირებს 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის აეროპორტი.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აეროპორტის აღდგენას პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის ადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის.

მოსკოვსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება შეშფოთებას იწვევს თვით აფხაზურ საზოგადოებაშიც.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აფხაზეთი-რუსეთის ტანდემის ამ შეთანხმებას პროვოკაციულს უწოდებს.

„ერთი რამ ნათელია - აეროპორტი დღეს ისეთი ინფრასტრუქტურული რამ არის, რომლის ექსპლუატაციაში გამოყენებაც შეუძლებელია საერთაშორისო კონტაქტების, კავშირების და ა.შ. გარეშე.

„ამიტომ ეს ნაბიჯი მგონია ამ თვალსაზრისით წარმოადგენს პროვოკაციულს, იმიტომ, რომ აფხაზეთის ტერიტორია არის ოკუპირებული, რუსეთს აქვს ვალდებულება რომ იქედან ჯარი გაიყვანოს, დეოკუპაცია მოახდინოს და ამას არ აკეთებს ეს არის მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ზონა.

„აქედან გამომდინარე, მისი ნორმალურად ფუნქციონირება შეუძლებელია, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე - „იკაოს" გარეშე უბრალოდ ვერ განახორციელებს ფრენებს, ამიტომაც ეს ნაბიჯი არის ელემენტარულად პროვოკაციული ნაბიჯი.

„პროვოკაციულია იმიტომ რომ ამ აეროპორტის ადმინისტრირება მისი საკუთრების განხორციელება და ფუნქციონირება შეუძლებელია იმ დონეზე, რა დონეზეც აფხაზეთია დღეს მთლიანად, როგორადაც ეს აეროპორტი არის სამართლებრივი თვალსაზრისით,

„ჩემთვის გაუგებარია ამან რა შედეგი შეიძლება მოიტანოს - დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, თუკი ის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს და ასეთ სიტუაციაში როგორც ეს აეროპორტია, შეუძლებელია იყოს ამგვარი მექანიზმი, მას უბრალოდ ნორმალური რეალური სტატუსი არ გააჩნია, არც შეიძლება ჰქონდეს.

„ეს შეთანხმება ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის, ეს აფხაზეთის ეგრედ წოდებული ხელისუფლების და რუსეთის გარკვეული ოლიგარქული ამბავია, ან პოლიტიკური წრეების გარკვეული ფიგურებისთვის წარმოადგენს მანიპულაციის ობიექტს" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე