„ოცნების" ყოფილი წევრები ალტერნატიულ ცენტრს ქმნიან და როგორც ცნობილი ხდება, პირველ რიგში იმ ადამიანებთან მიდის კონსულტაციები, ვინც თავის დროზე მმართველი პარტიიდან წავიდა. ჯერჯერობით უცნობია ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მათთან ალიანსზე რას ფიქრობს, თუმცა, როგორც „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ თქვა, „გახარიასთან საუბარი არ უჭირს".
როგორც ანალიტიკოსები გვეუბნებიან, თუ „ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკების ცენტრი, გახარიასგან ცალკე ჩამოყალიბდა, დიდი პერსპექტივა არ აქვს და 5%-იანი ბარიერის გადალახვასაც სკეპტიკურად უყურებენ.
ანალიტიკოსები აქვე დასძენენ, რომ თუ ეს ჯგუფი, პარტია „საქართველოსთვის" ალიანსში იქნება ბარიერის დაძლევის პრობლემა მოეხსნებათ, თუმცა დღეის პოზიციით, გიორგი გახარიას ეს არ აწყობს.
თავად გიორგი გახარიამ 2024 წლის არჩევნებისთვის საკუთარი ფორმულა წამოაყენა, რომ „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ"ერთად, 50% ვერ უნდა აიღოს, თუმცა რეალურად ეს როგორ მოხერხდება არ გაუხმოვანებია.
ყოფილი პრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ ყოველგვარი გაერთიანება, რაზეც ახლა მიდის საუბარი, პარტიული იდენტობის დაკარგვას გულისხმობს და მათთვის არ არსებობს მსგავსი სცენარი - პარტიული გაერთიანება.
რას აპირებენ „ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკები
როგორც „სამართლიანობის" ლიდერმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, მისი პარტიის შექმნის იდეა იყო, ამომრჩეველს 2024 წელს კიდევ ერთი ალტერნატივა ჰქონდეს და ეს ალტერნატივა დაეფუძნოს, მათ შორის, „ქართული ოცნების" იდეასთან მდგომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის გამოცდილება აქვთ, რომლებიც თავის დროზე სწორედ იდეის ირგვლივ შეიკრიბნენ და რომლებთანაც საუბრები, ბოლო თვეებია, სხვადახვა ფორმატში მიმდინარეობს.
შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა მათ შორის მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე საუბრები დაიწყო სწორედ მათთან და იმ ადამიანებთან, რომლებმაც თავის დროზე „ქართული ოცნება" დატოვეს.
შეკითხვაზე, შესთავაზა თუ არა გიორგი გახარიას, რომ „ქართული ოცნებიდან" წასულ ყველა პოლიტიკოსს ერთიანი პლატფორმით მიეღოთ მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, თუმცა გიორგი გახარიასთან თანამშრომლობა თავის დროზეც ჰქონდა, როცა ერთ გუნდში იყვნენ, მასთან საუბარი ნამდვილად არ უჭირს და ისინი სხვადასხვა თემაზე საუბრობენ.
მისი თქმით, პარტია „სამართლიანობისთვის" ამომრჩეველს არც „ქართული ოცნების" მართვის სტილი მოსწონს, არც „ნაციონალური მოძრაობა" უნდა და უნდა რაღაც სხვა.
„ის სხვა მასთან ახლოს უნდა იყოს და ასეთი ახლოს მდგომი, იდეით და ღირებულებებით ალბათ სწორედ ისეთი ალტერნატივა იქნება, რომელიც თავის დროზე მათთვის იყო მიმზიდველი. ამიტომ, ვფიქრობთ, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ეს მე რეალურ პროექტად მიმაჩნია და რეალურ შესაძლებლობად დავინახე", - განაცხადა ბესელიამ პირველ არხთან.
ამას გამოხმაურება ჰქონდა გახარიას პარტიიდან, როგორც „საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშილი აცხადებს, ყოველგვარი გაერთიანება, რაზეც ახლა მიდის საუბარი, გულისხმობს პარტიული იდენტობის დაკარგვას.
„ჩვენ ძალიან ბევრი გველაპარაკება და როცა დრო მოვა, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაციები გვექნება, მანამდე კი ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადია. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენთვის არ არსებობს მსგავსი სცენარი - პარტიული გაერთიანება.
„ყოველგვარი გაერთიანება, რაზეც ახლა მიდის საუბარი, გულისხმობს პარტიული იდენტობის დაკარგვას და ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ასეთი ქმედება. ხშირ შემთხვევაში, გასაგებია ეს ქმედება და პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ, როგორც ჩანს, ამ პარტიებს ხელი აქვთ ჩაქნეული, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი მხარდაჭერის ზრდას და ახლა ცდილობენ, სხვა პარტიების მხარდაჭერით, დახმარებით თუ გაერთიანებით მთავარ ამოცანას კი არ მოემსახურონ, რაც არის „ქართული ოცნების" დამარცხება და ოპოზიციაში გადაყვანა, არამედ, როგორც ჩანს, რაღაც თავიანთი ინტერესები აქვთ", - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის" საზოგადოებას შესთავაზა ცვლილებების კონკრეტული ფორმულა, რასაც შეიძლება, გახარიას ფორმულაც ეწოდოს, იმისთვის, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორულ ურთიერთობებზე დაფუძნებული ჩაკეტილი წრე დასრულდეს და ამ ორმა წარსულის ძალამ ქვეყანა წარსულში არ ჩატოვოს.
გახარიასთან ალიანსში თუ მის გარეშე
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, გახარიას პოზიცია, რომ არცერთ გაერთიანებასთან ალიანსში არ შევა, ბესელიას ინიციატივას უპერსპექტივოდ ტოვებს.
„გახარია ცალსახად აცხადებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, რომ ის არავისთან გაერთიანებას არ აპირებს და ცალკე გადის. რაც შეეხება ყოფილი „ოცნების" წევრთა მიერ ახალი ცენტრის შექნას, მეეჭვება, რომ მათ ისეთი ძალა ჩამოაყალიბონ, რომლისთვისაც დამოუკიდებლად 5%-იანი ბარიერის დაძლევა შესაძლებელია.
„ზოგადად პოლიტიკური ორგანიზაცია მხოლოდ მართველი ბირთვისგან არ შედგება, ასეთი გუნდი, რომ შეიკრას წარმოგიდგენიათ როგორი გამოვა? გენერალთა თავყრილობა იქნება და არჩევნებისთის ვინ უნდა იმუშაოს? ან რა მხარდაჭერა ექნება ასეთ ცენტრს?
„როცა ბესელიამ „ოცნება" დატოვა, მახსოვს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის მცდელობა ჰქონდა და მაშინ თემაც და თავადაც გაცილებით აქტუალური იყო, ვიდრე დღესაა და თუ მაშინ ვერ შეძლო, დღეს ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ამას როგორ შეძლებს? მე ასეთ თემას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ.
„სხვა თემაა თუ ეს ცენტრი შეიქმნება და მერე გახარიასთან შეკრავს ალიანსს. მაგრამ აქაც პრობლემაა, რადგან აქ პარლამენტის მანდატის მიღებაზე ყველას ექნება პრეტენზია. მაჟორიტარული არჩევნები, რომ იყოს, კიდევ სხვა საქმეა, მაგრამ სრიულიად პროპორციული სიის შედგენაც კი პრობლემა იქნება, ყველას გამსვლელ სიაში ყოფნა მოუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაერთიანდებიან.
„ყოფილი მაღალჩინოსნების დიდი იმედი არასდროს არ მქონია და არც ახლა მაქვს. ის ვერანაირ ელექტორატს ვერ წაიყვანს და ჩემი შეფასებით, ეს განწირული პოლიტიკური ძალაა", -განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც „რეზონანსთან" იგივეს ფიქრობს, რომ ამ ცენტრს გახარიას გარეშე ელექტორატი არ ეყოლება და ბარიერის დაძლევა გაუჭირდება.
„ჩემი აზრით, ბესელიას ცენტრს გახარიას გარეშე ელექტორატი ნამდვილად არ ეყოლება."ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ პარტია შექმნა და მან 1%-იც ვერ აიღო. მასში „ოცნებიდან" წასული წევრების უმრავესობა არ ყოფილა, მაგრამ სურათი რომ რეალურად დავხატოთ, ეს ადამიანები მაინცდამაინც დიდი რეიტინგით არ სარგებლობენ.
„ბესელია თუ ცენტრს სათავეში ჩაუდგა, მას სახელი აქვს გატეხილი პირველ რიგში იმ კუთხით, რომ პოლიტპატიმრების სიაში ძალიან ბევრი ის ძველი კრიმინალი ჩასვა, რომელიც ამ სტატუსს არ იმსახურებდა. აქედან გამომდინარე, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ამ ცენტრმა ბარიერი გადალახოს.
„რაც შეეხება გახარიასთან ალიანსს - ეს ბესელიამ კი არა, თავად გახარიამ უნდა შესთავაზოს. მას 20 ივნისის მოვლენები არ ეპატიება, თუმცა გვინდა არ გვინდა რეიტინგი აქვს და ბესელიას და „ოცნების" სხვა ყოფილი წევრების მხარდაჭერა ნამდვილად არ სჭირდება, მანვე განაცხადა, რომ მარტო იბრძოლებს.
„გახარიას „ოცნების" ყოფილი წევრები ისედაც ჰყავს და სხვები ნამდვილად არ აწყობს, რადგან მგონია, რომ ისევ ის რეიტინგი ექნება და იძულებული იქნება ალიანსში მყოფი წევრები სიაში მოაქციოს, რაც არ აწყობს. მგონია, რომ თუ ბესელიამ გახარიას თანამშრომლობა შესთავაზა, გახარია არ დათანხმდება. თავად გახარიასგან შეთავაზება კი ნაკლებსავარაუდოა.
„ჩემი აზრით, გახარიას გარდა, „ოცნების" ყოფილმა წევრებმა ცენტრი, რომც შექმნან, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე