გახარია სურვილით ლაპარაკობს და არა კალკულაციით, არ დაუთვლია, უბრალოდ უნდა, რომ ასე იყოს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას, სადაც ამბობს, რომ „ნაცებმა" და „ქოცებმა" ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ".
როგორც საყვარელიძე ამბობს, ყოფილი პრემიერის განცხადება ლოგიკას მოკლებულია, რადგან „ოპოზიციისთვის სასარგებლო" გამოკითხვებშიც კი გახარია საერთოდ დაკარგულია.
„ჩვენს პოლიტიკაში სურვილებით ლაპარაკობენ და არა კალკულაციით, გახარიამ რა დაითვალა ასეთი, რომ ეგ შედეგი მიიღო? არ დაუთვლია, უბრალოდ უნდა, რომ ასე იყოს.
„ძალიან ხშირად, როცა გამოკითხვას ის ჯგუფები ატარებენ, რომლებიც ცდილობენ-ხოლმე, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყვანონ, მათი შედეგებიც კი ოპოზიციის სასარგებლო არაა. რაც დრო გადის, ასეთ გამოკითხვებში მესამე წერტილის პარტიები (წერტილის და არა ძალის, იმიტომ, რომ მათ ძალა არ აქვთ), რომლებიც თავს არცერთ პოლუსს არ აკუთვნებენ, მათ შორის გახარიაც, რეიტინგებში საერთოდ დაკარგულები არიან და არ ჩანან.
„როცა გახარიამ „ოცნების" რიგები დატოვა, მაღალი რეიტინგით სარგებლობდა, რადგან ხალხს მის მიმართ დიდი მოლოდინი ჰქონდა, მერე ნელ-ნელა ჩაქრა, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში გახარია იყო. ამ შედეგის გამო კი მის რეიტინგში რაიმე კარდინალურ ცვლილებებს არ ველოდები.
„ერთი მიზეზიცაა, მის რეიტინგში ცვლილებებს რატომაც არ ველოდები - ხშირად მათი განცხადების იქით ლოგიკა არ იკითხება. ასეთი ლოგიკიდან ამოვარდნილი განცხადებები რომ აქვთ და ლოგიკიდან ამოვარდნილ პოლიტიკას აწარმოებენ, რაც „ოცნების" შემთხვევაში იშვიათია, ესეც სამწუხაროდ ქართული ოპოზიციური პარტიების შანსს ამცირებს. გახარიას ეს განცხადებაც ლოგიკიდან ამოვარდნილია, რადგან ფაქტები, რომლებიც სურათს ცხადს გახდიდა, არ არსებობს.
„ოცნებამ" ბარიერი რომ დაწიოს, პარტიებისთვის სირცხვილი იქნება, შერცხვებათ თუ არა - ეს სხვა საკითხია. დაახლოებით ის მდგომარეობა შეიქმნება, როცა აბიტურიენტებმა პროტესტის ნიშნად ქუჩებში ლეიბები გამოიტანეს და დაწვნენ, რომ ორები მივიღეთ, მაგრამ ქულები დაგვიწიეთო და მერე თავმოყვარეობამ გაიმარჯვა. აქაც თავმოყვარეობა თუ გაიმარჯვებს, 5% უნდა დარჩეს, თუმცა ამ პოლიტიკური სპექტრისთვის საკმაოდ მაღალი ბარიერი იქნება. გახარია მასზე გადახტომას მოახერხებს თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ მას პროდუქტიული, შინაარსიანი, საინტერესო პროგრამები ექნება და პროფესიონალები ეყოლება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის პარლამენტშიც.
„ამ ორმა, ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. კი არ უნდა გაქრნენ, არა, უნდა იყვნენ, უბრალოდ 50% ვერ უნდა გადალახონ. საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ გააკეთონ არჩევანი „ნაცსა" და „ოცნებას" შორის. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვს „ნაცი" როგორ ძალადობდა ფიზიკურად და კარგად ხედავს დღეს „ოცნება" როგორ ძალადობს ფსიქოლოგიურად. ადამიანმა არჩევანი ხომ დაიმსახურა? ახლა ფაქტობრივად არჩევანი არ არსებობს. არსებობს ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც გაშინებს და გაშანტაჟებს ფიზიკური მოძალადით. მერე გამოვლენ და გეტყვიან ღირსებაზე რამეს. ღირსებაა ეს? ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს სხვაგან და სხვა დროს, შეიძლება კომპრომისებზე გვეფიქრა. წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია. ამიტომ ეგრე ვეღარ იქნება", - განაცხადა გახარიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე