წინაასაარჩევნოდ, არ არის გამორიცხული, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ცნეტრი შეიქმნას. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ოპოზიცია თავისკენ მიიმხროს, თუმცა ჯერჯერობით მათთან თანამშრომლობაზე ოფიციალურად გიორგი ვაშაძემ განაცხადა თანხმობა. სხვა პატარა პარტიები ჯერ თავს იკავებენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ „ლელო“ ახალი ძალის შექმნას თავად აპირებს და პარტიებს აქეთ ეპატიჟება. საუბარია ასევე იმაზე, რომ შესაძლოა ყოფილი „ოცნების“ წევრები გიორგი გახარიას გარშემო გაერთიანდნენ.
პარლამენტის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ვაშაძემ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანების შემდეგ ჯგუფი უნდა დატოვოს.
„გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ გახდეს ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“, ლოგიკურ გაგრძელებას ითხოვს, რაც ნიშნავს ჯგუფის დატოვებას. რადგან ჯგუფში უმრავლესობას გვაქვს განსხვავებული პოზიცია და არ ვაპირებთ ამ ცენტრის ნაწილად ყოფნას. თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ და ვაპირებთ კიდევ თანამშრომლობას. გაერთიანებები კიდევ მოხდება, ჯერ პროცესია და დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ ვიხილავთ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კარი, რომლის შექმნასაც „ლელო“ აანონსებს, ყველასთვის ღიაა.
„2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოება ელოდება და ითხოვს რეალურ, ძლიერ ალტერნატივას, როგორც მოქმედი, ასევე წარსული ხელისუფლებისგან. განსხვავებულს, ძლიერს, ახალს, რომელსაც შეუძლია მართოს ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება საზოგადოებისთვის იქნება სწორედ რეალური ალტერნატივა და ეს შეთავაზება არის ღია,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ორი არჩევანი არ უნდა დავუტოვოთ ამომრჩეველს, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ის, რაც, მგონი, ყველამ გავიგეთ, ამიტომ ახლა რა მიმართულებითაც გვექნება კონსულტაციები, რაც გვაქვს, არის ის, რომ ამომრჩეველს სხვა არჩევანი ჰქონდეს, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბების იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და აღნიშნა, რომ კონსულტაციები აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან.
შეკითხვაზე, გიორგი გახარიას მხრიდან არის თუ არა მზადყოფნა ერთობაზე, ბესელიამ განაცხადა:
„ჩვენ არ ვიცით, რა ფორმა შეიძლება, ჰქონდეს მომავალში ამ დიალოგს და ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. ჯერ ვსაუბრობთ იდეაზე ბევრ სხვადასხვა ადამიანთან, ვისთანაც ბევრი საერთო გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა. მათთანაც ვსაუბრობთ, ვინც არ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვისთან“, – განაცხადა ბესელიამ, რომელიც არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციამ გაკვეთილი წინა გამოცდილებიდან ისწავლა, ე.წ. ფანჩატურის გაერთიანების შემდეგ ნახეს, რომ ამომრჩეველმა ისინი, დამოუკიდებლე მოთამაშეებად აღარ აღიქვა. მაშინვე მათი აფილირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოხდა, რამაც პატარა პარტიები ძალიან დააზიანა.
„მცირე პარტიებს უკვე დაშვებული შეცდომის გამეორება აღარ უნდათ. ახლა ცდილობენ, რომ ფონს საკუთარი ძალებით გავიდნენ. თუმცა ახლა ზაფხულის პერიოდია და არც ის არის გამორიცხული, რომ მაინც შემოდგომას ელოდებიან და ვნახოთ, შესაძლოა რაღაცა კორექტირება შევიდეს. მითუმეტეს თუკი ბარიერმა 5%-ზე ქვემოთ არ დაიწია, მაშინ გადალაგება საჭირო იქნება. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მის გარშემო ყოფილი „ოცნების“ წევრებისა და ჩინოვნიკების შემოკრებას, ამას ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ. მგონია, რომ რაიმე სერიოზული პოლიტიკური გაერთიანება აქედან არ გამოვა.
„რაში სჭირდება გიორგი გახარიას პარტიაში ცნობადი, მაგრამ ისეთი სახეები, რომლებიც ელექტორალურად არაფერს წარმოადგენენ, არა აქვთ საზოგადოებაში მხარდაჭერა და პარტიას არაფერს მისცემენ?! „ოცნების“ ყოფილი წევრებიდან, რომელიც ელექტორალურად რაიმე ღირებლებას წარმოადგენდეს, მე ვერ ვხედავ ასეთ ფიგურას. თუ გახარია ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. თუნდაც ეკა ბესელიას მიღებით, პარტიას არაფერი შეემატება. ის არის ცნობადი სახე, მაგრამ მის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს“, - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას, ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ის თავისი ახალი სპიკერის მეშვეობით უკვე აქტიურად არის ჩართული, პოლიტიკური გეგმები უკვე გაამჟღავნა და მზადაა, კვლავ ყველას დაელაპარაკოს და ითანამშრომლოს.
„სააკაშვილი ისევ იმ რეალობაში ცხოვრობს და ჰგონია, რომ კვლავ ლიდერია და მთელს ოპოზიციას მის გარშემო გაერთიანება უნდა. კვლავ ნირვანაში იმყოფება და კეთილგონიერების საზღვრებსაც სცილდება. არ არის დღეს სააკაშვილი ის ფიგურა, რომელიც მიზიდულობის ცენტრი იქნება. არ არის 2003 წელი, როცა მასთან ალიანსს ეძებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. ნაციონალურ მოძრაობას ახლა იმხელა პრობლემები აქვს, რომ მგონია, საშველი თავი აქეთ აქვთ. ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძის გარდა მათთან ალიანსში ყოფნა სხვას არავის უნდა. მათგან ყველა დისტანცირებას ცდილობს, რადგან ისინი გამარჯვების მოძრაობის წევრები არ არიან. პირიქით, პატარა პარტიებს აქეთ დააზიანებენ. რაც შეეხება „ლელოს“, მე პირადად ამ პოლიტიკურ პარტიაში დიდ პოტენციალს ვერ ვხედავ.
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ პარტიის სიძლიერის ერთ-ერთი განმაპირობებელი ლიდერები არიან. ვინ არიან „ლელოს“ ლიდერები? ხაზარაძის და ჯაფარიძის დუეტს საზოგადოებაში რა რეიტინგი და ავტორიტეტიც აქვს, ყველამ კარგად იცის. გარდა ამისა, სხვა პერსონები ვინც იქ არიან, არცერთი მათგანი საზოგადოებაში მაღალი ნდობით არ სარგებლობს. იგივე ავიღოთ დავით უსუფაშვილი, რომელმაც ვერ ილიდერა. თავისი პარტია დატოვა და „ლელოს“ მესამე თუ მეოთხე კაცად მიეწება. იქაც ვერ ილიდერა. არცერთ გამოკითხვაში ეს ლიდერები ე.წ. მოწონების რეიტინგშიც კი არ არიან. ამიტომ ეს პარტია სხვა ძალების მოზიდვას რა რესურსით აპირებს, ცოტა უცნაურია“, - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე