უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, შეძლებს თუ არა რუსეთი ეკონომიკური ბერკეტების მოპოვებას საქართველოზე და რა მექანიზმებით უნდა ავირიდოთ მოსალოდნელი პრობლემები? „რეზონანსი" ანალიტიკოსებს ესაუბრა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მონაცემებს 3-ჯერ აღემატება.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს „ქართული ოცნების" პოლიტიკის ნაწილია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისათვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.
„შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს არის, სამწუხაროდ, ბუნებრივი. ჩვენ რატომღაც გვაქვს განცდა რომ „ქართული ოცნება" არის ნორმალური მმართველი ძალა და ჩვენ მას რაღაცა უნდა შევახსენოთ, ვუკარნახოთ და რეკომენდაცია გავუწიოთ და როგორც კეთილშობილი ძალა „ქართული ოცნება" აუცილებლად ამას, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს, თუმცა ეს ასე არაა.
„ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის რას აკეთებს. სახელმწიფო მისთვის არის დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ ვგულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს ფეხბურთში - გვიხარია როდესაც მოიგებენ; რომ წააგებენ, გული გვწყდება, მაგრამ ქვეყანა არ იქცევა, სახლში წავალთ და დავიძინებთ გაბრაზებულები. არსებითად არაფერი არ იცვლება. მათთვის სახელმწიფო არის ნაკრების დონეზე: თუ მოიგებს - კარგია, თუ წააგებს - ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. ამიტომ მათ აწყობთ რუსული ბიზნესის განვითარება საქრთველოში, იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს მათი ხელისუფლების შენარჩუნებას. მათთვის კომფორტულია რასაც აკეთებს რუსული ბიზნესი დღეს საქართველოში, მაგრამ სახელმწიფოსთვის ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ ეს რუსული ბიზნესი მერე ძვირად დაგვიჯენს ყველაფერს.
„აი, მე სომხეთთან მაქვს მუდმივი კონტაქტები. როდესაც ანტირუსულად განწყობილი სომხები ამბობენ, რომ უნდა ჩაეხსნან რუსეთს, მეორე წინადადებაში ამბობენ, რომ მთელი სომხეთის ეკონომიკა დამოკიდებულია რუსეთზე და, შესაბამისად, შეუძლებელია რუსეთს ჩავეხსნათო.
„რუსეთისთვის ეკონომიკა, ბიზნესი და ვაჭრობა არ ნიშნავს მხოლოდ ვაჭრობას, ეს პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდება, როდესაც დასრულდება საომარი მოქმედებები. აღმოჩნდება, რომ საქართველო ისევ დარჩება რუსეთის გავლენების ქვეშ. უკრაინაში დამარცხებით რომ ავტომატურად რუსეთი მარცხდება საქართველოში - ასე არაა. მას კიდევ ექნება სურვილი, რომ შეინარჩუნოს გავლენები საქართველოზე და ამისთვის აქვს ისეთი მშვენიერი ბერკეტი, როგორიცაა „ქართული ოცნება", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში ხელისუფლების ჩარევა გაუმართლებელი იქნება და პრობლემის მოგვეარება მხოლოდ სამოქალაქო აქტივობითაა შესაძლებელი.
„ამ პროცესმა შეიძლება ისეთი სახე მიიღოს, რაზედაც დღეს არ გვიფიქრია. მაგალითად, თავის დროზე ბევრი ჩინელი შემოვიდა საქართველოში. თუ გახსოვთ მაღაზიები იყო ყოველ მეორე ქუჩაზე გახსნილი. მერე გაქრნენ ეს მაღაზიები, იმიტომ, რომ მომგებიანი არ იყო, არავინ არ შედიოდა. ანალოგიურად ნებისმიერ ბიზნეს შეიძლება ხელისუფლებამ ხელი არ ახლოს, მაგრამ მოსახლეობას ხომ აქვს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ ბიზნესის მიმართ.
„ჩვენ სულ ვიძახით, რომ სომხეთი მონოეთნიკური ქვეყანაა, იქ ლამის მხოლოდ სომხები ცხოვრობენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სომხეთის ხელისუფლებას რაიმე შემზღუდველი კანონი აქვს, არამედ იმიტომ, რომ უთქვამთ ჩემთვის ქართველ ბიზნესმენებს, რომ აი, გვინდოდა სომხეთში კომპანიის დაარსება, ფეხის მოკიდება და ისეთი პირობები შეგვიქმნა უკვე თვითონ იქაურმა მოსახლეობამ, ჩინოვნიკებმა და ბაზარმა, რომ მოგვიწია წამოსვლა.
„აი, ასეთი მექანიზმები არსებობს და ამ მექანიზმების ამუშავება მეჩვენება რეალური და საჭირო. იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებამ დაიწყო რუსული ბიზნესის შეზღუდვა, ხვალ რუსეთი რა ჭკუაზე დადგება და მოგთხოვს თუ არა პასუხს ჩემი მოქალაქეები რატომ შეზღუდეო, კაციშვილმა არ იცის.
„არასამთავრობოებს აღნიშნული პროცესის წინააღმდეგ შეუძლიათ კლიმატის შექმნა პიარ აქტივობით. მათ უფრო აქვთ ხელი გახსნილი. მოწოდება გააკეთონ, რომ არავინ არ შევიდეს ამ კომპანიებში. მათ მიერ გაცემული ინსტრუქცია უნდა მიიღონ მომხმარებლებმა და ა.შ., რაც მეტნაკლებად დაიცავს უკვე სახელმწიფოში სიტუაციას, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკად კი არ შეფასდეს, არამედ შეფასდეს მოქალაქეების პოზიციად და ამიტომ არ გაჩნდეს აგრესია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ.
„სამწუხარო ის არის, რომ ეს ტენდენცია და საფრთხე ახლა გაახსენდა ქართულ საზოგადოებას. ანალოგიური საფრთხე გაქვს თურქეთის მხრიდან, ირანის მხრიდან, არაბების მხრიდან. ერთხანს ბათუმში თურქულის გარდა სხვას ვერ გაიგებდით. ახლა რუსები არიან. ასე რომ, სულ იქნება ეს თემა და ეს არ არის მხოლოდ რუსული თემა. რუსების მოჭარბება ახლა ამ ზოგადი ტენდენციის ერთერთი გამოვლინებაა", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე