„ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 დარჩა შესასრულებელი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პუნქტების შინაარსი ბუნდოვანია. ერთი თვის წინ კი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყველა რეკომენდაცია, დეპოლარიზაციის გარდა, შესრულებული იყო, თუმცა ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, განსხვავებული შეფასებაა - სამი რეკომენდაცია სრულად შესრულებულია, 7-ში ნაწილობრივი პროგრესი გვაქვს, ორი კი არ შესრულებულა.
„როგორც „ოცნება" აცხადებს, სამი რეკომენდაციია, მათ შორის სასამართლო რეფორმა, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ევროკავშირიდან კონკრეტიკას საჭიროებს.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, „ოცნება" ითხოვს უფრო დააზუსტოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, თუ რა არის საჭირო ამ სამი პუნქტის შესრულებისთვის, თუმცა, აქ მთავარი ისაა, ევროკომისიის შუალედური შეფასება გაითვალისწინეს თუ არა, სადაც თქვეს, რომ შვიდ პუნქტს დამატებითი დამუშავება სჭირდება. თუ ეს არ იქნა გათვალისწინებული, შესაძლოა დასავლეთმა რეკომენდაციები შესრულებულად არ ჩათვალოს.
ამასთან დასძენენ, რომ შესაძლოა პოლიტიკური ფაქტორი იყოს გადამწყვეტი და კანდიდატის სტატუსი მოგვცენ დათქმებით.
რას ამბობს „ოცნება" და როგორ შეგვაფასა ევროკომისიამ
„ქართული ოცნების" თავჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა - რჩება სამი რეკომენდაცია, მათ შორის სასამართლო რეფორმა და დეოლიგარქიზაცია, რომელთან დაკავშირებითაც ევროკავშირისგან „კონკრეტიკაა საჭირო".
„ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს და ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით ჩვენ ამაში რა იგულისხმება. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თავიდან მოხდა უკრაინული კანონის კოპირება. მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო. გაგრძელდება დისკუსია. ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირი რას ფიქრობს.
„ვიდრე არ გვექნება ევროკავშირისგან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ არ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე და მესამე მანივალის რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერთი თვით ადრე, 22 ივნისს ევროკომისიამ შეაფასა, თუ როგორ მიდის საქართველოში 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული, ესენია:
გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ;
საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს („სტრასბურგის") გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება;
ახალი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ დანიშვნა.
საქართველოს ნაწილობრივი პროგრესი აქვს 7 სფეროში, ესენია:
პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირება და საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება;
მოწყვლადი ჯგუფების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება;
სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება;
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება.
ვარჰეის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაზე შეზღუდული პროგრესი აქვს, რაც შეეხება მე-12 პუნქტს, ევროკომისარის თქმით, საქართველოს მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოების პროცედურების სტანდარტების კუთხით პროგრესი არ ჰქონია. მან დეტალურად განიხილა თითოეულ პუნქტზე მიღწეული პროგრესი და საჭირო ზომები.
რის დაკონკრეტებას ითხოვს „ოცნება" და რას ჩაგვითვლის შესრულებულად დასავლეთი
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან"აცხადებს, „ოცნება" ითხოვს უფრო დააზუსტოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, თუ რა არის საჭირო დარჩენილი პუნქტების შესრულებისთვის. თუმცა, აქ მთავარი ისაა, ევროკომისიის შუალედური შეფასება გაითვალისწინეს თუ არა, სადაც თქვეს, რომ პუნქტებს დამატებითი დამუშავება სჭირდება.
„ოცნების" შესრულებულ სამუშაოს გაცნობილი არ ვარ. პარლამენტმა რაღაც სამუშაო გასწია, ვიცი, რომ სასამრთლოსთან მიმართებაში პრობლემები იყო და რჩება. დეპოლარიზაციიისა და დეოლიგარქიზაციის თემაც რომ რთულია, ესეც მესმის. კობახიძე ითხოვს, რომ ევროპარლამენტმა დააზუსტოს რა არის საჭირო ამ პუნქტების შესრულებისთვის.
„დანარჩენი პუნქტები რამდენად შეესაბამება იმ მოცემულობას, რასაც ჩვენი პარტნიორები ითხოვენ, ესეც ჩემთვის უცნობია, მაგრამ თუ ლაპარაკია იმ ნაწილზე, რომელიც უკვე ევროპარლამენტში იყო და შეფასებები მისცეს - რომ სამი რეკომენდაცია სრულად და რამდენიმე საერთოდ არ იყო შესრულებიული, ნაწილს კი დამატებითი დამუშავება სჭირდება, აქ საკითხავია ამ ნაწილის დამუშავება მოხდა თუ არა?! პრობლემა ესაა.
„თუ იმ რეკომენდაციებში, სადაც თქვეს, რომ ამას დამატებითი დამუშავება სჭირდება, ყველაფერი უცვლელად დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რეკომენდაციები არ შეასრულა. ასეთ შემთხვევაში კი ჩვენი პარტნიორები რეკომენდაციებს შესრულებულად არ ჩაგვითვლიან. ამის შეფასება ერთხელ უკვე გააკეთეს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკომისიას და „ოცნებას" ურთიერთსაწინაარმდეგო შეფასებები აქვთ. ამიტომაც, რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ალბათ ევროკომისისთან და სხვა სტრუქტურებთან, ვინც რეკომენდაციების შესრულების ხარისხს ამოწმებს, მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.
„დეოლიგარქიზაციის თაობაზე გასაგებიცაა რა კონკრეტიკაა საჭირო. ითქვა,რომ თუ ევროკავშირი ამ მოთხოვნას მოხსნის, კანონი მიღებული არ იქნება და თუ არა, მაშინ ის კანონი იქნება მიღებული ვენეციის კომისიის შენიშვნებით.
„ევროკავშირის პოზიციაზეა დამოკიდებული თვითონ როგორ რეკომენდაციას მოგვცემენ - მიიღონ დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინული ვარიანტით, თუ საერთოდ არ მიიღონ და ეს რეკომენდაცია ამოიღონ.
„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამ შემთხვევაში მემგონი ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებაა. ალბათ ამ საკითხზე იქნება ევროკავშირის სტრუქტირებთან დიალოგი, თუ ეს როგორ შესრულდეს.
„ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია და ჩემთვისაც კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ალბათ უნდა დაველოდოთ ევროკავშირი რა პასუხს მოწერს, ეს ალბათ უფრო ხელისუფლებასა და მათ შორის შიდა კომუნიკაციაზე იქნება დამოკიდებული, თუ რაზე შეთანხმდებიან. შესაძლოა რაღაცაზე, ან შესაძლოა ვერაფერზეც ვერ შეთანხმდნენ.
„ოცნება" თვლიდა, რომ მათ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შეასრულეს და ზეპირი მოსმენის დროს, ევროკავშირმა ჩათვალა, რომ სრულად მხოლოდ სამია შესრულებული. ჩემი დაკვირვებით, პრობლემა ისაა, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ალბათ ევროკომისისთან და სხვა სტრუქტურებთან, ვინც რეკომენდაციების შესრულების ხარისხს ამოწმებს, მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო, რომ ასეთი აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილიყო.
„შესაძლოა ჩვენი ხელისუფლება თვლიდეს, რომ რეკომენდაციები შეასრულა, მაგრამ გამოვიდა, რომ ევროკავშირში ამას შესრულებულად არ მიიჩნევენ. გარდა ამისა, სხვა ფაქტორებიცაა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებისადმი ოპოზიციურადაა განწყობილი, ანგარიშებს ამზადებს, სადაც წერს, რომ რეკომენდაციები პრაქტიკულად არ შესრულდა. მერე ეს ანგარიშები ევროპაში მიდის და ისინიც ამას უყურებენ და მათი პოზიციები აქედან გამომდინარეც ყალიბდება", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
იქნება თუ არა გადამწყვეტი პოლიტიკური ფაქტორი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საბოლოოდ გადამწყვეტი მაინც გეოპოლიტიკური ფაქტორი იქნება, რა თქმა უნდა რეკომენდაციების შესრულების გათვალისწინებით.
„კანდიდატის სტატუსის განმსაზღვრელი მაინც პოლიტიკური სიტუაცია იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, დასავლეთში რეალურად აღგვიქმავენ თუ არა პარტნიორებად. თუ ჩათვლიან, რომ ჩვენ ევროკავშირსა და ნატოსკენ სვლა მართლაც გულწრფელად გვსურს, მაშინ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„აქ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში პროცესები როგორ განვითარდება. ამ კონტექსტიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, იმაზე დაყრდნობით, თუ ეს პუნქტები რამდენად შესრულდა, ან რამდენად შესრულებადია. აქ შესაძლოა კანდიდატის სტატუსი დათქმებით მოგვანიჭონ, რომ ესა და ეს მუხლი შესასრულებელია.
„მგონია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და პრობლემაც სწორედ ესაა. იმ ფონზე, რასაც „ოცნება" ჩვენი პარტნიორების მიმართ დამოკიდებულებას საჯაროდ და საქვეყნოდ აცხადებს, ეს დამოკიდებულება კატასტროფულად შეცვლილია. ეს კრიტიკაც აღარაა, უარესია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლება რას იზამს და რა განცხადებებით წარდგება თუნდაც შემოდგომაზე, როცა ამ პუნქტებს გადააგზავნის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი გვეუბნება, რომ იმის შანსები, რომ გეოპოლიტიკურმა ფაქტორმა გადაწონოს, 50/50-ზეა.
„ამის შანსები 50/50-ზეა. ვერც იმას ვიტყვი გადაჭრით, რომ შესაძლოა ყველაფერი გეოპოლიტიკურმა ფაქტორმა გადაწონოს და ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ ევროკავშირმა უფრო ღირებულებების პრინციპი დაიცვას და თქვას, რომ საქართველო და ჩვენ ჯერჯერობით ერთ ფურცელზე არ ვართ და თავის პროცედურებს მკაცრად უნდა მისდიოს რეკომენდაციების შესრულების კუთხით.
„ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ წლის ბოლომდე რა გეოპოლიტიკური კონიუქტურა ჩამოყალიბდება, ანუ ევროპელი პოლიტიკოსების აზროვნებაში რა გადაწონის - ის, რომ საქართველო მოსაცდელში კიდევ ამყოფონ; თუ იმის გამო, რომ ქვეყანაში ევროსკეპტიკური განწყობები კიდევ უფრო არ გაღრმავდეს, სტატუსი რაღაც დათქმებით მისცენ.
„ასე კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვასაც მისცეს, მაგრამ იქვე შესასრულებელი რეკომენდაციები ჩაუწერეს. შესაძლოა ჩვენს შეთხვევაშიც ასე მოხდეს, ვნახოთ, ჯერ ამაზე გარკვეული პასუხი არ არსებობს", -განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე