
დეველოპერული კომპანია „არქის" დამფუძნებელმა ილია წულაია აცხადებს, რომ უძრავი ქონების ფასი სავარაუდოდ 15%-მდე მოიმატებს.
იგი აღნიშნულ პროგნოზს რამდენიმე ფაქტზე დაყრდნობით აკეთებს. კერძოდ, მისი თქმით, დეველოპერებს გაძვირებული მიწა უკვე ნაყიდი აქვთ, რომლის ღირებულება 3 წლის წინანდელ ფასთან შედარებით ახლა საგრძნობლად არის გაზრდილი. ამასთან, მისი განმარტებითვე გაზრდილია სამშენებლო ღირებულება და სახელფასო ბიუჯეტი, რაც იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასი სავარაუდოდ 10-15%-ით მოიმატებს.
„3 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით მიწის ფასი, თბილისში და შემოგარენში, საშუალოდ 100%-ით არის გაზრდილი, ასევე გაზრდილია სამშენებლო ღირებულება და ეს ბუნებრივია, გასაყიდი უძრავი ქონების თვითღირებულებაზე აისახება. ასევე, დაახლოებით 40-45% არის ლარის კომპონენტი მშენებლობის თვითღირებულებაში, მაგალითად, ბეტონი თუ 1 წლის წინ 150 ლარი ღირდა ახლა 200 ლარი ღირს. ასევე ხელფასებიც გაიზარდა, რაც თავის მხრივ უძრავი ქონების თვითღირებულებას აძვირებს, ამიტომ უძრავი ქონება ვერ გაიაფდება.
რაც შეეხება ზრდას, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ზრდაც გაგრძელდება და ალბათ 10-15%-ით მოიმატებს მომდევნო 1 წელიწადში", - განაცხადა „არქის" დამფუძნებელმა ილია წულაიამ გადაცემა „წერტილში".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



