რეზონანსი
(22.07.2023)

საქართველოში საზამთრო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ უფრო ძვირად იყიდება - 1 კილოგრამი პროდუქტი 0,70 ლარი ღირს. გასულ წელს კი მისი ღირებულება კილოგრამზე 0,30 ლარი იყო.

როგორც წესი, ქართული საზამთროს 80% კახეთში მოდის. EastFruit-ის ინფორმაციით, წელს მიწოდების მოცულობა დაბალი იქნება, რადგან კახეთში ბევრი ფერმერი საზამთროდან ხორბლის მოყვანაზე გადავიდა. მიზეზი ფასებშია - შარშან ხორბლის ფასი საკმაოდ მაღალი იყო.

დიდი როლი ითამაშა საზამთროს იმპორტმაც - მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყანამ 849,7 ათასი დოლარის ღირებულების 2 811 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე საზამთროს იმპორტზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ასე გამოიყურება: ირანი - 656,2 ათასი დოლარის ღირებულების 2 167 ტონა,

თურქეთი - 186,4 ათასი დოლარის ღირებულების 640 ტონა, ნიდერლანდები - 7 ათასი დოლარის ღირებულების 4 ტონა.

უახლოეს მომავალში ბაზარზე დასავლეთ საქართველოდან საზამთროს შემოსვლას ელოდებიან, რაც, სავარაუდოდ, ფასებზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე