თამთა ჩაჩანიძე
(21.07.2023)

პარტია „ლელო"ახალ ალტერნატიულ ცენტრს ქმნის და კონსულტაციებს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან მართავს, ვისაც არც „ოცნება" და არც ენმ არ სურს. ჯერჯერობით უცნობია მიდის თუ არა მოლაპარაკება ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან, თუმცა ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსძთან" მათ თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

როგორც ძაბირაძე გვეუბნება, „ლელოს" ინიციატივა პოლიტიკური პროცესისთვის კარგია, თუმცა პროგრამაზე ე.წ. შავი სამუშაოებია ჩასატარებელი თუ როგორ უნდა გაირღვეს ის წრე, რაზედაც ქვეყანა 30 წელია ტრიალებს. სხვა მხრივ, ანალიტიკოსის თქმით, მსგავსი გაერთიანებები ბევრი ყოფილა.

„ეჭვგარეშეა, რომ ეს წვრილი პარტიები უნდა გაძლიერდნენ. ახლა, რაც „სტრატეგია აღმაშენებელმა" გააკეთა, ვინმეს მოწონს თუ არა, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს პარტია დამოუკიდებლად 5%-იან ბარიერს ვერ დაძლევდა.

„ყველა პარტია, ვისაც კი ოდნავი ეჭვი აქვს, რომ ბარიერს ვერ დაძლევს, ან არჩევნებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა ხმები არ დაიკარგოს, ან სხვა პარტიებთან კოალიცია უნდა შექმნას, რომ 5%-ის დაძლევა გარანტირებული ჰქონდეს.

„ძალიან კარგია, რომ „ლელო" ამ პროცესს იწყებს, მაგრამ განცხადებებში, რომ ცენტრი ჩვენს ირგვლივ უნდა შეიქმნასო, თავიდანვე პრეტენზიულობა დევს და სავარაუდო პარტნიორებთან უკვე რთულია ლაპარაკი, თუმცა სწორი მიდგომაა ის, რომ არც ენმ-სთან და არც „ოცნებასთან" ალიანსს არ აპირებს.

„უნდა გაკეთდეს ისეთი ჯგუფი, რომლისთვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა პრობლემა არ იქნება. მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი იქნბოდა თუ ამ ჯგუფში არა „ოცნების" და არა ენმ-ს წარმოშობის პარტიები შევლენ, აქ მოიაზრებიან, „ლელოც", ალეკო ელისაშვილიც, ანა დოლიძეც, იაგო ხვიჩიას „გირჩიც". გახარიას პარტიასთან თანამშრომლობასაც არ გამოვრიცხავ, ამბიციები და წყენა გვერდზე უნდა გადაიდოს, თუ მართლა ქვეყნისთვის სიკეთეზეა ლაპარაკი.

„ჩვენ დღეს ჭაობში ვართ, არა იმიტომ, რომ „ოცნება" პრორუსულია თუ პროქართული, ეს პიარია. რეალურად სახელმწიფო ერთასა და იმავე წრეზე ბრუნავს და ეს უნდა გაირკვეს რა არის ამის მიზეზი, ამის შემდეგ უკვე ყველაფერზე საუბარი შეიძლება. სანამ ამას არ გააანლიზებენ, მყვირალა დაპირებებით არაფერი არ გამოდის.

„დღეს გაცილებით მძიმე ვითარებაში ვართ, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისში ვიყავით. ამის გააზრებაა საჭირო და რასაც ვუყურებ ვერ ვხედავ, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ამ ანალიზს აკეთებდეს, დასკვნები გამოჰქონდეს და თავის სამოქმედო გეგმას ამაზე აგებდეს. „შავი მუშაობაა" საჭირო და არა განცხადებები",-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

„ლელოში" აცხადებენ, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა შეიქმნას ალტერნატიული ცენტრი, რომელიც პოლიტიკაში დააბრუნებს იმ ადამიანების ხმებს, რომლებსაც არც „ქართული ოცნება" და არც „ნაციონალური მოძრაობა" არ სურთ. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოების სახეებთან და კულტურის წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, ყალბი ერთობები არასდროსაა ეფექტური.

„მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ნაცვლად ორი პოლუსისა, გაჩნდეს მრავალი პოლუსი, სადაც შესაძლებლობა იქნება, ისაუბრო ალტერნატივებზე, განსხვავებულ იდეებზე და ყველა ერთ ჯამში არ ჩაყაროს ხოლმე ხელისუფლებამ, რასაც ხშირად, წარმატებულად იყენებს. ნაბიჯი უნდა იყოს ალტერნატიული ცენტრის შექმნა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დააბრუნებს იმ ადამიანების ხმებს, რომლებსაც არც „ქართული ოცნება" და არც „ნაციონალური მოძრაობა" არ სურთ. რიგი კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ჩვენ ვცდილობთ, ერთობები დავაფუძნოთ შინაარსს, იდეას, საერთო მიზანს და არა, რამდენი მანდატი შეიძლება, ვიღაცამ წაიღოს. ყალბი ერთობები არასდროსაა ეფექტური. კონსულტაციები მიმდინარეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, საზოგადოების სახეებთან, კულტურის წარმომადგენლებთანაც კი და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ინდივიდებთან", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე