ია აბულაშვილი
(21.07.2023)

„ახალი პოლიტიკური ძალა თეორიულად უკვე არსებობს და აქტიურად წლის ბოლოს გამოჩნდება, სადაც ვიხილავთ ვიქტორ ყიფიანს, კუჭავას, ირაკლი ალასანიას და სხვებს. ასე რომ, დიდი პოლიტიკური თამაში დაიწყო. ამ თამაშში ჩაერთვება ნიკა გვარმია და არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია იყვნენ ერთად," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ პოლიტიკურ სპექტრში საარჩევნო კოალიციებისა და გაერთიანების შექმნაზე საუბრისას.

„რეზონანსი": საარჩევნოდ ახალი გაერთიანება იქმნება - „ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" არჩევნებისთვის ერთიან სამოქმედო გეგმაზე იწყებენ მუშაობას და აცხადებენ, რომ ეს გაერთიანება არჩევნებში გამარჯვების ფორმულაა.

იგორ კვესელავა: საარჩევნო მარათონი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ნიშნები უკვე გამოიკვეთა. თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირველი განაცხადიც გააკეთა ორმა პარტიამ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვინ ვისთან დაწყვილდება, ეს უფრო შემოდგომაზე გამოჩნდება, რადგან შეუძლებელია, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს ყველა პარტიამ. ამ გაერთიანებას აქვს რამდენიმე მიზეზი - ხაბეიშვილი არის ლიდერი ადგილობრივ დონეზე, ვაშაძეს კი აქვს კავშირი დასავლეთთან, თანაც „სტრატეგია აღმაშენებელს" არ აქვს შანსი, გადალახოს 5%-იანი ბარიერი, მაგრამ პარტიაში ხაბეიშვილი არ გამოდის ლიდერი, ლიდერი გამოდის ვაშაძე.

„რ": „ნაცმოძრაობასთან" წინასაარჩევნო კოალიციას, თანამშრომლობასა და გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავენ „ლელო," „გირჩი" და გახარიას გუნდი. თქვენი აზრით, რა კონფიგურაციით აქვს შანსი ოპოზიციას, გაიმარჯვოს არჩევნებში?

ი.კ: გახარია არავის შეუერთდება, მაგრამ სიამოვნებით მიიღებს თავის რიგებში სხვა ოპოზიციურ პარტიებს. გახარიას აქვს სერიოზული შანსი, გადალახოს 5%-იანი ბარიერი. რაც შეეხება „ლელოს," მხოლოდ მას აქვს შანსი, გადალახოს 5%-იანი ბარიერი. „ლელოს" შეფობა აქვს აღებული წალენჯიხაში, იქ აქტიურად მუშაობს და ალბათ ბევრ ხმას წალენჯიხიდან წამოიღებს.

რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ძალას, თეორიულად, ეს ძალა უკვე არსებობს და აქტიურად წლის ბოლოს გამოჩნდება, სადაც ვიხილავთ ვიქტორ ყიფიანს, კუჭავას, ირაკლი ალასანიას და სხვებს. ასე რომ, დიდი პოლიტიკური თამაში დაიწყო. ამ თამაშში ჩაერთვება ნიკა გვარმია და არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია იყვნენ ერთად.

„რ": „ქართულ ოცნებაში" როგორ ხედავთ პროცესს? როგორც ჩანს, „ქართული ოცნება," უკვე დიდი ხანია, გადავიდა საარჩევნო რელსებზე.

ი.კ: „ოცნება" სერიოზულად მუშაობს. მათ არც ამერიკის იმედი აქვთ და არც ევროპის, საკუთარი თავის იმედი აქვთ. მმართველი გუნდი ამბობს, ჩვენ გვინდა ეროვნული სახელმწიფო ისე, რომ, როგორც ამბობდა ზვიად გამსახურდია, არ დავკარგოთ ქართველობაო. ეს არის დღეს „ქართული ოცნების" კოზირი ქართველი ხალხის თვალში, მაგრამ სიღრმისეულად მოაზროვნე პოლიტიკოსებს „ქართულ ოცნებაში" ვერ ვხედავ, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ.

დაუნდობელი ბრძოლა მიდის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. სერიოზული დაპირისპირებაა მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის. პრეზიდენტს მათთვის თუ არა აქვს ფასი, დიდი ფასი აქვს დასავლეთში, მას უსმენენ და სალომე ზურაბიშვილი გახდა ძლიერი პოლიტიკოსი. ხელისუფლებას ვურჩევ, წავიდეს დათმობაზე და დაალაგოს ურთიერთობა პრეზიდენტთან. გამოვდივარ ინიციატივით, რომ პრეზიდენტი და ხელისუფლება პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, დასხდნენ და მოილაპარაკონ, რაღა სხვებს ვარკვევინოთ ჩვენი შიდა საქმეები... ურთიერთობის დალაგება სახელისუფლებო შტოსა და პრეზიდენტს შორის აუცილებლია საქართველოს განვითარებისთვის.

„რ": ვრცელდება ხმები, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილზე სააკაშვილის შესაწყალებლად მძლავრი წნეხია, გაუძლებს პრეზიდენტი ამ წნეხს?

ი.კ: თუ გართულდა ურთიერთობა პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის, არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. არ ვიცი, ეს იურიდიულად როგორ გაფორმდება, მაგრამ შეიძლება სხვა ქვეყანაში გაუშვან ამა თუ იმ საბაბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე