ენმ და სტრატეგია აღმაშნებელი „გამარჯვების პლატფორმას" ქმნიან. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მათთან ალიანსს კატეგორიულად გამორიცხავს, ნაწილი კი ჯერჯერობით თავს იკავებს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ოპოზიციის გამარჯვების ფორმულაა შეიქმნას რამდენიმე ცენტრი, რადგან მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარშემო გაერთიანებით „ოცნებას" ვერ დაამარცხებენ.
როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთნ" აცხადებს, თუ ოპოზიცია სათანადოდ დალაგდება, ოთხი ან ხუთი ცენტრი შეიქმნება და თუ პოლიტიკური ჯგუფები პირადზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს დააყენებენ, 2024 წლის არჩევნებზე უმრავლესობის მოპოვების პოტენციალი ცალსახად ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ „ლელო" ენმ-სთან გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ ორპოლუსანობა უნდა დასრულდეს. ენმ-სთან გაერთიანებას არც „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლება" აპირებენ. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საარჩევნო განაცხადი მათაც ექნებათ.
„ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში" ხედავს თავის თავს, „დროა" - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც" საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს," - წერს ხოშტარია.
ენმ-სთან კოალიციაზე კატეგორიულ უარს ამბობს გახარიას პარტია „საქართველოსთვის". როგორც დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, „ნაცებთან" და „ქოცებთან" კოალიციას და კოჰაბიტაციას არ აპირებენ არც საარჩევნოდ და არც არჩევნების შემდეგ.
„საარჩევნოდ ახალი გაერთიანება იქმნება, რომლის პარტიული ბაზისი „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ნაციონალური მოძრაობაა" - ჩვენ ყველა პროდასავლურ პარტიასთან კონსულტაცია გვქონდა, ყველას მივესალმებით თუ ნაბიჯს კონსოლიდაციისკენ გადადგამენ, თუმცა გაერთიანებაში შემოსვლაზე კალთებს არავის დავახეთ" , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა. მისი თქმით, გაერთიანება და მძლავრი ოპოზიციური ცენტრის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისა და დასავლელი პარტნიორების დაკვეთაა, რაც, თავის მხრივ, კვლევებით არის გამყარებული.
თავად ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ მათი კარი ღიაა სხვა პარტიებისთვისაც.
„ჩვენს პლატფორმაზე ველოდებით ყველა პროდასავლელ ლიდერს, პროდასავლურ პარტიას, ჩვენ შევასხამთ ხორცს, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ერთობისთვის და ამასვე მოვუწოდებ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუნდაც ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობის" გარეშე გაერთიანებისკენ. ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს, ჩვენ დავიწყებთ კონკრეტულ თანამშრომლობას და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება საზოგადოებას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" ეუბნება, ეს ალიანსი უფრო ვაშაძეს აწყობს, ვიდრე ენმ-ს და ცალსახად გამარჯვების ფორმულა მას ვერ დაერქმევა.
„თუ „ნაცმოძრაობას" პირობითად 15% აქვს, „სტრატეგიასთან" ალიანსში ყოფნისას 1%-იც კი არ შეემატება. სამაგიეროდ ვაშაძეს, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ ჰქონდა, ახლა ექნება საშუალება, რომ ის და მისი ერთი-ორი თანაპარტიელი გამშვებ სიაში მოხვდეს და პარლამეტში შევიდნენ. ეს ცალსახად ვაშაძის მონაპოვარია, ვიდრე ენმ-ის. ამით არცერთი პარტია არაფერს არ დაკარგავს, რადგან ორივეს ამომრჩეველი „ნაცმოძრაობიდან" მოდის. აქ მგონია, რომ სიახლე არაფერი არ იქნება.
„ეს არაფერი გამარჯვების პლატფორმა არაა, მთავარია გამარჯვებაში რა იგულისხმება - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაა, როცა პარტია უმრავლესობას მოიპოვებს, თვითონ დაამტკიცებს ბიუჯეტს, მთავრობას და კანონებს მიიღებს. აბსოლუტური გამარჯვებაა, როცა ერთი პოლიტიკური პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს. ესენი გამარჯვებაში რას გულისხმობენ, არ ვიცი, პირველ ადგილზე გასული პარტიაც არაა გამარჯვებული, შესაძლოა პირობითად „ოცნებამ" 30%, ხოლო ოპოზოციამ ჯამში უფრო მეტი აიღოს.
„ცალსახა და მკაფიოა, რომ „ოცნება" ყველაზე მეტ ხმას აიღებს, მაგრამ ოპოზიციის გამარჯვება იქნება ის, რომ მათი ჯამური ხმები, „ქართული ოცნების" ხმებზე მეტი იქნება. თუ „ოცნებამ" 40% აიღო, ოპოზიციამ ჯამში 60% უნდა მოაგროვოს, რომ „ოცნება" გააშეშოს და საშუალება არ მისცეს, რომ მთავრობა დაამტკიცოს, ბიუჯეტი და კანონები მიიღოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ოპოზიციას გამარჯვების პოტენციალი აქვს თუ სათანადოდ დალაგდებიან და რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან.
„თუ ენმ-დან მელია მიდის, სჯობს დროზე გაიყვნენ, რადგან მელია და ხაბეიშვილი ცალკ-ცალკე უფრო მეტ ხმებს აიღებენ, ვიდრე ერთად. თუ გახარია და „ლელო" ერთი სიით გასვლას მოახერხებენ, მაშინ მესამე ცენტრის მომხრეებს მთლიანად მიიზიდავენ და 9%-ს მაინც აიღებენ. ისინი ცალკ-ცალკე რომ დარჩნენ, ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და შეიძლება ბარიერი ვერ გადალახონ და ორივემ 4%-ის გარშემო იტრიალოს. ასევე ხოშტარია და გირჩი ჯაფარიძე ცალკე აპირებენ და თუ ეს ძალაც გამსხვილდება, არაა გამორიცხული, რომ ბარიერი გადალახოს.
„დღევანდელ ოპოზიციურ სივრცეში შეიძლება, რომ 4-5 ცენტრი შიქმნას, „ნაცმოძრაობა", გახარიას „საქართველოსთვის" და „ლელოს" ერთობა, „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლება", ელისაშვილის „მოქალაქები" და იაგო ხვიჩიას „გირჩი", ასევე თუ ასერთო ენას გამონახავენ ეკა ბესელიაც", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებლის" ალიანსის შეფასებისას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკი ამბობს, მათგან საზოგადოებისთვის სიახლის შეთავაზებას არ ელოდება, რადგან „რევკომი უცვლელია".
„კარგი იქნება, რევოლუციური დესტაბილიზაციის გეგმის გარდა, საზოგადოებას რაიმე საინტერესო პროგრამა წარუდგინონ, თუმცა ამას არ ველოდები, ვინაიდან „რევკომი" უცვლელია, გეგმები უცვლელია და ხალხისა და სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება არის უცვლელი.
„ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის ან ზნეს, მაგრამ არ მგონია, ან ფერსა და ან ზნეში რაიმე განსხვავებული იყოს ან პოლიტიკურ ველზე ახალი ენერგიის წყარო შემოიტანონ. ეს არის დესტრუქციული ძალების გაერთიანება და არ მგონია, ამ გაერთიანებით ერთს ან მეორეს პროცენტი მოემატოს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე