ნაზი ბერიძე
(20.07.2023)

პოლონელი ექიმის სკანდალი გრძელდება. ხუთშაბათს მაღალი ეშელონებიდან მკვეთრი განცხადებები გაგრძელდა. პოლონეთი ცდილობს ტონალობის დაგდებას და საქართველოს მთავრობას სკანდალის გასაჯაროებაში ადანაშაულებს, რასაც არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. მთავრობაში პირიქით, აცხადებენ, რომ „სამარცხვინო ფაქტი მოხდა" და სააკაშვილის თემაზე პოლონეთთან თანამშრომლობის გაწყვეტას აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე საჯაროდ იძახის - ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა დაზიანდეს, ეს სკანდალი თბილისსა და ვარშავას შორის მეგობრობას ნამდვილად რომ არ გაამყარეს, უკვე ყველასთვის ცხადია.

14 ივლისს, კლინიკა ვივამედში ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად პოლონელი ექიმები შევიდნენ. ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. „აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

გადაწყვეტილება, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნონ, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც პოლონეთის საელჩო ავრცელებს. ამასთან, უწყების თქმით, არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2023 წლის 17 ივლისს პოლონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაბარებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში. თბილისში, „ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანპოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე. პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა იყო, საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, განაცხადა ინციდენტის კომენტირებისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, პროცესის მიმართ ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა და საქართველო გადახედავს მიდგომას.

„სამარცხვინო ფაქტი მოხდა, მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს პატიმარი სააკაშვილისგან. ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს. თავადვე მოახდინეს მათ მთლიანად ამ პროცესის დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა ამ პროცესის მიმართ. ამიტომ, გადავხედავთ ჩვენს მიდგომას [...] ვინაიდან მათი მხრიდან იყო არაორდინალური ქცევა დაფიქსირებული და ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ვიმეორებ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ, ოჯახის მიმართ - ხაზს ვუსვამ, რომ ადგილზე ჩამოიყვანონ, თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ, რაც უნდათ, ის გაუკეთონ," - განაცხადა პრემიერმა.

თავად ექსრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კი აცხადებს: „მე ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა, რაც უთქვამს პოლონეთის სამინისტროს. იმიტომ რომ, ჩემი შთაბეჭდილებით, ყველაფერი იყო ნებადართული. ეს რომ ნებადართული არ ყოფილიყო, ჩამოართმევდნენ იმ ადამიანს იმას, რაც გაჰქონდა. მე არ ვიცი რა გაჰქონდა, იმიტომ რომ მე დავინახე თეთრი, სუფთა ქაღალდი და მეტი ვერაფერი ვერ დავინახე. მაგრამ ეს არ მოხდა, ჩამორთმევა, როგორც ჩანს, და ფაქტიურად ამ ხალხმა თავისი მისია, რისთვისაც ჩამოვიდა, შეასრულა და რისგან ქმნიან რაღაცა პრობლემებს, ვერ ვიგებ," - თქვა გიული ალასანაიამ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, „რეზონანსთან" ამ ინცინდენტის შეფასებისას საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლონელ ექიმთან დაკავშირებით არ ამართლებს, თუმცა არც იმას უწოდებს სწორს თუ როგორ მოიქცა პოლონელი ექიმი, თუმცა ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ეს ქართულ-პოლონურ ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს.

„მე არ ვიცი, ვინ დაიქირავა, რატომ დაიქირავა და ვინ არის ან არ არის ჩართული, მხოლოდ შემიძლია შევაფასო ფაქტი. ფაქტია ის, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილიდან აღებული ანალიზის ნიმუში ფარულად გატანას. ეს, უბრალოდ რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს. იმიტომ, რომ არავინ უშლიდა ოფიციალურად აეღო ეს მონაცემები, რაც სჭირდებოდათ ანალიზისთვის, დაელუქათ წესით და რიგით, და გაეტანათ ისე.

„ამიტომაც ამ ქმედებასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები. ის, რომ ვიღაცას ასეთი ჩვევა ჰქონია, აგდებული და ცინიკური პასუხია, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ.

„უნდა გამოექვეყნებინა თუ არა ხელისუფლებას ჩხრეკის მასალა, როგორ გითხრათ, ეს საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია და არა პოლონეთის. თუმცა, მე მგონია, რომ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამ უნდა ჰქონოდათ კომუნიკაცია პოლონეთის საელჩოსთან და ხელისუფლებასთან. ასეთი კულუარული გზებით უნდა ყოფილიყო მსჯელობა, აეხსნათ და გაერკვიათ, რა მოხდა და როგორ მოხდა. მაგრამ ეს არ გააკეთეს და გამოაქვეყნეს. ეს არ არის გულუბყვილო თემა, როგორც შეიძლება ეს ვინმეს მოეჩვენოს.

„სააკაშვილის თემა არის ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის დღეს ყველაზე კრიზისული მომენტი, ამიტომ ამ ფაქტის მიჩქმალვა და იმის ლაპარაკი, რომ მას უფლება ჰქონდა როგორც უნდოდა ისე გაეტანა, როგორც სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ, გაამართლონ, ჩემი აზრით, არასწორია.

„მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც ასეთ დონეზეა თემა აწეული, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო ობიექტური შეფასებები. პირველ რიგში ჯობდა საქართველოს ხელისუფლებას სხვაგვარად მოეგვარებინა, არ გაევრცელებინა პოლონელი ექიმის ჩხრეკის ფაქტები, მაგრამ ეს ხელისუფლება გვყავს, რაც გვყავს. ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გამოაქვეყნა, სულაც არ არის გამართლება იმისა, რაც პოლონელმა ექიმმა გააკეთა. ყველაფერი გამოსაკვლევია, რატომ მოხდა ამ მასალის აღება და გატანა. ჩამოყვანა ვინც უზრუნველყო ამ ექიმების, ვინც მოახდინა მათი შერჩევა, მათთან უნდა გაირკვეს, რატომ მოხდა ინცინდენტი.

„რაც შეეხება ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს, თუ ვინმეს საბაბად უნდა ამის გამოყენება, გამოიყენებს, თუ არ უნდა ამის გამოყენება საბაბად, არ უნდა აისახოს წესით ქართულ-პოლონურ ურთიერთობებზე," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პოლონეთს „მიშასთან" მიმართებაში მიკერძოებულს უწოდებს, ფიქრობს, რომ ამ პროცესში იკვეთება გიული ალასანიას ლობისტების აქტივობა.

„დღეს გამოქვეყნდა ამერიკული ფარა-ს შედეგები, სადაც აღწერილია იმ ლობისტური კომპანიის შემოსავლები, ნაბიჯები, ოპერაციები, რომელიც დაიქირავა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ. ამ ოპერაციებში რაღაც ნაწილი პოლონეთსაც ეხება და ამ პოლონელ ექიმებს.

„ასე რომ, ვილაპარაკოთ პროცესებზე პიარ-დეკორაციების გარეშე. რადგან დაკვეთილი იყო ამ ლობისტურ ფირმასთან, უნდა ჩამოეყვანათ ექიმები და დასავლეთს უნდა აეტეხა ყვირილი, რომ კვდება სააკაშვილიო. ესე იგი დამკვეთებმა, კერძოდ ახლობლებმა და გიული ალასანიამ, იციან თავისთავად, რომ არ კვდება საააკაშვილი, იციან, რომ ამის დადგმაა საჭირო, და დგამენ, და პოლონელებიც ამ დადგმაში მონაწილეობენ.

„საქართველო-პოლონეთის ურთიერთობა საქართველოს ბედ-იღბლისთვის საკვანძო არ არის, მაგრამ ჩვენ გულშემატკივრები ვართ ნებისმიერი, დიპლომატიური ხაზის კარგად წაყვანისათვის. მეორე მხრივ, პოლონეთი ტრადიციულად მიშას მოყვარე ქვეყანაა, გავიხსენოთ კაჩინსკის ამბები (ლეხ კაჩინსკის „პრომეთეს" ჯილდოს გადაცემა სააკაშვილისთვის). ასე რომ, პოლონეთის ნაბიჯები გასაკვირი არ უნდა იყოს.

„რაც შეეხება (ნიმუშის) გამოტანას, ეს კითხვა ხშირად დაისვა ქართულ მედიაში და გაუგებარია, რატომ გააკეთა ეს პოლონემა ექიმმა," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე