მას შემდეგ, რაც ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, ოპოზიცია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაზე ალაპარაკდა, თუმცა ექსპერტები ამას ამ ეტაპზე არარეალურად მიიჩნევენ. ბელგიის სამეფოს მიგრაციის უწყების საიტზე საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში იყო, თუმცა დაახლოებით ერთი კვირის წინ განახლებულ ნუსხაში უკვე არ ფიგურირებს.
ამ სიაში არიან ასევე ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, კოსოვო, ბოსნია, მონტენეგრო, ალბანეთი და ინდოეთი. სია გულისხმობს, რომ ამ ქვეყნებში მეტ-ნაკლებად დაცულია ადამიანის საბაზისო უფლებები და ეს მიმღების ქვეყნის - ამ შემთხვევაში ბელგიის - მიერ თავშესაფრის გაცემაზე აისახბეა. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სიიდან ამოღება საქართველოსთვის უდავოდ ცუდია, თუმცა მნიშვნელოვნად უზრდის თავშესაფრის მიღების შანსს აქედან წასულ მიგრანტებს.
„ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე, ბელგიას სხვა ქვეყნები მიჰყვეს და არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა ევროკავშირის დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი დააყენოს.
„ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭება გამარტივებული პროცედურით მოხდეს. ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა და გამოწვევა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს, ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმს უკავშირდება. იმისთვის, რომ საქართველომ მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოს, ქვეყანა უსაფრთხოდ უნდა ითვლებოდეს. როცა ბელგია ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ მას სხვა ქვეყნები მიჰყვეს და რომელიმე მათგანმა ევროკავშირის დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი დააყენოს. ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროპულ ორბიტას საბოლოოდ ჩამოშორდეს. მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება ტაშით მიეგება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, საკუთარი პოლიტიკით საფრთხე შეუქმნა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. ეს კიდევ ადასტურებს, რომ მთავარი ეროვნული ამოცანა ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამან შეიძლება კანდიდატობის სტატუსზე იმოქმედოს, მაგრამ უვიზო მიმოასვალზე არ აისახება.
„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სულ სხვა ფაქტორები მოქმედეს. ითვალისწინებენ, ვთქვათ რამდენი მოქალაქე შევიდა კანონდარღვევით, რამდენის რეადმისია მოხდა, ციფრებს უყურებენ და იმის მიხედვით სტატისტიკა კეთდება - უმჯობესდება სიტუაცია თუ უარესდება, და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. სპეციალური მოხსენება მზადდება და არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ სხვა ქვეყნებზეც, ვისთანაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირს. შესაბამისად არა მგონია ამან უვიზო მიმოსვლაზე გავლენა მოახდინოს," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე