თამთა ჩაჩანიძე
(18.07.2023)

ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი" შესაძლოა ერთ პოლიტიკურ ჯგუფში ვიხილოთ, პარტიებს შორის აქტიური კონსულტაციაბი უკვე მიდის. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ვისაც სურს, რომ პარლამენტში და მათ შორის გამსვლელ სიაში მოხვდეს, „ნაცმოძრაობასთან" თადარიგს წინასწარ იჭერს.

ამასთან, როგორც აბაშიძე ამბობს, ენმ-სთვის სიცხვილი იქნება ისიც, რომ საბოლოოდ გიორგი ვაშაძის პრემიერობას დათანხმდეს. ამასთან ფიქრობს, რომ ალიანსის შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნებისთვის გამსვლელ სიაზე დიდი დაპირისპირება იქნება, რადგან ენმ-ში ისედაც რამდენიმე ფლანგია.

„ენმ-სთან აფილირებული პარტიების რეიტინგი ისეთი სავალალოა, იციან, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამ ბარიერის გადამლახავი თავად „ნაცმოძრაობაა". ამიტომ, ვისაც უნდა, რომ პარლამეტში და მათ შორის გამსვლელ სიაში აღმოჩნდეს, თადარიგი უნდა დაიჭიროს და ენმ-ს შეერწყას.

„აქ კიდევ სხვა პრობლემა იკვეთება, როგორი სირცხვილია ენმ-სთვის, როცა პარტნიორ პარტიაში პრემიერობის კანდიდატს ეძებს. წესით, პრემიერი პარტიის ლიდერი ხდება, ე.ი. პარტიის სპონსორი კეზერაშვილი დარწმუნებულია, რომ ლევან ხაბეიშვილი პრემიერად არაფრად გამოდგება და არც ისინი, ვინც პარტიის პოლიტსაბჭოში არიან - პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, მელია კი ჩაჩოჩებულია. ეს კი პარტიისთვის ძალიან სამარცხვინოა და მეტყველებს, რომ ჯიბის კანტორაა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას, ეს აბსოლუტური აბსურდია, ის საპატიმროში კიდევ რამდენიმე წელს გაატარებს და მეორეც, ის უკრაინის მოქალაქეა და პრეზიდენტისთვის ორმაგი მოქალაქეობა ჯერ არ უთხოვია. რომც მიიღოს, პატიმარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება.

„ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებელს" შორის არც გზავნილებში და არც მოქმედებებში არანაირი განსხავება არაა, უბრალოდ სხვადასხვა სახელები დაირქვეს.

„ის პატარა პარტიები, რომელთა ლიდერებს ზე-ამბიციები აქვთ, იძულებულები იქნებიან, რომ რაღაც ფორმით ენმ-ს სიაში მოხვდნენ. ვიცით, რომ 2024 წლისთვის პარტიების ბლოკები დაუშვებელი იქნება, შესაბამისად, რეიტინგულ პარტიაში უნდა მოხვდნენ, თუმცაღა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენმ-ში სხვადასხვა ფლანგია და ყველას გამსვლელ სიაში მოხვედრა უნდა, აქედან გამომდინარე ადგილებზე დიდი დაპირისპირება იქნება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

როგორც ენმ-ს რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი ამბობს, პარტია ყველა პროევროპულ ძალასთან ითანამშრომლებს, რომელიც ფიქრობს, რომ „ქვეყანას სჭირდება ევროპული მომავალი და განვითარება".

„ნაციონალური მოძრაობა", რა თქმა უნდა, ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ევროპული მომავალი და განვითარება. ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. გაერთიანებებზე საუბარი ჯერ ზედმეტია. აბსოლუტურად ყველაფერზე ვიმსჯელებთ, რაც „ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო საქმიანობას უკავშირდება. აბსოლუტურად ყველა პროევროპულ პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ ვართ მზად. ეს თანამშრომლობა არ შეიძლება მხოლოდ გაერთიანებით იყოს განსაზღვრული. ყველამ ვიცით, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა პროევროპული ძალისთვის. ამ თემებზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. პრემიერობის კანდიდატი, სია და ასეთი რაღაცები ჯერ არ განიხილება. არ არის ჯერ იმის დრო, რომ ადამიანებმა თანამდებობების განაწილება დაიწყონ", - განაცხადა ბოტკოველმა.

„როცა 5%-იანი ან 3%-იანი პარტია საუბრობს, რომ „მე მოვალ და მე შევცვლი", დამაჯერებლობა ნაკლებია - ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან „ქართულ ოცნებას" მარტო ვერც ერთი ძალა ვერ დაამარცხებს", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ის, ასევე, გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას კონკურენციას ვერ უწევს და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში პარტიები იდეებით უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, თუმცა „გაუგებარია, რაში უნდა გაუწიოს მმართველ პარტიას კონკურენცია, როცა „ქართული ოცნება" ღალატის გარდა არაფერს აკეთებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე