ნაზი ბერიძე
(17.07.2023)

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმებამ მოქმედება შეწყვიტა, ის შეჩერებულია. როგორც ექსპერტები „რეზონანსთან" საუბრობენ, შეთანხმების შეჩერება მოიტანს ნეგატიურ შედეგებს როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის და ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც მარცვლეული მიეწოდებოდა.

„ფაქტობრივად, დღეს შეწყდა შავი ზღვის შეთანხმების მოქმედება, როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება" - განმარტა კრემლის წარმომადგენელმა პესკოვმა.

მისი თქმით, „როგორც კი შესრულდება შეთანხმების რუსული ნაწილი, რუსული მხარე დაუყონებლივ დაუბრუნდება ამ შეთანხმების განხორციელებას"-განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ მარცვლეულის შეთანხმების შეჩერება არანაირად არ უკავშირდება ყირიმის ხიდზე მომხდარ 17 ივლისს ღამით მომხდარ აფეთქებას, რომელიც ტერორისტულ აქტად შეაფასა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

17 ივლისს რუსეთის ელჩმა ბელორუსში, ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რუსეთმა ოფიციალურად უკრაინას თავისი საელჩოს მეშვეობით აცნობა, მინსკში შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ. მისი თქმით, უკრაინაში საელჩოდან გაიგზავნა განცხადება სხვადასხვა დიპლომატიური არხებით, სადაც ნათქვამია რომ ხელშეკრულება 18 ივლისიდან წყდება.

გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გასული წლის ივლისში განხორციელებული ინიციატივა მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქებას. შეთანხმება საშუალებას აძლევდა უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს, რომლის ტრანსპორტირებაც დაიბლოკა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად.

ინიციატივა რამდენჯერმე გაგრძელდა და შემდეგი ვადა ორშაბათს, 17 ივლისს ამოიწურა. კრემლი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ ინიაციატივის გაგრძელების პირობები არ შესრულდა.

შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯიფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტებმა „მარცვლეულის შეთანხმებაზეც" ისაუბრეს.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმება ერთგვარი შანტაჟის მექანიზმია, რომელსაც რუსეთი მის მიმართ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად იყენებს და მანამდე არ განაახლებს, სანამ რამე ხელშესახები არ იქნება რუსეთისთვის.

„რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ამ ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის მას მოუხსნიდნენ გარკვეულ სანქციებს თავის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივია, არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ერთი პერიოდი განიხილავდა კიდეც ამ საკითხებს, ეს მაინც არ მოხდა.

„აქედან გამომდინარე, რუსეთი ფიქრობს რომ ეს ხელშეკრულება დაიტოვოს როგორც ზეწოლის მექანიზმი, როგორც უკრაინასთან, ასევე დასავლეთთან მიმართებაში.

„თუმცა, ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გადავხედავთ, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა რომ ის გაუკეთებს კონვოიერებას ამ უკრაინულ მარცვლეულს. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთი ღებულობს პასუხისმგებლობას, რაღაცაზე შეთანხმდა თურქეთი უკრაინასთან, ასე რომ უკრაინელები ამას ტრაგიკულად არ განიცდიან.

„კონკრეტულად, როგორ იქნება და რა იქნება, არ ვიცი. თუ თურქეთი უზრუნველყოფს ამის უსაფრთხოებას, ბუნებრივია რუსეთი თურქეთთან კონფლიქტში ვერ შევა. მაგრამ, ტექნიკურად როგორ იქნება ეს შავი ზღვის აკვატორიაში, თავიდან ბოლომდე გააცილებს თურქეთი, თუ რაღაც დეტალებზე, ნეიტრალურ წყლებში იქნება თუ რა, არ ვიცი.

„ეს ომზე იმდენად არ აისახება - აისახება მესამე სამყაროს ქვეყნებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ღებულობდნენ ამ მარცვლეულს. ამიტომ, ისინიც დაინტერესებულები არიან, რომ ეს ომი დამთავრდეს.

„რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს შეთანხმებას, თუ მას მოუხსნიან გარკვეულ შეზღუდვებს ექსპორტთან დაკავშირებით, რაც უახლოეს ხანში მოსალოდნელი არ არის" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეთანხმების შეჩერება განსაკუთრებით მესამე სამყაროს ქვეყნების ეკონომიკას დააწვება წნეხად, გაიზრდება ფასები. მენაღარიშვილი ასევე ადასტურებს, რომ შეთანხმება რუსეთის ულტიმატუმის და შანტაჟის ფორმაა მის მიმართ დაწესებული სანქციების მოსახსნელად.

„საკვებ პროდუქტებზე ფასის მომატებას მესამე სამყაროში, და კვლავ პრობლემებს რომელთა დასაძლევადაც ეს შეთანხმება იყო თავის დროზე დადებული.

„რუსეთი ამით უბრალოდ აშანტაჟებს დასავლეთს, ითხოვს რა სანაცვლოდ სანქციების გარკვეული ნაწილის მოხსნას, და ა.შ., რაც ერთგვარად შანტაჟის ფორმაა. იმ ქვეყნების მიმართაც, რომლებიც ასევე მხარს უჭერდნენ, ამ მარცვლეულის შეთანხმებას. ეს არის არსი ამ დაპირისპირების.

„ძნელი სათქმელია, თუკი დასავლეთი ისე დააწვება რუსეთს, კვლავ დაბრუნდეს იმ პირობებზე, რომელიც იყო შეთანხმებული. რუსეთი შეეცდება, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს, შეეცდება რომ თავისი თანხმობის ფასად რაც შეიძლება მეტი შეღავათი მოიპოვოს, ასეთია სიტუაცია დღეისათვის.

„უკრაინისთვის შეთანხმების შეჩერება გამოიწვევს ექსპორტის შემცირებას, რაც ძალიან სერიოზული იქნება. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვა მსოფლიო ბაზარზე მისი ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო. გასაგებია, რომ ეს არის დარტყმა უკრაინის ეკონომიკაზეც, რომელიც ისედაც მძიმე დღეშია და ამ საექსპორტო შემოსავლების შეწყვეტით, რა თქმა უნდა ის კარგ დღეში ვერ ჩავარდება" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე