თამთა ჩაჩანიძე
(17.07.2023)

ოპოზიციის შესაძლო გადაჯგუფებებთან, ან დიდ გაერთიანებასთან დაკავშირებით სულ უფრო ხშირად საუბრობენ და როგორც ირკვევა, ამასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციებიც მიდის. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, შესაძლოა ოპოზიციის ტაქტიკაში წინასაარჩევნოდ ცვლილებები ვიხილოთ, თუმცა, თუ „რიტორიკა, სტილი და ტაქტიკა იგივე დარჩა" ელექტორატის მხარდაჭერის ნაკლები შანსი აქვთ.

„სტრატეგია აღმაშენებელის" დეპუტატს პაატა მანჯალაძეს მიაჩნია, რომ საჭიროა არა რაღაც რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა და ზოგადად ოპოზიციის გამსხვილება იმ ახალ მოცემულობას შექმნის, სადაც მოქალაქისთვის როგორც ღირებულებითი, ისე ყოფითი საკითხების მოგვარება უფრო რეალური და დამაჯერებელი გახდება.

„დიახ, ოპოზიციას ბევრი გვაქვს სამუშაო. ჩვენ, პოლიტიკოსებს ხშირად გვაქვს ფუჭი განცდა, რომ რაღაც უფრო დიდ იდეალებს ვემსახურებით, ვიდრე ადამიანების ყოველდღიური ტკივილი და ყოფითი საზრუნავია. ვფიქრობ, ეს არის იმედგაცრუების, ნიჰილიზმის მიზეზი და ამიტომ დაშორდა ადამიანი პოლიტიკას და პოლიტიკა ადამიანს.

„ხშირად ვსაუბრობთ სოციალურად დაუცველთა მძიმე სტატისტიკაზე, ბავშვთა შიმშილის გაზრდილ მაჩვენებლებზე, რაც ნამდვილად ერის ტრაგედიაა. ასევე, საყურადღებოა ისეთი ფაქტორები, როგორიც არის შიმშილი და საფრთხის განცდა, რა გავლენას ახდენს თავისუფალ არჩევანზე და უფრო მეტიც დემოკრატიასა და პურს შორის არჩევანზე.

„რატომ გვგონია, რომ თუ ერთ მხარეს დევს დემოკრატია და მეორე მხარეს კარტოფილით სავსე ტომარა, სიღარიბით დამძიმებულ ადამიანთა უმრავლესობა დემოკრატიას ან სამართლიან სასამართლოს და სიტყვის თავისუფლებას აირჩევს?!

„საფიქრალი და სამუშაო ბევრია. ავტოკრატიის პირობებში დემოკრატიას ბევრი დილემა აქვს, მაგრამ, სწორედ ამიტომ მჯერა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა და ზოგადად ოპოზიციის გამსხვილება იმ ახალ მოცემულობას შექმნის, სადაც მოქალაქისთვის როგორც ღირებულებითი, ისე ყოფითი საკითხების მოგვარება უფრო რეალური და დამაჯერებელი გახდება.

„ხელისუფლებას ხალხის ძარცვა და ქონების დაგროვება აინტერესებს და ამ გზაზე მზად არიან რუსულ ჭაობად აქციონ ქვეყანა, ეს ფაქტია. ამიტომ საჭიროა არა რაღაც რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა, სადაც მთავარი იქნება მოქალაქე და მისი პრობლემების მოგვარება, რისი უმოკლესი გზა მხოლოდ ევროპაშია და არა რუსულ ჭაობში, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

რაც მალე შეერწყმებიან, ისედაც ერთად მყოფი დესტრუქციული ძალები, უკეთესი იქნება, ისინი კოლექტიური „ნაცმოძრაობები" არიან - მშვილდაძეც და ჭყონიაც ღიად და პირდაპირ ჩართული არიან პოლიტიკაში, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური კახეთში გამართულ შეხვედრას, რომელშიც არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ - ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ბიზნესმენი თემურ ჭყონია ესწრებოდნენ.

ღუდუშაურის თქმით, ამ შეხვედრაში ახალი არაფერია, თუმცა, კიდევ უფრო ცხადი გახდა მათი თანამშრომლობა.

„რაც მალე შეერწყმებიან, ისედაც პრაქტიკულად ერთად მყოფი დესტრუქციული ძალები, უკეთესი იქნება ხალხისთვის და ქვეყნისთვის, რადგან მეტად გაუადვილდება ამომრჩეველს სიცხადის დანახვა, რაც ისედაც ცნობილია.

„თვალნათლივ ვხედავთ, როგორ გადადის მათი თანამშრომლობა სულ უფრო აქტიურ ფაზაში „ნაცმოძრაობასთან", გვაქვს კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ „წარმატებით ითანამშრომლეს", პრობლემას ვერ ხედავენ, როცა როლების განაწილება ხდება. დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ისინი არიან ერთი დიდი პარტიის ქვეშ გაერთიანებული, კოლექტიური „ნაცმოძრაობები" თავის შინაარსით, ზრახვებით,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე და თემურ ჭყონია და აღნიშნა, რომ ისინი პოლიტიკაში პირდაპირ და ღიად ჩართულები არიან.

„ვერ ვიტყვი, რომ ან მშვილდაძე ან ჭყონია არ არის პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. კლასიკური გაგებით თუ პოლიტიკოსი არაა ან ერთი ან მეორე არსობრივად, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, ვფიქრობ, ღიად და პირდაპირ ჩართული არიან პოლიტიკაში.

„არ ვიცი რა რჩევა უნდა მისცეს მიშა მშვილდაძემ მათ, კარგად არის მისი პოზიცია ცნობილი და კარგად არის ცნობილი ისიც, როგორ უწოდა რუსთაველზე შეკრებილ მისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს და გვახსოვს, რაც იკადრა. რაც შეეხება ჭყონიას იქ ყოფნას, ალბათ, ცივი „კოკა-კოლა" ჩაუტანა და გააგრილა ის ადამიანები,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის ტაქტიკის შეცვლის აუცილებლობა 2012 წლის შემდეგ დგას, თუმცა, თუ რიტორიკა, სტილი და კურსი იგივე დარჩა წარმატების შანსი ნაკლებია.

„ოპოზიციის ტაქტიკის შეცვლის აუცილებლობა 2012 წლის მერე დგას, მაგრამ ჩვენ ვერცერთ ეტაპზე ეს არსებითად ვერ ვნახეთ. ენმ-ში თავმჯდომარეც კი შეიცვალა, მაგრამ პოლიტიკური რიტორიკა, სტილი და კურსი იგივე დარჩა.

„ამიტომაც ვფიქრობ, ახლაც არსებითად არაფრის შეცვლას ეგენი არ დააპირებენ, მით უმეტეს, რომ არჩევნები არც ისე შორსაა, რომ შეცვლილმა ჯგუფებმა რეიტინგის აკრეფაა მოასწრონ. ამიტომ მგონია, რომ მათი ცვლილებების მიზანი იმავე მიმართულების ფარგლებში იქნება, რაც აქამდე იყო.

„შესაძლოა გაერთიანების საკითხი დადგეს, მაგრამ ასეთი გაერთიანებაც არაერთი იყო, მაგრამ არაფერი არ მომხდარა. მხოლოდ გამიხარდება თუ მეშლება, რადგან ქართულ პოლიტიკას სიახლე ნამდვილად სჭირდება. აქამდე ამ ჯგუფებს სიახლის შემოთავაზების უამრავი შანსი ჰქონდა და რადგან არ გამოიყენეს, ესე იგი სიახლის მოფიქრების უნარი არ აქვთ.

„მე ძირითდად იმ ვერსიებს ვეთანხმები, რაც სოციოლოგიურ კვლევებში იყო, ოღონდ ციფრების გარეშე, ხმების დიდ ნაწილს მმართველი პარტია იღებს, მეორე ადგილზე ენმ-ია. დანარჩენი პარტიები კი პრაქტიკულად არ ჩანან", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობა ერთ წრეზე სიარულს ჰგავს.

„რადიკალური ოპოზიცია წყალს ნაყავს, როცა დიდი გაერთიანების შექმნას ცდილობს. საბოლოო ჯამში რამდენიმე პარტია სუპერამბიციების გამო, ჩამოცილდება ხოლმე, შემდეგ ამას ერთმანეთს, „ქართულ ოცნებას", ან სუს-ს აბრალებენ ხოლმე.

„ამავე დროს უნდა ითქვას, რომ რევანშისტების მთავარი მიზანი დესტრუქციული გზით ხელისუფლების ჩამოგდებაა, მათ მშვენივრად იციან, რომ დამატებითი ამომრჩევლის გულს და გონებას ვერ იგებენ, რადგან არანაირი პროგრამა არ აქვთ. ამ დესტრუქციით და ქუჩაში ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ცდილობენ, რომ საწადელს მიაღწიონ.

„ამისთვის მათ მომავალი ბელადი ნიკა გვარამია ჰყავთ, რომელიც სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან შედარებით ინტელექტუალურია, მაგრამ საზოგადოებაში საკმაოდ არაპოპულარულია. ახლა ცდილობენ, რომ გვარამია სათავეში ჩააყენონ, რადგან სააკაშვილი პოლიტიკურად, მორალურად და ფიზიკურად პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორებულია.

„გვარამიათი ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ, როგორც შიგნით, ისე გარე უცხოელი ლობისტების მხარდაჭერით, მაგრამ ესეც წყლის ნაყვაა. „ნაცკონგლომერატი" ქართულ საზოგადოებას, მის ტრადიციებს და ფასეულობებს უპირისპირდება და აქ ყოველთვის წარუმატებლები იქნებიან, რაც არუნდა პოპულისტური პროგრამები შემოგვთავაზონ.

„ერთ წრეზე დარბიან, რაღაცას შეეცდებიან, მაგრამ მგონია, რომ ეს მცდელობა ისევ წარუმატებელი იქნება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე