კრემლმა ყირიმის ხიდის აფეთქება ტერაქტად შეაფასა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა და პასუხისმგებლობა უკრაინულ მხარეს დააკისრა, კიევი კი აცხადებს, რომ „ნებისმიერი უკანონო ნაგებობა ხანმოკლეა". როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ხიდის აფეთქება რუსეთისთვის დიდი დარტყმაა და გავლენა აქვს, როგორც სამხედრო-ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით.
17 ივლისს გამთენიისას ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. სამანქანო ნაწილში მოძრაობა შეწყდა, უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგია.
რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ სამსახურში ირწმუნებიან, რომ ყირიმის ხიდს ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, რის შედეგადაც ხიდის საავტომობილო ნაწილი დაზიანდა. უწყება მომხდარს ტერაქტად აფასებს.
„03:05 საათზე ყირიმის ხიდს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. ტერაქტის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილი. დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი", - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის" მუხლით აღიძრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ყირიმის ხიდზე თავდასხმაში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელით გაავრცელა.
ზახაროვას თქმით, „კიევის მმართველი რეჟიმი არის ტერორისტული და მას აქვს საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების ყველა ნიშანი, ხოლო კიევში გადაწყვეტილებები მიიღება აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით".
„დღევანდელი თავდასხმა ყირიმის ხიდზე განხორციელებულია კიევის რეჟიმის მიერ. გადაწყვეტილებები მიიღება უკრაინის ოფიციალური პირებისა და სამხედროების მიერ, ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურებისა თუ პოლიტიკოსების უშუალო ჩართულობით. აშშ და დიდი ბრიტანეთი ახორციელებს ტერორისტული სახელმწიფოებრივი სტრუქტურის მართვას", - წერს ზახაროვა ტელეგრამარხზე.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის მიერ ტელეგრამით გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია, რადგან „კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში მოხდა საგანგებო შემთხვევა". აქსიონოვი არ აკონკრეტებს, რა „საგანგებო შემთხვევაზეა" საუბარი. ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის თანახმად, ადგილზე „მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები და ყველა შესაბამისი სამსახური".
რუსული ტელეგრამ არხი „ბაზა" წერს, რომ ხიდის მალის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 1 დაშავდა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ყირიმის ხიდთან, კრასნოდარის მხარეს, ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგია.
ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა.
„ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა", - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე".
ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს. პროვოკაციების მოწყობა ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების და რუსეთისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა, - ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
„ასეთი პროვოკაციების შექმნა, რომელსაც ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება მაშინვე ძალიან ხმამაღლა ავრცელებს, ყირიმის ხელისუფლებისა და აგრესორი ქვეყნისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა", - განაცხადა გუმენიუკმა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად ნახევარკუნძულზე პანიკაა და არაა გამორიცხული, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდეს, ამასთან მისი თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ იქ მყოფი რუსი დაჯგუფების მომარაგების ერთი ნაკადი გადაიჭრება, რაც საბრძოლო მოქმედებებზე დიდ გავლენას მოახდენს.
„ოკუპირებულ ყირიმში გაქანებული ტურისტული სეზონია და არაა გამორიცხული, რომ პანიკამ ჩაშალოს. მეორეც, იქ მყოფი დაჯგუფების მომარაგება შემცირდება, რაც საბრძოლო მოქმედებებზე გავლენას მოახდენს, რუსებს შეუძლიათ, რომ მომარაგების ვარიანტი მარიუპოლის მიმართულებიდან გაჭრან, მაგრამ ორივე ნაკადით უფრო მეტად მარაგდებოდა.
„ყირიმის ხიდის აფეთქებას უფრო მეტად ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, პირველივე წუთებიდან ჩანს, რომ სერიოზულ პანიკაში და ფრუსტრაციაში არიან, ეს კი რა თქმა უნდა თავის გავლენას ახდენს. თუ ანექსირებულ ყირიმში პანიკის გამო ტურისტული სეზონი ჩავარდა, ეს რუსებისთვის საკმაოდ ცუდ გარემოებას ქმნის. როგორც ცნობილია, სამწუხაროდ, ორი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც შვებულებაში ყირიმის მიმართულებით მიდიოდნენ.
„როგორც რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თქვა, ყირიმის ხიდის აფეთქების გამო, შურს იძიებენ და ეს შურისძიება საკმაოდ სერიოზული იქნებაო. შესაძლოა ეს პასუხი იყოს ის, რომ კიევი დაბომბონ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით და ინტენსივობით. ასევე სხვა დიდ ქალაქებს, დნეპრს, ხარკოვს და ა.შ. სერიოზული ცეცხლი გაუხნან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება რუსეთისთვის დიდი დარტყმაა და გავლენა აქვს, როგორც სამხედრო-ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით.
„უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე სხვადასხვა ტიპის პროდუქტები სწორედ ყირიმის ხიდიდან შედიოდა, მათ შორის სამხედრო შეიარაღება. ასევე, რა თქმა უნდა, დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ეს ხიდი ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს და თავის დროზე დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა, მსვლელობისას ერთ-ერთ ავტომობილში კი თავად პუტინიც იჯდა.
„რაც შეეხება ტურისტების თვალსაზრისით ვითარებას, შარშანდელი აფეთქების მერე, ყირიმი უსაფრთხო ადგილი აღარაა და შედარებით ნაკლებ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ტურისტულად გაემგზავროს. რუსებს ურჩევნიათ, თუნდაც იგივე ოკუპირებულ აფხაზეთში, ან თურქეთში წავიდნენ.
„ყირიმის ხიდის აფეთქება რუსეთისთის დიდი დარტყმაა და დიდი გავლენა აქვს, როგორც სამხედრო-ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით", -განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე