რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას კვლავ „სარკისებური პასუხით" ემუქრება, ამჯერად მიზეზი ის კასეტური ბომბებია, რომლებიც პენტაგონმა კიევს გადასცა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ომის დასაწყისში ეს იარაღი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე გამოიყენა, პუტინის აღშფოთების მიზეზი კი ისაა, რომ ახლა უკრაინის ხელში საკმაო ძალაა.
ამის პარალელურად, რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს, ეს კი ანალიტიკოსთა შეფასებით ნიშნავს იმას, რომ საოკუპაციო ძალები უკრაინის მისამართით უფრო მეტ რაკეტას გაუშვებენ.
რას აპირებს რუსეთი
რუსეთი იტოვებს უფლებას მის წინააღმდეგ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას „სარკისებურად" უპასუხოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„აქამდე ეს არ გაგვიკეთებია, არც გამოგვიყენებია და არც ასეთი საჭიროება გვქონია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი დეფიციტის მიუხედავად და გვაქვს საბრძოლო მასალაც, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ - ჩვენ სარკისებური ქმედების უფლებას ვიტოვებთ", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთს ასეთი ჭურვების საკმარისი მარაგი აქვს.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ეს გადაწყვეტილება საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო მიიღო.
"უკრაინის არმია საომარ მოქმედებებში დღეში ხუთ-ექვს ათასამდე, ვთქვათ, 155 მმ კალიბრის ჭურვებს ხარჯავს, ხოლო შეერთებული შტატები თვეში 15 ათასს აწარმოებს. მათ არ აქვთ საკმარისი და ევროპასაც უკვე აღარ აქვს საკმარისი. კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შეთავაზებაზე უკეთესი ვერაფერი გამონახეს", - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის არის ორი რაკეტების მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის" გასროლა შეუძლია.
„ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა.
პენტაგონის გადაწყვეტილება და 2008 წლის შეთანხმება
აღსანიშნავია, რომ 13 ივლისს პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა კიევს კასეტური ბომბები გადასცა და უკვე უკრაინაშია განთავსებული.
კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული. 2008 წლის შესაბამის კონვენციაზე ხელი არ აქვს მოწერილი არც აშშ-ს და არც უკრაინას. გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, რომლებიც ამ შეთანხმებაში არიან, ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ეწინააღმდგებიან.
აღნიშნული იარაღი შორ მანძილზე გატყორცნის დიდი რაოდენობით მცირე ზომის ჭურვებს, რომლებსაც ადამიანების დასახიჩრება და მოკვლა შეუძლია თვეებისა და წლების შემდეგაც, მაშინაც კი თუ ომი უკვე დასრულებულია და დიდ საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.
ამიტომაც აშშ-მა უკრაინა გააფრთხილა - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 7 ივლისს განაცხადა, აშშ მიაწოდებს უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალებს იმ დათქმით, რომ უკრაინამ ის არ უნდა გამოიყენოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად.
უკრაინამ ამის საპასუხოდ 5 პრინციპი შეიმუშავა:
„1.უკრაინა ამ საბრძოლო მასალას გამოიყენებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული თავისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის, კასეტური იარაღი არ იქნება გამოყენებული ოფიციალურად აღიარებულ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე;
„2.კასეტური საბრძოლო მასალა არ იქნება გამოყენებული ქალაქის რაიონებში (ქალაქებში), რათა თავიდან იქნეს აცილებული საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. კასეტური საბრძოლო მასალა გამოყენებული იქნება მხოლოდ მოწინააღმდეგის თავდაცვითი ხაზის გასარღვევად რუსეთის სამხედრო ძალის თავშეყრის ადგილებში, უკრაინელი სამხედროების სიცოცხლისათვის „მინიმალური რისკის" პირობებში;
„3.უკრაინა მკაცრად აღრიცხავს ამ იარაღის გამოყენებას და იმ ლოკალურ ზონებს, სადაც მას გამოიყენებენ;
„4.ამ ჩანაწერების საფუძველზე, ამ ტერიტორიებისა და მთელი უკრაინის დეოკუპაციის შემდეგ, ამ ტერიტორიების განაღმვა იქნება პრიორიტეტული;
„5. უკრაინა ანგარიშს ჩააბარებს პარტნიორებს ამ საბრძოლო მასალების გამოყენების და მის ეფექტიანობის თაობაზე, რათა „უზრუნველყოს გამჭვირვალე აღრიცხვიანობის და კონტროლის შესაბამისი სტანდარტი", - დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
„მნიშვნელოვანი ძალა უკრაინის ხელში"
გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთმა კასეტური ბომბები უკრაინასთან ომში საწყის ეტაპზე უკვე გამოიყენა, პუტინის გაღიზიანების მიზეზი კი მისი აზრით ისაა, რომ უკრაინის ხელში მნიშვნელოვანი ძალაა ამ იარაღის სახით.
„რუსეთის სარკისებური პასუხი ის იქნება, რომ ისიც კასეტური ბომბებით უპასუხებს, ეს იარაღი არსენალში უკვე ორივე მხარეს აქვს. კასეტური ბომბების არგამოყენების თაობაზე შეთანხმებას არც ერთს არ მოუწერია და არც მეორეს.
„თუმცაღა, აღსანიშნავია, რომ რუსეთმა კასეტური ბომბები ომის საწყის ეტაპზე გამოიყენა და ახლა ეს საკითხი ასეთი სენსიტური რატომ გახდა ვერ გეტყვით. ეტყობა უკრაინის ხელში საკმაო ძალაა. ეს გადამწყვეტი იარაღი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ძალა არის",- განაცხადა გენერალმა.
კითხვაზე, რას ნიშნავს ის, რომ რუსეთმა შავ ზღვაში „კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდა, გენერალმა გვიპასუხა:
„ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინის მისამართით მეტ რაკეტას გაუშვებს, ეს ამას ნიშნავს სხვას არაფერს.
„საბრძოლო დაპირისპირება ჩვეულებრივ გრძელდება. კასეტური ბომბები ფორსიფიცირებული დაცვისთვის, როგორიც რუსეთს აქვს იმდენად ეფექტური არაა, ეს უფრო გაშლილ არეალში განლაგებული დაჯავშნული და ქვეითი დანაყოფების საწინააღმდეგოა, თუმცა უკრაინელები მას არტილერიის ჭურვებზე არანაკლები ეფექტიანობით გამოიყენებენ",-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ახლა იძულებული არა რუსეთი, არამედ უკრაინაა, რომ მოსკოვს სარკისებურად უპასუხოს კასეტური ბომბების გამოყენებაზე.
„პირიქით, უკრაინაა იძულებული, რომ სარკისებურად უპასუხოს, რადგან რუსეთი კასეტურ ბომბებს იყენებდა და დღესაც იყენებს, რომელიც საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია. მოსკოვმა ეს ბომბები 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენა.
„უკრაინა იძულებულია, რომ საპასუხო ზომებს მიმართოს, პუტინის აღშფოთების მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთი თანდათან სამხედრო უპირატესობას კარგავს, არა მხოლოდ ტერიტორიების დათმობის, არამედ შეიარაღების თვალსაზრისითაც.
„კასეტურ ბომბებს თავისი სამხედრო ეფექტი აქვს, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. რაც შეეხება მათგან საპასუხო ქმედებებს, ისედაც ვიცით, რომ რუსეთის საჰაერო თუ სარაკეტო დარტყმების 80%-ზე მეტი დასახლებულპუნქტებზე მოდის, რაც ჟენევის 1949 წლის კონვენციის დარღვევაა"-განაცხადა ჩიტაძემ.
ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილების საპასუხოდ მოსკოვმა უკრაინის მისამართით საჰაერო შეტევებს მოუხშიროს.
„არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა შეტევები გაზარდოს, მათ შორის საჰაერო და საზღვაო. ის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რაღაცნაირად შეაჩეროს",-განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე