კიევი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებისთვის დასავლურ იარაღს არ იყენებს და როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, თუ ნატოს პოზიცია არ შეიცვლება და „პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, მტერს საკუთარი იარაღით გაანადგურებენ".
როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, ზალუჟნის პოზიცია გასაგებია, თუმცა, დასავლეთის მიდგომაც ლოგიკურია, რადგან ამით ვითარების ესკალაციას თავიდან ირიდებენ.
გარდა ამისა, მათივე შეფასებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრიორიტეტული სამიზნეები - რუსული სამხედრო ობიექტები ჯერ კიდევ ბევრია.
„ომში მტრის მის ტერიტორიაზე მოკვლა შეიძლება და საჭიროა კიდეც, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ",- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ამავე ინტერვიუში, ზალუჟნი საკუთარ თავს კითხვას უსვამს თუ როგორ შეუძლია შეამციროს დანაკარგები.
ზალუჟნის თქმით, შეიარაღების უკმარისობის, დასავლური ავიაციის არმიწოდებისა და შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე მოკავშირეების პირობების გამო "უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვარს მიღმა ხშირი დარტყმებისთვის უკრაინული წარმოების იარაღს იყენებენ, რომლებსაც კიევი ოფიციალურად არასდროს არ აღიარებს".
"საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომღაც უნდა ვფიქრობდე, რომ იქ არაფრის გაკეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ პუტინი... ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან, ეს არ აინტერესებთ...
„ეს ჩვენი პრობლემაა, და ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში შეიძლება და საჭიროა [მტრის] მის ტერიტორიაზე მოკვლა. თუ ჩვენს პარტნიორებს საკუთარი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენის, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა ზალუჟნიმ.
ივნისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინა არ იყენებს დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის". მისივე თქმით, ამ საკითხზე დასავლეთის ქვეყნებს მისთვის არ მიუმართავთ.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ ბევრი რუსული სამიზნეა და მისი აზრით, ჯერ პრიორიტეტი ეს უნდა იყოს.
„გენერალმა ზალუჟნიმ განაცხადა, რომ თუ დასავლეთი უარს ეტყვის, რომ დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღი ზოგიერთი სახეობა რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ, მაშინ უკრაინა დაახლოებით იმავე დანიშნულების საკუთარ იარაღს გამოიყენებს, ამაში პრობლემა პრინციპში არაა.
„გარდა ამისა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზიდან შორ მანძილზე ჯერ კიდევ იმდენი სამიზნეა, რომლებისთვისაც დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღი საკმარისია.
„უკრაინა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ თავის წარმოების უპილოტო კამიკაძე დრონებს ისედაც იყენებს. დასავლეთი ამ პირობას უკრაინას იმიტომ უყენებს, რომ ვითარების ესკალაცია არ სურს და ის, რომ რუსეთს იმის თქმის საფუძველი მისცეს, რომ დასავლური იარაღით რომელიმე რუსული ქალაქი დაიბომბა.
„პრიოროტეტული სამიზნეები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონში, ზაპოროჟიეში და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სავსეა. აქ რუსული სმახედრო ობიექტები იმდენია, რომ ჩემი აზრით, ჯერ მათი განადგურებაა საჭირო", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ კიევი რუსეთის ტერიტორიაზე დასავლურ იარაღს გამოიყენებს, მაშინ შესაძლოა მოსკოვმა ეს ნატოს თავდასხმად ჩათვალოს და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ხელ-ფეხი გაეხსნას.
„ზალუჟნი სამხედრო პირია და არა პოლიტიკოსი, მისი მთავარი იდეა კი ისაა, რომ რუსეთის შიგნით არსებული ლოჯისტიკური და კომუნიკაციური სისტემები განადგურდეს, რისი მეშვეობითაც რუსები უკრაინის სიღრმეში ფრონტის ხაზს ამარაგებენ, ახლა უკრაინას ამ ხაზების გადაჭრის საშუალება შეიძლება ითქვას, რომ წართმეული აქვს.
„დასავლეთის სახელმწიფოები წინააღმდეგები არიან, რომ თავიანთი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იქნას გამოყენებული. თუ რუსეთის შიგნით დასავლური იარაღით თავდასხმა მოხდება, მოსკოვმა შესაძლოა ეს ნატოს თავდასხმად აღიქვას და ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
„დასვლეთის სახელწიფოების, მათ შორის აშშ-სა და გერმანიის ლიდერები, შესაძლოა ლოგიკურად მსჯელობენ და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერთის მხრივ სწორიცაა, მაგრამ სამხედრო სტრატეგიული კუთხით, უკრაინას დიდ პრობლემას უქმნის, რადგან ჯერჯერობით შეტევა ისე ვერ ხორციელდება, როგორც სამხედრო ლიდერშიპს უნდოდა.
„რუსული სამხედრო ობიექტების განადგურებისთვის საჭიროა შორსმსროლელი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, ასევე არსებობს სხვა შეიარაღებაც, რომლითაც შეუძლიათ, რომ მისწვდნენ. ამ იარაღს ძირითადად აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ნორვეგია აწვდიან. ბუნებრივია, ისინი ნებართვას არ აძლევენ", განაცხადა მაისაიამ.
მისი თქმით, დასავლეთის პოზიცია არ შეიცვლება.
„მგონია, რომ დასავლეთის ეს პოზიცია არ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის უკმაყოფილება გამოიწვიოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები მაღალ დანაკარგებზე მიდიან, რადგან რესურსები შეზღუდული აქვთ.
„სამხედრო ავიაციაც თუ მიაწოდეს, არა მგონია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამისი გამოყენების საშუალებაც მისცენ. ვარშავამ „მიგ 29"-ები გადასცა, მაგრამ ამისთვისაც პოლიტიკური ნებაა საჭირო, რადგან პოლონეთი ნატოს წევრია და პასუხისმგებლობა მასზეც მოდის. აქ პოლიტიკური კონტექსტია გადამწყვეტი",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე