ნაზი ბერიძე
(15.07.2023)

რა პესპექტივები აქვს ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში ან ცალცალკე საარჩევნო სუბიექტებად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - თვით ოპოზიცია პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდებს, ხელისუფლება კი ოპოზიციის კონსოლიდაციაში მხოლოდ მათ ზიანს და მარცხს ელოდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა ოპოზიციაზე, რომ რაც უფრო ერთად იქნებიან, მით უფრო მეტად დაზიანდებიან საბოლოო ჯამში. ამასთან, პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია დასავლელი პარტნიორებისგან იმართება და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს

„ისინი სინამდვილეში არ არიან ქართველი პოლიტიკოსები და ეს არის პრობლემა რასაც ჩვენ ვუყურებთ, მათთვის ავტორიტეტი არის არა ქართული საზოგადოება, არამედ სხვა საზოგადოებები.

„ხედავთ, მათ რეაქციები, მათ განსაკუთრებულ აღტკინებებს უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მიმართ. ამიტომ ეს არის პრობლემა, თუ არ არიან ქართველი პოლიტიკოსები, არც უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ქართველი ამომრჩეველი მათ მხარს დაუჭერს. რაც შეეხება გაერთიანებას, რაც უფრო ერთად იქნებიან, მით უფრო მეტად დაზიანდებიან საბოლოო ჯამში" - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს სწორედ ერთიანობის შემთხვევაში აქვთ საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების გარანტია.

„ოპოზიცია ძირითადად მისი საგარეო პარტნიორების იმედად არის და ნაკლებად ქართული საზოგადოების. იმიტომ, რომ, თუ ნახავთ მათ ბოლოდროოინდელ აქტივობებს, მუდმივად ისინი აპელაციას აკეთებენ დასავლეთზე, ევროპაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ა.შ. თვლიან რომ ისინი დაადებენ საქართველოს ხელისუფლებას სანქციებს, იქედან წამოვა სადამსჯელო ღონისძიებები, დაეხმარონ ოპოზიციას, რომ შეცვალოს ხელისუფლება. ფაქტიურად არ კეთდება აქცენტი ადგილობრივ საზოგადოებაზე.

„თვითონ დასავლელი პარტნიორები - ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და ზოგიერთი სხვა პოლიტიკოსის თუ მოღვაწის განცხადებები, რაღაცნაირად ოპოზიციას უქმნის იმის მოტივაციას, თუ დავუშვათ ისინი ხელს გამოიღებენ, დასავლეთი მათ გვერდით დადგება. შესაბამისად, ეს შეფასება რეალობას მოკლებული არ არის.

„რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთიანებას, ეს მცირე ჯგუფები, მე ვგულისხმობ „ძალა ერთობაშია", გაერთიანებული პატარ-პატარა პარტიები, რომლებიც არც ისე ცნობილები არიან ფართო საზოგადოებისთვის, ისედაც იყვნენ და დარჩებიან „ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი ელექტორალური რესურსი არ გააჩნიათ.

„რაც შეეხება შედარებით მეინსტრიმული პარტიების ალიანსს, ამ შემთხვევაში იკვეთება მხოლოდ „ნაცმოძრაობის" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ალიანსი.

„მომავალში, შემოდგომაზე უფრო ვიხილავთ სხვადასხვა პარტიების პოზიციების დაფიქსირებას მოსალოდნელ ერთიანობასთან დაკავშირებით.

„რა შანსები აქვთ ერთიანობის შემთხვევაში? თუ ასე მოხდა და პარტიები გაერთიანდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ფრთის ქვეშ, გასაგებია რომ ამომრჩევლის თვალში აქაც წამყვანი ძალა იქნება „ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად ყველა ეს ძალები იქნება აღქმული როგორც მასთან დაკავშირებული.

„ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას, როგორც გამოკვლევები აჩვენებს, არ უნდა „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ შედეგი ალბათ იქნება იგივე, რაც წინა არჩევნებზე. გარკვეულ პროცენტებს მიიღებენ, პატარ-პატარა პარტიები ალბათ მიიღებენ ერთ, ორ ან მაქსიმუმ სამ მანდატს და დარჩებიან მთავარ ოპოზიციურ ძალად.

„თუ მოკლევადიანი პერსპექტივით ვიმსჯელებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა აქ პრაქტიკულად და სტრატეგიულად, მათთვის „ნაც მოძრაობასთან" გაერთიანება უფრო მომგებიანია. იმიტომ რომ ვერ ახერხებენ პარტიები სხვანაირად ამომრჩევლის მოზიდვას და „ნაც მოძრაობასთან" კავშირით, ექნებათ შანსი რომ პარლამეტში მოხვდნენ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არანაირად არ უწყობს ამ პარტიების ჩამოყალიბებას, როგორც თვითკმარ პოლიტიკურ ერთეულად" - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც „რეზონანსთან" ოპოზიციის პერსპექტივებს გაერთიანებებში ხედავს. მათ უნდა ჰქონდეთ ახალი და საუკეთესო ერთობლივი ქმედება „ქართული ოცნების" დასამარცხებლად.

„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ჩვენ კარგად ვხედავთ რომ თვითონ დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას". დასავლელი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტრორიულ მთლიანობას და ამბობენ, რომ „ქათული ოცნება" უქმნის ქვეყანას პრობლემებს და იღებს შეკვეთებს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, ვინ არის ეროვნული ძალა საქართველოში და ვინ არა.

„რაც შეეხება პარტიების გაერთიანებას, მინდა გითხრათ, რომ კი ბატონო, თავისი მინუსი და პლუსი აქვს გაერთიანებას, პლუსი ის არის, რომ თუნდაც იგივე „სტრატეგია აღმაშენებელი", „დროა", „გირჩი", იგივე პოლიტიკოსებს ექნება შესაძლებლობა, მოხვდეს პარლამენტში.

„თუ მართლა ერთიანობა შედგა და საერთო სიაზე შეთანხმება. იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში შესაძლებელია რომ პოლიტიკურმა პარტიამ, პროდასავლურმა პარტიამ შეიძლება ვერ გადალახოს 5% -იანი ბარიერი.

„მინუსი არის ის, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, შედარებით ნაკლები პროდასავლური ორიენტაციის, სუბიექტი იქნება.

„საერთო ჯამში მე ვფიქრობ ერთობა არის საჭირო, ერთიანი ქმედება, ყოველგვარი უთანხმოების გვერდზე გადაწევა, ვგულისხმობ, თუნდაც ერთობლივი განცხადებებს, თუნდაც მოსახლეობასთან შეხვედრას, კონფერენციებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, შეჯერება სტრატეგიის და ტქტიკის როგორ დაამარცხონ „ქართული ოცნება" და ასევე, რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას, ალტერნატივა, რას გამოასწორებენ, რანაირად, კონკრეტული რეალური პროგრამებით" - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე