
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში მომსახურების სფეროს სტანდარტები მკვეთრ გაუმჯობესებას საჭიროებს.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრიორიტეტი ევროპელი ტურისტების მოზიდვაა. მათთვის სერვისის გასაწევად კი აუცილებელია მომსახურების სტანდარტები ამაღლდეს.
„ევროპელი ტურისტი ჩვენთვის არის არა მხოლოდ მატერიალური სარგებელი, არამედ ევროპული კულტურის დამამკვიდრებელი. მომსახურების სტანდარტები, რომლებსაც ისინი არიან ჩვეული, ჩვენც უნდა დავნერგოთ.
ჩვენი ტურისტული სერვისი 10-იდან შესაძლოა 4 ქულით შეფასდეს. არსებობს კუნძულები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებსაც კი უსწრებს, რადგან ხშირ შემთხვევაში, ევროპაშიც გვხვდება მომსახურების დაბალხარისხიანი სერვისები, მაგრამ საქართველოს მომსახურება მაღალი დონის სერვისად არ მოიაზრება. ჩვენთან არ არსებობს მაღალი დონის სტანდარტები.
ამიტომ სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სწავლების შესაძლებლობას მისცემს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ სერვისის ხარისხი, რომელიც ტურისტული ქვეყნისთვის აუცილებელია", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ გადაცემა „კომერსანტის დილაში" და დასძინა, რომ მაღალი დონის სერვისის მიწოდების გარდა, საჭიროა რომ მომსახურების სფეროში მომუშავე კადრებს განწყობის შექმნაც შეეძლოთ, რათა ტურისტები კმაყოფილი დარჩნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



