
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის გოგონას ბებიას გუშინ ბრალი მედიაზე ძალადობის გამო წარუდგინეს. საქმე ეხება "ფორმულას" ჟურნალისტზე, სალომე ბოკუჩავაზე თავდასხმას. ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი საქმის გასაშუქებლად 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ოჯახში მივიდა.
"ჩვენი გადამღები ჯგუფი ბათუმში 13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმის გასაშუქებლად ჩავიდა. ჩვენი მისვლისთანავე ქალმა გინება დაიყო. განუმარტე რომ პირველად ვიყავი მასთან, ის სახლიდან ყვიროდა, ჩვენ საერთო სივრცეში სადარბაზოში ვიყავით. შემდეგ გამოვარდა და თავს დაგვესხა. მნიშვნელოვანია, რომ ქალს ბავშვზე მეურვეობა აქვს აღებული და გამორიცხული არაა, დროებით ოჯახიდან გამოყვანილი ბავშვი კვლავ მასთან დააბრუნონ. მეზობლები ადასტურებენ, რომ ქალი ხშირად ნასვამ მდგომარეობაშია. ამბავი მძიმე და შემზარავია, რა ვითარებაში უწევდა 13 წლის ბავშვს ცხოვრება ამ კადრებითაც დასტურდება" - უთხრა "ამბებს" სალომე ბოკუჩავამ.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური:
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთი მოქალაქე ამხილასპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 13 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი თემო ხუხია ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნენ ქალაქ ბათუმში, მცხოვრებ ნ. ძ. - სთან, რა დროსაც ნ. ძ. გახდა აგრესიული და სალომე ბოკუჩავას ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, ასევე ორივე ხელი მოუჭირა თავზე და თავით მიაჯახა კედელს. ჟურნალისტმა აღნიშნული ქმედების გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ნ.ძ. - ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 14 ივლისს ნ.ძ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო" - ნათქვამია განცხადებაში.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



