ნიკა გვარამიას საქმისგან განსხვავებით, ანალიტიკოსები ამ ეტაპზე სააკაშვილის შეწყალებას არ მოელიან. ერთის მხრივ იმის გამო, რომ პროკურატურა ექსპრეზიდენტის მონაწილეობით სხვა საქმეებსაც იძიებს და თუ ის ციხიდან გამოუშვეს, შეუძლია სხვა საქმეზე გასცეს დაიჭიროს. ამასთან არც ელექტრონულ სამჯურშია გამოსავალი, რადგან, კარგად ახსოვთ, რა ბედი ეწია ნიკა მელიას სამაჯურს.
ზელენსკის ცნობილი განცხადების შემდეგ, ახლა უკვე უკრაინის უმაღლეს რადაში მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.
დამატებით 13 ივლისს 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას შეეძლება მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს იმ ვერსიას რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, რადგან მან არაერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია არა, მაგრამ თუ მაინც მოხდა შეწყალება განმეორდება უგულავას პრეცენდენტი.
„არა მგონია, რომ პრეზიდენტმა დღეს ეს ნაბიჯი გადადგას. მან თქვა არა და არასოდეს და ალბათ ის ამ პოზიციას დაიცავს მიუხედავად უკრაინელების და არა მარტო უკრაინელების პოზიციისა.
„ამასთანავე, მინდა გავიხსენო, იყო ასეთი მომენტი გიგი უგულავასთან მიმართებაში - მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უგულავა შეიწყალა და „ქართულმა ოცნებამ" ახალი ბრალით დააბრუნა ის ციხეში. ანალოგიური მოვლენა და პროცესი შეიძლება განვითარდეს დღესაც თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
„რაც შეეხება იმას თუ როგორ იმოქმედებს ეს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე, არა მგონია, რომ ამან რამე ძალიან არსებითად და კარდინალურად შეცვალოს. საქართველოს მოსახლეობის 2/3 სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ნამდვილად არ იბრძოლებს. უფრო პირიქით, გარკვეულწილად თვლის, რომ სააკაშვილს წვლილი მიუძღვის იმ ცხრაწლიან პერიოდში, როდესაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი.
„ამიტომ „ქართულ ოცნებას" არ აწუხებს, რას იტყვიან ევროპელი პარლამენტარები, არც უკრაინელები, ეს ფაქტორი შეაწუხებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი და მოსახლეობის 2/3-ის განწყობა ერთმანეთს დაემთხვეოდა. მაშინ იქნებოდა ხელისუფლებისთვის ეს მნიშვნელოვანი. მაგრამ რადგანაც ასე ასე არ არის, „ოცნებას" მანამდე ეყოლება სააკაშვილი ციხეში, სანამ ეს არის მისთვის მომგებიანი. როგორც ჩანს, ისინი თვლიან, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მომგებიანია. სააკაშვილი დღეს გინდაც გარეთ იყოს ან გინდაც უკრაინაში, ის საქართველოს ხელისუფლებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა შეიწყალოს ექსპრეზიდენტი, რადგან საქმე მსვლელობაშია და პროკურატურას ხელახლა შეეძლება მისი დაკავება - ამჯერად, სხვა საქმეზე.
„არის კიდევ ლაპარაკი მაგალითად ელექტრონულ სამაჯურზე, მაგრამ მე მგონი ესეც გამორიცხულია, რადგან მძიმე მოგონებებია სამაჯურთან დაკავშირებით ნიკა მელიას გადამკიდე. ნიკა მელიას სამაჯური არ ეკეთა და მოისროლა. სადაც ნიკა მელიამ მოისროლა სამაჯური, ახლა პრეზიდენტი კაცი, როგორც თვითონ იძახიან მისი ახლობლები -სახელმწიფოს დამფუძნებელი და მშენებელი, სამაჯურს მოისვრის, აბა რას იზამს?!
„სააკაშვილი რომც შეიწყალოს ზურაბიშვილმა, არსებით ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ეს ვეღარ შეიტანს, იმიტომ რომ მას აღარ აქვს ისეთი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მით უმეტეს, რომ სააკაშვილზე მისი ახლობლები იძახიან, ავად არის და ჭკუასუსტობა აქვსო," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე