ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტები სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტზე, ე.წ. ხელისუფლებასა და აფხაზური საზოგადოებას შორის დიდი დაპირისპირებაა. ცხარე კამათი იყო ე.წ. პარლამენტში ოთხშაბათს. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროექტი უნდა დაიბლოკოს, რადგან მისი მიღების შემთხვევაში, აფხაზეთში მასიურად ჩასახლდებიან უცხოელები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველები და აფხაზები კვლავ უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ამ პროექტს „ქართული ოცნების კანონიც" კი უწოდა.
კანონპროექტი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას აპარატის მომზადებულია და როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ბჟანიას და ოპოზიციური პარტია „ამცახარას" გარდა, მთელი აფხაზური საზოგადოება, ყველა სხვა ოპოზიციური და არაოპოზიციური პარტია ამ კანონის წინააღმდეგია.
მისივე პროგნოზით, რუსები მაინც თავისას გაიტანენ და ეს კანონპროექტი დამტკიცდება, რადგან მოსკოვიდან ბჟანიაზე წნეხი დიდია.
როგორ აფხაზური მედია წერს, 12 ივლისს აღნიშნულ კანონპროექტზე ე.წ. სახალხო კრების კომიტეტის - აფხაზეთის პარლამენტის სახელმწიფო და სამართლებრივი პოლიტიკის გაფართოებული სხდომა გაიმართა, შეხვედრას ესწრებოდნენ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანსუჰ ნანბა, ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი დე ფაქტო პარლამენტში, „იუსტიციის მინისტრი" ანრი ბარციცი, ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრები. შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენელი.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია გუნიამ აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების კანონპროექტს „ქართული ოცნების კანონი ლტოლვილების დაბრუნებისთვის" უწოდა. მას მიაჩნია, რომ აფხაზეთში ბინების ყიდვას „კიტოვანი და ყარყარაშვილიც" შეძლებენ.
„ქართველები მშენებლობაზე ფულს არ დაბლოკავენ, პირველ რიგში ისინი იყიდიან ამ აპარტამენტებს თავიანთი მოქალაქეებისთვის, დღეს მოვიწვიეთ „ქართული ოცნების" კანონი. სხვანაირად ვერ დავარქმევ", -განაცხადა ილია გუნიამ ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე.
დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა ლაშა აშუბამ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირებაზე განაცხადა, რომ „არასახარბიელო ფონი იქმნება", რაც „კონსტრუქციულ მუშაობას აფერხებს". მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები, იყო სხვადასხვა წინადადებები და შეფასებები, „შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ გააჟღერა გაფრთხილება, იყო ზეწოლაც".
მისივე თქმით, დისკუსიაში არ იყო ჩართული ყველა პოლიტიკური ჯგუფი და საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელსაც მონაწილეობის მიღება სურს.
რას გულისხმოს სადავო ე.წ. კანონი
აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).
ამ ე.წ. კანონის მიღების შემთხვევაში, შეიქმნება 2 მლნ კვ. მეტრი ახალი საცხოვრებელი ფართობი, რისთვისაც გამოიყოფა 300 ჰა მიწა.
2025 წლამდე მოზიდული იქნება 160 მილიარდი რუბლის ( დაახლოებით 5 მილიარდი ლარის) ინვესტიცია.
მშენებლობის დროს ხელფასების სახით გაიცემა 32 მლრდ რუბლი (დაახლოებით 990 მილიონი ლარი).
10 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 310 მილიონი ლარი) შევა დე ფაქტო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით.
ტურიზმის ბიზნესში შეიქმნება 13 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.
არსებულ გადასახადებს დაემატება აპარტამენტების მოსაკრებელი: 1000 რუბლი (დაახლოებით 31 ლარი) 1 კვ. მეტრზე, რაც დამატებით წელიწადში 2 მლრდ რუბლის (62 მილიონი ლარი) შემოსავალს გააჩენს.
30 ათასი აპარტამენტის მშენებლობა წელიწადში 1,5 მილიონით გაზრდის ტურისტების რაოდენობას აფხაზეთში.
დაიწყება აფხაზეთის გაზიფიკაციის პროგრამა, რომლის ღირებულება 59 მლრდ რუბლია (დაახლოებით 1.82 მილიარდი ლარი).
აპარტ-ოტელი - კანონპროექტის მიხედვით, ეს არის არასაცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე შენობისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთისგან, რომელიც ასევე მოიცავს არასაცხოვრებელ კომერციულ სათავსოებს ადამიანების დროებითი ადგილსამყოფლის სახით და სხვა კომერციული საქმიანობის წარმოებისათვის.
აპარტამენტი - ეს არის აპარატ-ოტელში მდებარე არასაცხოვრებელი კომერციული სადგომი არანაკლებ 20 კვადრატული მეტრი ფართობისა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი ოთახის, დასაძინებელი ადგილებისა და სამზარეულო ზონისგან.
რისი ეშინიათ აფხაზეთში
როგორც ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთიდან დე ფაქტო ხელისუფლებაზე წნეხი დიდია და დიდი ალბათობით, მოსკოვი თვაისას გაიტანს.
„ბჟანიას და „ამცახარას" გარდა, მთელი აფხაზური საზოგადოების მთავარი ღერძი, ყველა სხვა ოპოზიციური და არაოპოზიციური პარტია ამ კანონის წინააღმდეგია. „ამცახარას" და ბჟანიას თავიანთი არგუმენტები აქვთ, ამბობენ, რომ ფული სოციალური საჭიროებებისთვის, ინფრასტრუქტურული მშენებლობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის გვჭირდებაო.
„რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. მაგალითად, ბჟანია ამბობს, რომ ჩვენ უკვე ბათუმსაც კი ჩამოვრჩებითო. ორივე მხარეს თავის არგუმენტები აქვს, რომლის მოსმენის შემდეგ თმები ყალყზე დაგიდგებათ.
„რუსებისგან წნეხი სერიოზულია, რადგან მათ მობეზრდათ ფულის ყრა. მოსკოვში თვლიან, რომ იმ თანხის დიდი ნაწილი, რომელიც აფხაზეთს ეგზავნება, ორმოში გადაყრილია და უნდათ, რომ თავისი სარგებელიც ჰქონდეთ. რასაკვირველია ისინიც ტყუიან, რადგან იმ ფულით, რომელსაც ტრანშებად აძლევენ, აფხაზებს მართავენ. ჯერ ერთი, აგვიანებენ ხოლმე გადარიცხვას, როცა აწყობთ და როცა აფხაზები წრუწუნს იწყებენ, მაშინ გადაურიცხავენ. ეს ორივე მხრიდან მთლიანად ბინძიური თამაშია, მაგრამ რუსები თავისას გაიტანენ.
„ილია გუნია საზოგადოებრივი საბჭოს წევრია, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ პროექტში ქართველები იქნებიან ჩართული - ამაში რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველები ჩადებენ ფულსო და ისინი აფხაზეთში მასობრივად შემოვლენო, რადგან აპარტამენტს ვინც იყიდის, მის ქვეშ მიწაც იმისი იქნებაო; რაც ომით ვერ მოახერხეს, ამ პროექტით გააკეთებენო.
„აქ მდიდარი ქართველები არ ითქვა, მაგრამ იგულისხმებოდა. აქედან გამომდინარე დასკვნა ჰქონდათ, რომ ეს აფხაზეთის აღორძინების კი არა „ქართული ოცნების" პროექტიაო", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე