ია აბულაშვილი
(12.07.2023)

ვილნიუსის ნატოს სამიტთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში არ ცხრება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველო დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯებით, კარგავს იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც მიეცა უკრაინას - მაპის გარეშე გახდეს ნატოს წევრი და რომ საქართველოსთვის კიდევ მრავალი წელი დარჩება ნატოს კარი დახურული.

"მაპი რომ არაფერს ცვლიდეს, ნატო არ ჩათვლიდა საჭიროდ უკრაინისთვის ეთქვა, რომ მაპის გარეშე მიიღებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება მოხდა სწრაფად სწორედ განსხვავებული პროცედურებით და უკრაინას ფაქტობრივად უთხრეს, რომ ომის დამთავრების პირობებში მას ექნება იგივე შესაძლებლობა.

"საქართველოს კი უთხრეს, რომ დღვანდელი ხელისუფლების ჩაგდებული რეფორმების გამო, კიდევ მრავალი წელი დარჩება ჩვენთვის ნატოს კარი დახურული"- აცხადებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი. "ნაციონალურ მოძარობაში" კი მიიჩნევენ, რომ ვილნიუსში საქართველოს შეეძლო მიეღო ნატოში გაწევრიანის გამარტივებული პროცედურა, ახლა კი საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს.

მმართველ ძალა დარწმუნებულია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს მიწვევას ნატოში. რომ ნატოსთან თანამშრომლობა ძლიერდება და არ შესუსტებულა; ნატოს სამიტმა კი დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.

"საქართველოს ინტერესი ნატოში ინტეგრაციის მიმართ ურყევია და ასევე ურყევია ალიანსის ინტერესი საქართველოს მიმართ, საქართველო ალიანსს არანაირად არ სცილდება და პირიქით უახლოვდება, როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით" - აცხადებენ "ოცნებაში"

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ "რა მოცემუცლობაც იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პრაქტიკულად დარჩა ეს მოცემცულობა. ტექსტი მეტია უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა, ხარისხობრივად რაიმე არსებითი განსხვავება საქართველოს და უკრაინის ახალ მდგომარეობას შორის არ არის. თუ რაიმე რეფორმა არის დამატებით განსახორციელებელი, ამაზე მზად ვართ, ეს ყველაფერი არის კონსულტაციების საკითხი".

რა გზავნილი მიიღო საქართველომ ნატოსგან: ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეს მიხედვით, ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დამოკრატიულ რეფორმებში. ამასთან, ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყბვტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედეო გეგმით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი. რაც შეეხება უკრიანასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს, კომუნიკეს მიხედვით, უკრაინის მომავალი ნატოშია. "უკრიანის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას".

რა ნაბიჯები უნდა გადაედგა საქართველოს წარმატების მისაღწევად და რას უნდა ველოდოთ მომავალში - პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აბსურდულს უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ თითქოსდა საქართველო რეფორმებს არ ასრულებს და დამაბრკოლებებლია ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

"საზოგადოება ძალიან აჭრელებულია შეხედულებებში, მაგრამ, სრულიად მოკლებულია ლოგიკას, რომ რეფორმები არ სრულდება, როცა ნატოს წარმომადგენლების მხრიდან კეთდება შეფასებები, რომ საქართაელომ ალიანსის თითქმის ყველა დავალება შეასრულა.

"ლოგიკას მოკლებულია ისიც, თითქოს უკრაინას დაუკმაყოფილეს მოთხოვნა და მხოლოდ საქართველო არ მიიღეს ნატოში. რეალურად, უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის წაუყენეს პირობები: ეს არის ომის მოგება, რეფორმებთან დაკავშირებული მოთხოვნები უნდა შესრულდეს და ა.შ. ხელშესახები არის ის, რომ მაპის შესრულება არ იქნება საჭირო, ასევე შეიქმნება ნატო-უკრიანის საბჭო და დამთავრდა.

"ამიტომ ძალიან გაბრაზებული იყო ზელენსკი. უკრაინა ასეთ ომიშია და მაინც დარჩა გაწევრიანების გარეშე; რა ნაბიჯები უნდა გადაედგა საქართველოს შედეგი რომ გვქონოდა. ხომ არ შეიძლება პოლიტიკური გილიოტინის ქვეშ ყოველთვის ჩვენ დავდოთ თავი.

"რაც შეეხება პერსპექტივას, საქართველო რჩება ნატოს საიმედო პარტნიორად. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, აწარომოოს რეალური პოლიტკა და იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ დღეს ნატო არ არის მზად მიიღოს საქართველო, საბოლოო გადაწყვეტილება კი მიბმული იქნება როგორ დასრულდება რუსეთ- უკრიანის ომი.

"მე არც სკეპტიციზმი მომწონს და არც გამართლებული მგონია ოპოზიციის განცხადებები, თუცმა უნდა ითქვას, რომ ამ ორი წლის მანძილზე ბევრიც არაფერი გაგვიკეთებია, რომ წინ წავსულიყავით. 100%-ითაც, რომ შეგვესრულებინა ყველაფერი დღეს ნატო არ არის მზად მიგვიღოს ნატოში, საბოლოო გადაწყვეტილება მიბმული იქნება იმაზე, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე