მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ნატოში სამოქმედო გეგმის (მაპ-ის) გარეშე იღებენ, ალიანსის ქვეყნები კიევისთვის სამხედრო დახმარების ზრდაზე განსაკუთრებით გააქტიურდნენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს ფაქტიურად გზავნილია რუსეთისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში უკრაინას მხარს უჭერენ, რათა კიევმა ფრონტზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს.
მათივე განმარტებით, უკრაინას ახლა რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა დასჭირდება, რათა შეტევა არ შეანელოს.
ვინ გამოიჩინა ინიციატივა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით „პეტრიოტ"-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის. აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთის ტერორისგან დაცვისთვის და ასევე, საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება.
„მადლობას ვუხდი გერმანიას უკრაინის მრავალ და მრავალწლიანი მხარდაჭერის მზადყოფნისთვის. მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ყველასთვის საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკისვე თქმით, უკრაინა საფრანგეთიდანაც მიიღებს დახმარებას და შორს სასროლი შეიარაღების გარდა, დამატებით განაღმვის საინჟინრო მოწყობილობასაც მიიღებს. აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე შემდგომი თავდაცვითი მხარდაჭერის და დამატებითი შეიარაღების მიწოდების საკითხები განიხილეს.
„შევხვდი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. მთავარი თემა თავდაცვაა. მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ. განვიხილეთ შემდგომი თავდაცვითი მხარდაჭერის საკითხები, შევთანხმდით დამატებითი მოწყობილობის მიწოდებაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
გაერთიანებული სამეფო კი უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს, რომელიც აღჭურვილობის შეკეთებისა და უკრაინაში სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად იქნება განკუთვნილი, - ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებით, უკრაინა „ნასამს"-ის ორ დანადგარს და ათას „ბლექ ჰორნეტ"-ის დრონს მიიღებს. მისივე თქმით, აღნიშნული უკრაინისთვის ადრე გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობის გამძლეობას და მოქნილობას უზრუნველყოფს.
რატომ გააქტიურდნენ ნატოს ქვეყნები
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გააქტიურების მიზეზი და მიზანი ერთია, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდეს.
„ქვეყნები იმიტომ გააქტიურდნენ, რომ ეს ომი, რომ დამთავრდეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს და საომარი მოქმედებები ძალიან არ გაიწელოს, რადგან გაწელილი ომი მაინც რისკებთანაა დაკავშირებული, მას უფრო მეტი და კარგი შეიარაღება სჭირდება.
„საფრანგეთი რასაც მიაწვდის, ეს "შტორმ შადოუს" ფრანგული ვარიანტია, თავის დროზე ფრანგულმა და ბრიტანულმა საწარმოებმა ერთობლივად შექმნეს. უკრაინას ახლა ძირითადად რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ესაა ბევრი შორსმსლოლელი საბრძოლო მასალა.
„ჯერჯერობით "ეფ-16" ებზე საუბარი არაა, პილოტები მომზადებულები არიან, მაგრამ ვფიქრობ თავშეკავების მიზეზი უფრო პოლიტიკური ფაქტორია.
„უკრაინას ასევე ბევრი საბრძოლო მასალა სჭირდება, რომ არ გამოელიოს და შეტევა გააგრძელოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც ეტაპზე მცურავი ტრანსპორტიორები დასჭირდებათ, ავიაციის მიწოდებაც ძალიან კარგი იქნებოდა, ასევე შორსმსროლელი „ატაკამსი" და ა.შ.
„გავიგეთ კასეტური ბომბების შესახებ, რომელიც ჩემი აზრით, თავდაცვაში მყოფი მტრის წინააღმდეგ ძალიან ეფექტური იქნება. ეფექტურის დანაღმულ ველებში გასასვლელების გასაკეთებლად, ფართობების დასაბომბად. კასეტური ბომბები უკრაინის გამარჯვებისთვის დიდ როლს ითამაშებს",- განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანასთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის, რაც ნატოს დეკლარაციაშიც ჩაიწერა, რომ რუსეთი ნატოს უსაფრთხოების მთავარი მტერია.
"11 ივლისს დადებულ ნატოს დეკლარაციაში აღინიშნა, რომ რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის მთავარი მტერია და შეჩერებული უნდა იყოს. ამიტომაც განცხადებები, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუზრდიან, ფაქტიურად გზავნილია რუსეთისთვის.
„რუსეთს ნატოელებმა პირდაპირ მიანიშნეს, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში უკრაინას მხარს უჭერენ, რათა კიევმა ფრონტზე თავისი წარმატებები დააჩქაროს, ტერიტორიები გაათავისუფლოს და მერე უკვე ალიანსში გაწევრიანების საკითხო დადგეს. ძირითადი გზავნილი ესაა. როცა სტოლტემბერგმა თქვა, რომ კონსენსუსიაო, როგორც ჩანს ეს იგულისხმებოდა.
„ახლა უკრაინას განსაკუთრებით საბრძოლო ავიაცია სჭირდება, ჩემი აზრით "ეფ-16"-ებზეც დაიძვრება საკითხი, უბრალოდ პილოტების გადამზადება ჯერ კიდევ მიდის და როგორც ჩანს, ამასაც მიაწვდიან. შესაძლოა ჯერ ვადები დასახული არაა და არც ისაა გადაწყვეტილი რომელ თაობას გადასცემენ, მაგრამ მგონია, რომ „ლეოპარდების" მსგავსად საბრძოლო ავიაციის საკითხიც დადებითად გადაწყდება. შესაძლოა საფრანგეთმა და გერმანიამ თავიანთი ეროვნული თვითმფრინავებიც მისცენ",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე