რეზონანსი
(12.07.2023)

სიმართლე არის ერთი, საქართველო დღეს, ისე როგორც არასდროს აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, „თავდაცვის კოდექსი" ამაში ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო წაგვწევს წინ. საქართველო დღეს არის დემოკრატიული როგორც არასდროს და საქართველოს არათუ რუსული კანონი, ქვეყნის დამაზიანებელი კანონის მიღების მცდელობებიც არ აქვს. სამწუხაროდ, დაფასება ცოტა ნაკლებია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, ქვეყანა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე არაა დაფასებული უკრაინა, რომლის მოქალაქეებმა ჯერ კიდევ არ იციან, როდის მიიღებენ მათ ქვეყანას ნატოში.

„ჩვენი თავგანწირვა და გაწეული შრომა სამწუხაროდ არ ფასდება და პირდაპირ ვთქვათ, არც უკრაინას დაუფასდა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რამდენი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რუსულმა ოკუპაციამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ილაპარაკონ ამ თემაზე, დღეს უკრაინის მოქალაქემ არ იცის, როდის მიიღებენ ნატოში. ამ თავის შეწირვის და თავის გაწირვის, ამ უპრეცედენტო გმირობის მიუხედავად, უკრაინელმა ჯარისკაცმა არ იცის როდის მიიღებენ მის ქვეყანას ნატოში და კონკრეტულად რა პირობები იქნება მაშინ.

ზოგმა თქვა, ჩვენმა პარტნიორმა, კოლეგამ, მათ ვუდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ ესეც სათქმელია, ლიდერების დონეზე ითქვა, რომ უკრაინა მაშინ მიიღებს ნატოს წევრობას, როდესაც ომი დამთავრდება და რუსეთთან ომს მოიგებს. ასეთი მოცემულობა განსაზღვრეს წინასწარ და მას შემდეგ, რაც ყველა ქვეყანას დაითანხმებენ, რაც ომს მოიგებს და თავსებადი გახდება ნატოს სტანდარტებთან, ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ მათ ექნებათ მიწვევა ნატოში. უკრაინას არ უფასდება ჩემი აზრით და ბოდიში, თუ ძალიან სუბიექტური ვარ ამ განწყობაში. თუმცა, იმედია, რომ რაღაც საკითხები რაც შედარებით ადვილად გადაწყდა, მომავალში მაინც რაღაც გავლენას იქონიებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე