საქართველო ნატოში სამოქმედო გეგმით ე.წ. მაპ-ით გაწევრიანდება, ხოლო უკრაინა მის გარეშე - ამის შესახებ ნათქვამია ვილნიუსის სამიტის ალიანსის ვრცელ კომუნიკეში, სადაც ორგანიზაცია ადასტურებს ვალდებულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იქნა გაცხადებული.
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, უკრაინას გაწევრიანების შესაძლებლობა დიდი ალბათობით ომის დასრულებისას და გამარჯვების შემთხვევაში მიეცემა, ხოლო საქართველოს რაც შეეხება, "ქვეყანამ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს". ამასთან ამბობენ, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შედეგები საქართველოსთვის „მაპ"-ის მოცემა-არმოცემაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
აღნიშნულ კომუნიკეს თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ფაქტიურად სტატუს-კვო არ შეცვლილა, რადგან არც უკრაინასა და არც საქართველოსთან მიმართებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით " არავითარი კონკრეტიკა არ იყო".
რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, მათი თქმით, საქართველო ნატოში გაწევრიანების შემოკლებული გზის გარეშე "ოცნებამ" დატოვა", რადგან, ქვეყანაში შესაბამისი რეფორმები არ ტარდება.
რა წერია კომუნიკეში საქართველოსა და უკრაინაზე
ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, („მაპ") როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით.
"ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად.
„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები, რომლებიც საქართველოში მისი თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და დანარჩენი საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით, რომ სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
„ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (მაპ), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით; ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს... ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და მაქსიმალურად გამოიყენოს ANP", - წერია კომუნიკეში საქართველოს ნაწილში.
რაც შეეხება უკრაინას, კომუნიკეში ნათქვამია, რომ უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, თუმცა ალიანსი მხარს დაუჭერს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე.
"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის („მაპ") საჭიროებას. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე.
"მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას და განიხილავენ უკრაინის პროგრესს თავსებადობის კუთხით, ისევე როგორც დამატებითი დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების კუთხით, რომლებიც საჭიროა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად შეაფასებენ პროგრესს.
„ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები",- აღნიშნულია კომუნიკეში.
გამოხმაურებები საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოიციისგან
მაკფოლმა გამოაქვეყნა ინტერვიუ და ასეთი რამ განაცხადა: უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ერთადერთი, რაც გასარკვევი დარჩა - როგორ და როდის. ეს დამოკიდებულება, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ რეალურად დამოკიდებულება ასეთია, დარჩა სტატუს-კვო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მისი თქმით, რეალურად, სტატუს-კვო არ შეცვლილა.
„როგორც გუშინ არ იცოდა არავინ, კონკრეტულად, როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც, რაც ნიშნავს იმას, რომ სტატუს-კვო შენარჩუნდა. ძალაში არსებითად რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება, თუმცა ამის მიღმა არავითარი კონკრეტიკა არ იყო, რაც გასაგებიცაა.
„ამ დოკუმენტში დამოკიდებულება პირდაპირ აისახა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით. ნატო-ს აქვს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთთან კონფრონტაცია ნატო-ს სურვილი არ არის და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ არ გვაქვს რაიმე სიახლე, სტატუს-კვო არის შენარჩუნებული", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც იყო ბუქარესტის სამიტზე, ფაქტობრივად, იგივე სტატუს-კვოა შენარჩუნებული და იგივე ეხება უკრაინასაც.
„სტატუს-კვო შენარჩუნდა საქართველოსთვის და უკრაინისთვისაც, რაც ნიშნავს იმას, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს და არც უკრაინას. შესაბამისად, წინსვლაზე არ გვაქვს ჩვენ საუბარი, არ აქვს არავითარი წინსვლა. საინტერესო იყო, მაკფოლმა გამოაქვეყნა ინტერვიუ, თუ არ ვცდები, ერთ-ერთ რადიოს მისცა ინტერვიუ და ასეთი რამ განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ერთადერთი, რაც გასარკვევი დარჩა - როგორ და როდის.
„ეს არის დამოკიდებულება - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ რეალურად დამოკიდებულება არის ასეთი, დარჩა სტატუს-კვო და სტატუს-კვოს არსი არის ის, რომ დღესაც არავინ იცის, როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრი, რაც გასაგებია იმ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ნატო-ს რუსეთთან მიმართებით აქვთ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისთვის სამი პირობა დაუყენეს. პირველი პირობა არის ომის მოგება, მეორე პირობაა, რომ უნდა შესრულდეს რეფორმებთან დაკავშირებული მოთხოვნები და მესამე პირობა - უნდა იყოს სრული კონსენსუსი ნატო-ს წევრებს შორის.
კობახიძის განმარტებით, ამ სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც თუ არ დაკმაყოფილდა, ასეთ შემთხვევაში, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება.
„ანუ სამი ძალიან მკაცრი პირობა დაუყენეს უკრაინას-ნატოში გაწევრიანებისთვის, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც ნატო-ს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში დაფიქსირდა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კომუნიკეში წერია, რომ ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, შესაბამისად, არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა.
„წარმოიდგინეთ, უკრაინა გახვეულია ამხელა ომში და მაინც სტატუს-კვო დარჩა, ასეთ პირობებში რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, პროგრესი რომ გვქონოდა. მთავარი პრობლემა რა არის, როდის და როგორ - ამაზე პასუხი არ არსებობდა. როგორც არ არსებობდა გუშინდელ დღემდე, ასევე არ არსებობს გუშინდელს შემდეგაც.
„ანუ როდის და როგორ არავინ იცის. წარმოიდგინეთ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ამის მიუხედავად არავითარი პროგრესი [არ არის]. ასეთ პირობებში, საქართველოს, რა პროგრესისთვის უნდა მიღწია, თავადაც ხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად არარეალური იყო ", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეხება შეფასებებს ოპოზიციისგან, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი და ენმ-ს ყოფილი წვერი ხატია დეკანოიძე ამბობს, , საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი „ქართული ოცნების" რიტორიკიდან „პრაქტიკულად, გამქრალია".
„ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის გზა ხარისხობრივად ვერ გაუმჯობესდა. ჩვენ რომ გვყოლოდა ეროვნული, პროდასავლური ხელისუფლება, ნამდვილად სხვა მოცემულობა იქნებოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება, ბუქარესტის სამიტის ერთგულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია პრაქტიკულად, გამქრალია ყოველგვარი რიტორიკიდან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
„უკრაინასთან მიმართებაში გაცილებით უფრო სიცხადეა. 2024-ში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ვაშინგტონის სამიტზე ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ის, რაც ხდება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა," - განაცხადა დეკანოიძემ.
როდის გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის
თსუ-ს პროფესორი და "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქართული მხრიდან ჯერჯერობით აქტიურობა არ შინიშნება, თუმცა თუ უკრაინა რუსეთის ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდა, შსაძლოა საქართველოსთვის „მაპ"-ის მონიჭებაზე შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნას.
"ამ საკითხზე ქართული მხრიდან აქტიურობა არ შეინიშნება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას ამის არ სჯერა, აქედან გამომდინარე, სამიტზე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
"აქტიური მუშაობა არ მიდის და ეს განცხადებებიდანაც ჩანს, სანამ ნატოს თემას თავად ხელისუფლება აქტუალურს არ გახდის, ეს საკითხი მინიმუმ მოხსნილია, თუმცა „მაპ"-ის მონიჭებას მხოლოდ საქართველოს აქტიურობა არ გადაწყვეტს, არამედ გადაწყვეტს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებიც.
„თუ ყველაფერი კარგი სცენარით განვითარდა და უკრაინამ გაიმარჯვა, მაშინ შესაძლოა ე.წ. მომენტუმი გააჩინოს, როგორც ევროკავშირთან მიმართებაში გაჩნდა, ანუ შესაძლებლობების ფანჯარა გაიღოს და თუ ამ დროისთვის საქართველო აქტიური იქნება, უკრაინასთან ურთიერთობას დაალაგებდა, ასევე ანტიდასავლური გზავნილები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და დემოკრატიის უკუსვლა აღარ იქნება, შესაძლოა მომენტით გვრსარგებლა.
„თუმცაღა ახლა ისე ჩანს, რომ მოლფოვა, რომელიც ნეიტრალური და დსთ-ს წევრია, ის უფრო აქტიურობს და თუ შესაძლებობების ფანჯარა გაჩნდება, მან ისარგებლოს და არა ჩვენ, რაც გარკვეულ რისკებს აჩენს",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე