ბოლო წელიწადში კალეიდოსკოპის სისწრაფით განვითარებულ მოვლენებს, წესით, მნიშვნელოვანი ძვრები უნდა გამოეწვია პარტიების რეიტინგებში, თუმცა ბოლო კვლევებში ნათლად ჩანს, რომ რეიტინგები თითქმის არ იცვლება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ რაიმე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არ მოხდა, არც მომავალი არჩევნებისთვის შეიცვლება სიტუაცია კარდინალურად. მათი თქმით, მთავარია ისეთი მესამე პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს წაიყვანს.
ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევა ივნისში გამოქვეყნდა და სურათი ფაქტიურად არ შეცვლილა. ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა", რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუციაა, მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა, გამოკითხვები კი 25მაისი-14ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 37%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 25%-მა, გახარიას პარტია „საქართველოსთვის" კი 6%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად განაწილდა: ლეიბორისტული პარტია - 5%, გირჩი - მეტი თავისუფლება - 4%, ლელო - 4%, გირჩი (იაგო ხვიჩია) - 3%, სტრატეგია აღმაშენებელი - 3%, ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 3%, დროა - 2%, ალტ ინფო - 2%, მოქალაქეები - 2%, ხალხის ძალა - 2%, ევროპული საქართველო - 1%, პატრიოტთა ალიანსი - 1%.
მანამდე, 3 მაისს, გამოქვეყნდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა, გამოკითხვა 17-23 მარტს ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და ენმ-ს რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე იყო დაცემული. კითხვაზე, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, პასუხები ასე გადანაწილდა: 34% -არცერთი, 26% -არ ვიცი, 20% -ქართული ოცნება, 9% - უარი პასუხზე, 5% - ენმ, 6% - სხვა პარტიები.
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პარტიებში პირველ-მეორე ადგილის თემა გარკვეულია, და ძალიან მნიშნელოვანი რამ უნდა მოხდეს, რომ ეს მოცემულობა 2024 წლის არჩევნებამდე შეიცვალოს.
„პროცენტულობაზე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვფიქრობ, პარტიების რეიტინგის მხრივ არაფერი არ შეცვლილა, ეს ტენდენცია ათ წელზე მეტია გრძელდება. ყველა გამოკითხვით ყოველთვის პირველ ადგილზე „ოცნება" იყო, მეორეზე ენმ. ამ მხრივ არა მგონია, რომ ეს რეიტინგი კატასტროფულად რაიმეს შეეცვალა.
„საქართველოში პარტიებში პირველ-მეორე ადგილის თემა გარკვეულია, და კატასტროფულად რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეს მოცემულობა 2024 წლის არჩევნებამდე შეიცვალოს.
„აქ მნიშვნელოვანი პირველი-მეორე ადგილი კი არაა, არამედ ის, წვრილი პარტიები 5%-იან ბარიერს გადალახავენ თუ არა. თუ წვრილი პარტიებიდან ერთი ან რამდენიმე ჯგუფი გაჩნდება, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული ექნებათ, მაშინ „ოცნება" წავა იმაზე, რომ ბარიერი დაწიოს. მას მრავალპარტიული პარლამენტი ურჩევნია, რადგან ვაჭრობა ბევრთან უფრო შეიძლება, ვიდრე რამდენიმე სუბიექტთან. თუ ეს ვერ მოხერხდა და ორი პარტია დარჩა, ჩათვალეთ, რომ „ოცნება" ისევ ხელისუფლებაში დარჩება, არაფერი ამას არ უშველის.
„ელექტორატი ძირითადად სამ კატეგორიადაა ჩამოყალიბებული - „ოცნების" და ენმ-ის მხარდამჭერები და ისინი, რომლებსაც არცერთი არ უნდათ. ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში მოხდება ის, რომ მეტი ამომრჩეველი ისევ „ოცნებისკენ" წავა, ვიდრე ოპოზიციისკენ, ამიტომაც მუშაობა უნდა იყოს იმაზე, რომ მესამე ჯგუფი შეიქმნას, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული ექნება, გამოსავალი და კოალიციური მთავრობის აუცილებელი პირობა ესაა," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ „ოცნებას" უმრავლესობაში მოსვლა გაუჭირდება, რადგან 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული იქნება.
„თუ „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" გაერთიანდებიან, შანსი აქვთ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. შანსი „ლელოსაც" აქვს. ახლა პროპორციული არჩევნებია და მგონია, რომ „ოცნებას" უმრავლესობაში მოსვლა ძალიან გაუჭირდება. 2020 წლის არჩევნებზე „ოცნებამ" ოპოზიციაზე ნაკლები ხმა მიიღო და მაჟორიტარებით გავიდა, ახლა კი მისთვის გაცილებით რთული იქნება, თან თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და ამასთან, ნატოსთან მიმართებაშიც სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ.
„ოპოზიციის რეიტინგიც ძალიან არ ამაღლებულა, მაგრამ „ოცნებას" რომ მომავალ არჩევნებზე უმრავლესობაში მოსვლა გაუჭირდება, ფაქტია. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ჩემი აზრით ოცნება 25-30%-ს აიღებს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე