მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დამაიდებელი განცხადებებისა, რომ საქართველოს დეოკუპაცია მოხდება და დევნილები საკუთარ საცხოვრებლებს დაუბრუნდებიან, მიუხედავად მკვეთრი საერთაშორისო მხარდაჭერისა, ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი უშედეგო იქნება, აცხადებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სულ უფრო იზრდება ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
„ფონი კიდევ უფრო დამძიმებულია, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გრძელდება დესტრუქციული ქმედებები, რომლებსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები. ამ ფონზე იმართება ეს რაუნდი. მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს თავისი პარტნიორების მხრიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ჟენევაში სულ მზარდია, სულ უფრო იზრდება ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები. მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ძალიან დიდია რაოდენობა საქართველოს დაკავებული მოქალაქეებისა, რუსეთი პერიოდულად აკავებს ხოლმე საქართველოს მოქალაქეებს და იყენებს ხოლმე ამას, როგორც ზეწოლის მექანიზმს, შემდეგ კი რამდენიმე მათგანის გათავისუფლება უნდა წარმოაჩინოს, როგორც პოზიტივი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ცალსახად არის პროვოკაციული ნაბიჯი და, ზოგადად, პროვოკაციული პოლიტიკა", - განუცხადა ლაშა დარსალიამ ჟენევაში ჟურნალისტებს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ჟენევაში განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებები, სადაც ყველაფერში რუსეთის ფედერაციაა გამტყუნებული.
„ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდება ადამიანის უფლებების თუ საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეაგირების ფორმატი არის სწორედ ჟენევის მოლაპარაკებები, რათა საკითხები გადაიჭრას სწრაფად. საკითხების ამ ფორმატში გადაჭრა თუ ვერ ხდება, ჩვენ შემდეგ ინტერესებს ვიცავთ საერთაშორისო სასამართლოებში და, წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა უკვე გვაქვს როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადგენილია, რომ 2008 წლის ომში საქართველოს სახელმწიფო და ქართული ჯარი მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით და თუ ვინმე რაიმეს არღვევდა, ეს იყო რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ამ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ორივე სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან გვეხმარება. უკვე სამართლებრივად დადგენილია, რომ ყველა დარღვევა მიეწერება რუსეთის ფედერაციას და ჩვენ ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ცალკეულ დარღვევებსა და ინციდენტებზე კი აღარ გვიწევს საუბარი, არამედ უკვე ავტომატურად ვაყენებთ იმას, რომ ესაა სისტემური პრობლემა, რუსეთის პოლიტიკის პრობლემა და საკითხები უნდა გადაიჭრას სისტემურად, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები აღსრულდეს. საერთაშორისო სამართალი არის საქართველოს მხარეს", - განაცხადა ძამაშვილმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დღევანდელი ჟენევის შეხვედრების ამ რაუნდიდად ახალს არაფერს ელოდება.
„თამამად შემიძლია გითხრათ რომ ახალი არაფერი არ იქნება, მე არ ველოდები ამ ჟენევიდან რაღაც შედეგს და დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე. ჯერ არ ვიცი განცხადებები, მაგრამ ოსები და აფხაზები მოითხოვენ საქართველოსაგან ძალის არგამოყენებაზე ხელშეკრულების ხელმოწერას, საქართველო მოითხოვს, რომ განხორციელდეს დეოკუპაცია, რუსეთი მოითხოვს, რომ პირდაპირ კონტაქტები ჰქონდეთ აფხაზებს, ქართველებს და ოსებს და ყველა ეს სიმღერა უკვე გრძელდება 10 წელზე მეტია.
„ჟენევა საკმაოდ სერიოზული ინსტრუმენტია, სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - გაერო, ევროკავშირი და ეუთო. ჟენევის ფორმატი შეიქმნა 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესაბამისად, როდესაც ხელი მოეწერა მედვედევსა და სააკაშვილს შორის სარკოზის ხელმძღვანელობით 2008 წლის 12 აგვისტოს,.
„გარდა ამისა მონაწილეობენ ასევე სახელმწიფოებიც - საქართველო, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს უნიკალური ფორმატია. იქ ასევე ესწრებიან რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან ესწრებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. ასე რომ, ძალიან არეული ვითარებაა, დღემდე მხარეები არ ჩამოყალიბებულან, 10 წელზე მეტი გავიდა და ჯერ არ არის არცერთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც ჟენევის შეხვედრას სკეფსისით უყურებს. მისი აზრით, რეგიონის მომავალ გეოპოლიტიკურ კონტურებს უკრაინის კონფლიქტი განსაზღვრავს.
„მე ვერ ვხედავ, რომ რამე შეიცვალა, რადგან ის ტენდენცია, რაც ახასიათებდა ჟენევის მოლაპარაკებებს, სადაც პრინციპში რუსული სეპარატისტული მხარე მუდმივი „ბოიკოტის" რეჟიმში იმყოფებოდა, დარჩა ისევე, როგორც იყო. არაფერი არ შეცვლილა. წლებია ასე მოქმედებენ - იმ მომენტიდან, როცა შეიქმნა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი. ეს ფორმაა, რომ ყველაფერში წინააღმდეგობა გაუწიონ ქართულ მხარეს და იმ ჯგუფს, რომელიც შუამავლის ფუნქციას ასრულებს.
„რაც შეეხება იმას, მომავალში შეიცვლება თუ არა რამე, ვერ გეტყვით, მაგრამ საერთოდ, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ვიდრე ნათელი არ გახდება ამ კონფლიქტის შედეგი, მანამდე რთულია რამეზე ლაპარაკი," - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე