ოპოზიციას ამ განცხადებებში ალბათ ის ინტერესი აქვს, რომ „ოცნებას" ქვეყნის გაუბედურება, დაშლა-დანგრევა დააბრალოს. დააბრალოს იმ პარტიას, რომლის ადგილის დაკავებაც უნდა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს „ოცნების" ოპონენტების იმ განცხადებების შფასებისას, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი პარტია ნატოში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი დამაბრკოლებელია.
10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ნატოში სამოქმედო გეგმის, ე.წ. მაპ-ის გარეშე მიიღებენ, რასაც თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა.
„ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა შესაბამისი რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველო ვილნიუსიდან ხელცარიელი დაბრუნდება, ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში. საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გულშემატკივრობს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეს შეუძლებელს ხდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ასე რომ, სანამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით არ შევცვლით რუსული ოლიგარქიულ რეჟიმს, არავითარი პროგრესი ამ ქვეყანას არც ნატო-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არ ექნება", - განაცხადა „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ ნატო-ს 11-12 ივლისის სამიტი ახლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა „საქართველოს ხელისუფლება ძალადობის კამპანიის ორგანიზებით არის დაკავებული".
„ნატო-ში ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ არც კი, მიიწვიეს. არ მიიწვიეს სწორედ იმიტომ, რომ ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აჟღერებს და ატარებს, მათ შორის უკრაინის ომს აბრალებს ნატო-ს. ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ,რომ ბატონი ღარიბაშვილი ენმ-საც კი, აბრალებს ამ ომს. სწორედ ამიტომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულიც კი, არ არის ნატო-ს სამიტზე, სადაც საქართველო შესაძლებლობა ჰქონდა ამ ისტორიულ მომენტში უკრაინასთან ერთად მიეღო გარანტია, რომ მაპ-ის გარეშე სწრაფად გახდებოდა ნატო-ს წევრი. ამის ნაცვლად არის საერთაშორისო კონიუნქტურა, სადაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს სანქციებზე საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ოპოზიციის განცხადებები, თითქოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე „ოცნება" დამაბრკოლებელი ფაქტორია, არაობიექტურია და იმაზეა გათვლილი, რომ ენმ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
„ოპოზიციას ამ განცხადებებში ალბათ ის ინტერესი აქვს, რომ „ოცნებას" ქვეყნის გაუბედურება, დაშლა-დანგრევა დააბრალოს. დააბრალოს იმ პარტიას, რომლის ადგილის დაკავებაც უნდა, ამ განცხადებების საფუძველია, რომ თითქოს „ოცნება" რუსეთისკენ მიდის, არც ისაა სიმართლე, რომ რეფორმებს არ ვასრულებთ, რადგან თვითონ ნატოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველომ ალიანსის თითქმის ყველა დავალება საუკეთესოდ შეასრულა.
„ამასთან ვხედავთ, რომ გადამწყვეტი პოლიტიკური ნებაა და არა სხვა ფაქტორები, ისევე, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მოხდა. დაინტერესებულები იყვნენ, რომ უკრაინას და მოლდოვას „ევროპის კალთა" გადაჰფარებოდათ და ჩვენ მათ ინტერესში არ ვიყავით, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ანალოგიური იქნება ნატოს წევრობის საკითხიც, გააჩნია იმ მომენტისთვის ნატოს წევრ ქვეყნებს როგორი ინტერესი ექნებათ.
„რასაც ვუყურებ, ოპოზიციის ეს განცხადებები საკმაოდ ქმედითია, რადგან ადამიანები, რომლებიც საერთოდ პოლიტიკასთან კავშირში არ არიან, ამ გზავნილებს ავტომატურად იმეორებენ, რომ ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ, დავალებებს არ ვასრულებთ, ამით დასავლურ ორგანიზაციებში არ მიგვიღებენ. ეს შეძახილები, რასაც ოპოზიცია ამბობს და მედია განუწყვეტლივ იმეორებს, თავისას შვრება - ერთის მხრივ შიდა საზოგადოებაში და მეორეს მხრივ დასავლეთში.
„ეს შეძახილები ოპოზიციას კიდევ იმისთვისაც სჭირდება, რომ რამე რომ მოხდეს და მაგალითად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, ატყდება ლაპარაკი, რომ ამ ხელისუფლების ბრალია და ხალხი ქუჩაში გამოვა, როგორც ე.წ. აგენტების კანონზე მოხდა. ოპოზიციის მიზანიც ესაა, რომ ეს ხელისუფლება დაამხონ, ხელისუფლება თუ დაემხო, მის ადგილას ის მოვა, ვისაც ოპოზიციაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ასეთი არის ენმ, რომელსაც ლიდერი ციხეში ჰყავს. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მას დაიხსნიან. ასე რომ, ბევრი ხალხია დაინტერესებული იმის დაძახებაში, რომ ეს მთავრობა არასწორად მოქმედებს და არცერთ ევროპულ სტრუქტურაში ადგილს არ მოგვცემენ, მათ შორის ნატოში," - განაცხადა საყვარელიძემ.
ამბობს, რომ თუ უკრაინას ნატოში მაპის გარეშე გაწევრიანების საშუალება მიეცა, ანალოგიური მოკლე გზა ჩვენთვისაც უნდა გახსნილიყო, რადგანაც „საქართველოსაც ჰქონდა ომი".
„ასეთი ასიმეტრია ევროპული პოლიტიკის წინდაუხედავობაა. თუკი ომი ნატოში შესვლის საშვია, გაჩნდება კითხვა, რომ საქართველოსაც ხომ ჰქონდა ომი?! ასეთი დაუბრკოლებელი გზა რატომ არ მივიღეთ?! ასე კი გამოდის, რომ დასვალეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს იმ ქვეყნების მინართ, ვინც გეოგრაფიულად ევროპაში ერთიანდება და ვინც ტერიტორიულად მოწყვეტილია, ესე იგი გადამწყვეტი გეოგრაფიაა და სხვა არაფერი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე