თამთა ჩაჩანიძე
(10.07.2023)

ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი ხდება, რომ ნატოში კონსენსუსია - უკრაინას ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის მაპ-ის გარეშე მიიღებენ. ფინეთისა და შვედეთის შემდეგ, ეს უკვე მესამე პრეცედენტია და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ღია წერილიც გამოქვეყნდა, რომ "უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში". ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს საკითხი დიდი ალბათობით ქვეყნის მზაობის შესაბამისად გადაწყდება, თუმცა, შანსი ჩნდება.

აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს, ვილნიუსში, ნატოს სამიტში საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის (ალიანსში მიწვეული ქვეყნის სტატუსით), ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი.

სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება, 12 ივლისს ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

ზელენსკიმ გადაწყვეტილება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადების შემდეგ მიიღო, სადაც ამბობს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატო-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (მაპ) ამოღებაზე.

„მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატო-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია გაწევრიანებისთვის უკრაინის მიწვევის შესახებ სიცხადისთვის", - წერს კულება.

საქართველოს პოზიცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს წერს, სადაც აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები და გააუმჯობესა თავდაცვის შესაძლებლობები, „ნატო კი სამიტიდან სამიტამდე წევრობის შესახებ დაპირებას მხოლოდ იმეორებს".

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა.

„თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის" პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო".

„იყო რაღაც წინასწარმეტყველური ოც წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში ნატო-ს მიმართ. მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა.

„ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა. ნატო კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოხმაურებები იყო ოპოზიციისგანაც

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნას მიღებული ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე. ხოლო მას შემდეგ, რაც "რუსული ოცნება" შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, საქართველოც კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ნატო-ს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ნატო-ს დაუახლოვდეს.

„იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყანამ წინ წაიწიოს, აუცილებელია ორი მთავარი საკითხი - დემოკრატიულო რეფორმები და პოლიტიკური ნება და სურვილი იმისათვის, რომ გახდე ნატო-ს წევრი. სამწუხაროდ, არცერთი ამ მიმართულებით "რუსული ოცნება" არცერთ ნაბიჯს არ დგამს და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატო-ს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ ხელისუფლებისგან გასაგებია, რომ არაფრის იმედი და მოლოდინები არ გვაქვს.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნას მიღებული ძალიან მკაფიო, კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე. ხოლო მას შემდეგ, რაც "რუსული ოცნება" შეიცვლება, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოც გააკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს, რომ ნატო-ს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს," - განაცხადა ცისკარიშვილმა.

რა პერსპექტივა უჩნდება საქართველოს

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ექსპერტი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმის გარეშე, ნატოში უკრაინის მიღება მნიშვნელოვანი ამბავია და ეს უკვე ფინეთისა და შვედეთის შემდეგ, მესამე პრეცედენტი იქნება, რაც საქართველოსთვის შანსია და ეს შანსი ოფიციალურმა თბილისმა ხელიდან არ უნდა გაუშვას.

„ეს უკრაინისთვის მისალოცი ამბავია, მნიშვნელოვანი ფაქტია და ყოჩაღ უკრაინას, რომ მან იმის გაკეთება შეძლო, რაც მათ ნატოსკენ გზის შემოკლებაში დაეხმარება. ბოლო სამიტის დროს ამის შესაძლებლობები შეიქმნა და უკრაინამ კარგად გამოიყენა, მხედველობაში მაქვს ის, როცა შვედეთმა და ფინეთმა მაპის გარეშე მოწვევა მიიღეს.

„ეს ის პროცესი იყო, რაზედაც საქართველოს მთავრობასაც არაერთხელ მივუთითებდით, რომ მას ყურადღება გაემახვილებინა. სამწუხაროა, რომ ეს მოკლე გზა მხოლოდ ურკაინისთვისაა და არა საქართველოსთვის, ამ დროს კი შეიძლებოდა, რომ ჩვენთვისაც ყოფილიყო.

„თუმცაღა, მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში ეს უკვე მესამე პრეცედენტი იქნება, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს და ამ შანსით ისარგებლებს, რომ საქართველოს საკითხიც დღის წესრიგში დადგეს.

„რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, სამწუხაროა, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები არ იქნებიან, არც პრეზიდენტი და არც პრემიერი, რაც თავისთავად ცუდია.

„სამიტის მიმართ დიდი მოლოდინები არ მაქვს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტი და პრემიერი არ დაესწრებიან, არამედ იმიტომაც, რომ ნატოსთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების სათანადო აქტივობას სამწუხაროდ ვერ ვხედავ. დიდი მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ ეს ის საკითხია, რომლითაც ჩვენ უნდა ვსარგებლობდეთ და ვისარგებლოთ, რადგან ასეთი პრეცედენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წელიწადნახევარია, რაც უკრაინა რუსეთის აგრესიას უმკლავდება და თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ დამსახურებას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არ დაუკარგავდა. რაც შეეხება საქართველოს, მენაღარიშვილის აზრით, ეს საკითხი ქვეყნის მზაობის შესაბამისად გადაწყდება.

„არ ვიცი ეს ინფორმაცია უკრაინელ მეგობრებს საიდან აქვთ, მაგრამ ეს პრაქტიკულად რაიმეს არ ცვლის, რადგანაც უკრაინას სერიოზული შანსი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უკრაინელმა ხალხმა თავის თავზე რუსეთის აგრესიასთან მართლაც გმირულად აიღო და ეს თავიდანვე ნათელი იყო და ბუნებრივია უკრაინას ამგვარ დამსახურებას არავინ დაუკარგავდა.

„ომის დამთავრების შემდეგ, ნატოში უკრაინის მიღების პერსპექტივა სრულიად ნათელია. რაც შეეხება საქართველოს, არა მგონია, რომ ამას რაიმე გავლენა ჰქონდეს ჩვენთან მიმართებით, რადგან თუ უკრაინა მაპ-ის გარეშე მიიღეს ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსაც ამგვარი პერსპექტივა უჩნდება, ჩვენი საკითხი ჩვენი დამსახურების და მზაობის შესაბამისად გადაწყდება.

„მიმაჩნია, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე წარმატებით მიდის, თუმცა ყველაფერი უნდა გავითვალისწონოთ, მათ შორის ქვეყნის მზაობა, შიდა ერთიანობის თემა და ა.შ.

„ვილნიუსის სამიტზე ალბათ რაღაც დოკუმენტი იქნება, რომელიც უკრაინისა და საქართველოს კიდევ ერთხელ მხარდამჭერი იქნება. შესაძლოა კონკრეტული გადაწყვეტილებაც კი იყოს ცალკეული სპეციფიური საკითხების თაობაზე, მაგრამ ეს ალბათ დეკლარაციული იქნება.

„თავის დროზე ნატოს გააქტიურებული მხარდაჭერა სწორედ ერთ-ერთ სამიტზე იქნა მიღებული და შეიძლება ნატოს შემდგომი ნაბიჯების ამგვარი ფორმა იყოს, რომელიც საერთო ჯამში საქართველოს ნატოში მისწრაფებას ხელს შეუწყობს და წაახალისებს",- განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე