კიევს მიაჩნია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის უმოკლეს ვადებში დასრულება დიდი ალბათობით უკრაინის ხარჯზე და ტერიტორიების დათმობით მოხდება და როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ამას არ დათანხმდებიან. ეს გზავნილი ზელენსკიმ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ გააჟღერა. როგორც ტრამპი ირწმუნება, ის რომ მოქმედი პრეზიდენტი იყოს, უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულებას შეძლებდა.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დღეს უკრაინას დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა აქვს, მაგრამ, თუ მოხდა ისე, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა ვერ მოხერხდა, შესაძლოა კონფლიქტის გაყინვაზე დასავლეთიდან ზეწოლა გაძლიერდეს.
ამასთან მიიჩნევენ, რომ აქ მნიშვნელოვანია 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები და თუ რესპუბლიკელების კანდიდატმა გაიმარჯვა, შესაძლოა უკრაინის დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოცემულ დრომდე გაგრძელდა.
ერთადერთი სურვილი, დაასრულო ომი, მშვენიერია, მაგრამ ეს სურვილი რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, ის რომ პრეზიდენტი იყოს, უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულებას შეძლებდა.
„ისე, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს უკვე ჰქონდა ეს 24 საათი თავის დროზე. ჩვენ ვიყავით ომში, არა სრულმასშტაბიან ომში, მაგრამ ვიყავით ომში და ჩემი ვარაუდით, მის განკარგულებაში ეს დრო იყო, მაგრამ სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონოდა.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე უკრაინის ხარჯზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ვფიქრობ, ამ გზით ბაიდენს მისი დასრულება თუნდაც ხუთ წუთში შეუძლია, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდებით", - აღნიშნა ზელენსკიმ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" ამბობს, რომ დასავლეთშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ტრამპის მოსაზრებას იზიარებენ, თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს.
„სამწუხაროდ დასავლეთშიც არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ტრამპის აზრს იზიარებენ, უნგრეთის ფაქტიც საკმარისია. მგონია, რომ თურქეთიც გარკვეულწილად ორჭოფობს, ასეთივე პოზიცია აქვთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებს.
„რაც შეეხება ბაიდენის ადმინისტრაციას, პირიქით, ფიქრობს, რომ ომის დასრულება უკრაინის ხარჯზე არ უნდა მოხდეს და ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე და გამარჯვებამდე მიიყვანოს.
„აქვე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებია გასათვალისწინებელი, თუ „რესპუბლიკელებმა" გაიმარჯვეს და იმ დროისთვის ომი კვლავ იქნება, შესაძლოა ტრამპის მოსაზრება გაიზიარონ.
„ჩემი აზრით ტრამპი რასაც ამბობს, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა, კონფლიქტს უბრალოდ გაყინავდა და შეეცდებოდა, რომ ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესვა. უკრაინის დახმარებას შეაჩერებდა, უკრაინა კი რუსულ აგრესიას ვეღარ გაუმკლავდებოდა და იძულებული გახდებოდა კონფლიქტი გაეყინა.
„ახლა ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლებია და თანასწორი მდგომარეობაა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული მოვლენები შემდგომ როგორ განვითარდება.
„რუსეთი მთლად ხელდაკრეფილი არაა და წინა წარუმატებლობებიდან დასკვნები გამოიტანა, შესაბამისად, ტაქტიკაც შეცვალა და ახალი შეიარაღებაც შემოიტანეს და სამწუხაროდ სტრატეგიულ თავდაცვით ბრძოლებს წარმატებით ახორციელებენ.
„გაჭიანურებული პოზიციური ბრძოლებია და ალბათ კიდევ ორი წელი გაიწელება, რადგან მხარეებს ისეთი გეოსტრატეგიული ამოცანები აქვს დასახული, რომ ეს მალე ვერ განხორციელდება," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს უკრაინას დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა აქვს, მაგრამ თუ ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი გარდატეხა არ იქნა, შესაძლოა ზეწოლა გაძლიერდეს ომის დასრულებაზე.
„ასეთი საუბრები ყოველთვის იყო, თუმცა არაოფიციალური, არამედ ექსპერტების დონეზე, რუსულ მხარესთან შეხვედრები იყო, რომ გაეგოთ თუ წითელი ხაზები სად გადის, მაგრამ ოფიციალურად ამაზე არავინ არ საუბრობს. ჯერჯერობით დასავლეთს არ შეუძლია მორალურად და პოლიტიკურად უკრაინას მხარი არ დაუჭიროს.
„თუ სამხედრო ოპერაციები დიდხანს გაიწელა, შესაძლოა ეს საკითხი დადგეს, რადგან თუ უკრაინელები გარდატეხის შეტანას ვერ მოახერხებენ, მერე შესაძლოა ეს ზეწოლა უფრო გაიზარდოს. ამ ეტაპზე ეს ჯერ არსად არ ჩანს, არ ვიცი კულუარებში რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინა ახლა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს.
„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაშიც ბუნებრივია, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ ბაიდენის მოვალეობაც ისაა, რომ ამ ხალხის მოსაზრება შეაჯეროს.მთავარი მაინც ისაა ბრძოლის ველზე მოხდება თუ არა გარდატეხა, როგორც კი გარდატეხა შემოვა, ეს დასავლეთის დახმარებას კიდევ უფრო გაზრდის",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე