ნაზი ბერიძე
(09.07.2023)

უკრაინა ახლა მზად არ არის ნატოს წევრობისთვის და „რაციონალური გზა უნდა გაიაროს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სი ენ ენ-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" განმარტავენ, უკრაინისთვის გამოიძებნება ალტერნატიული გზები, ომის დასრულების, სამხედრო თუ ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში. ვინაიდან ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი - ცხელი ომის პირობებში იმყოფება და კომპენსაციის სახით სავარაუდოდ დასავლეთიდან დამატებით მატერიალურ-ფინანსურ დახმარებასაც მიიღებს.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამ ეტაპზე ვერ მოხდება ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, თუმცა გამოიძებნება „რაციონალური გზა"

„არა მგონია, რომ ახლა იგი (უკრაინა) ნატოს წევრობისთვის არის მზად... არა მგონია, რომ ნატოში ახლა ერთსულოვნება არსებობს იმაზე, შევიყვანოთ თუ არა უკრაინა ნატოს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, შუაგულ ომში. მაგალითად, თუ ამას ვიზამთ, მაშინ, იცით, სრულიად მზად ვართ ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ, რომელიც ნატოს ტერიტორიაა.

„ეს ვალდებულებაა,რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ მიუხედავად ყველაფრისა. თუ ომი გრძელდება მაშინ ყველანი ომში ვართ... ამიტომ ვფიქრობ, რომ რაციონალური გზა უნდა გავაგრძელოთ, რათა უკრაინას შეეძლოს ნატოში შესვლის კანდიდატი იყოს" - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება პროცესია, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ შორის დემოკრატიზაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრა.

„სანამ პროცესი გრძელდება, შეერთებული შტატები მზად იქნებიან მიაწოდონ უკრაინას იარაღი, როგორც უსაფრთხოება, თავდაცვის შესაძლებლობა, როგორსაც ისრაელისთვის უზრუნველვყოფთ" - განაცხადა ბაიდენმა.

როგორც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატოს წევრობას იმსახურებს.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს ნატოს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი. სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული" - განაცხადა ერდოღანმა.

მანამდე, პარასკევს, 7 ივლისს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის უკრაინა გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინა მიიღებს ისეთივე სტატუსს, როგორც ისრაელი და ამასთან, უსაფრთხოების გარანტიებს. ასევე ჩამოყალიბდება ნატო-უკრაინის საბჭო, სადაც უკრაინას ექნება განსაკუთრებული სიტყვის უფლება.

„ჯერჯერობით ნატოში გაწევრიანების გზაზე არამარტო უკრაინას აქვს გარკვეული პრობლემები, შვედეთიც კი ვერ გაწევრიანდა.

„ნატოს სტანდარტები ცოტა მაღალია, არის სხვა კონიუნქტურა, ამიტომ ამერიკელების ლობირებისა და სხვა ქვეყნების ლობირების მიუხედავად ვილნიუსის სამიტზე ალბათ ვერ მოხდება უკრაინის გაწევრიანების თემის დაჩქარება და განვითარება და ა.შ.

„აქედან გამომდინარე ამერიკელებმა გამონახეს ის ვარიანტი, ალტერნატიული გზა, რომ უკრაინას მიანიჭოს ისეთივე სტატუსი, როგორც ისრაელს. არა ნატოს სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი - ამერიკა აიღებს თავის თავზე უკრაინის სამხედრო პოლიტიკურ პირობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რაც აშშ-მ გააკეთა ისრაელის მიმართ.

„უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ნატოსაგან მიიღებს ნატო-უკრაინის თანამშრომლობის საბჭოს ჩამოყალიბებას. ეს იქნება განსაკუთრებული სიტყვა გარკვეულ სამხედრო-პოლიტიკურ სამხედრო ტექნიკურ ურთიერთობების განვითარების სფეროში.-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" რაციონალური გზის დეფიცინირებად ამბობს, რომ უკრაინისთვის დაისახება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იდეა და თუ ვინ ითამაშებს მედიატორის როლს ამ დაპირისპირებაში რომ ომი დასრულდეს. უკრაინა კომპენსირებისთვის უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს დასავლეთიდან.

„მე ვფიქრობ რომ ეს არის კომპრომისის გზის ძიება თავად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის, იმიტომ, რომ სიახლე არ არის ის, რომ ნატოში ახალი წევრების მიღება, ვგულისხმობ უკრაინას და საქართველოს, ყოველთვის გარკვეულ სკეპტიკურ განწყობებთან არის დაკავშირებული. უხეშად გეოგრაფიულად რომ ვთქვათ, დასავლეთ ევროპა უფრო ეწინააღმდეგება ახალ წევრების მიღებას, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის შედარებით ახალი წევრები ნატოში.

„აქედან გამომდინარე ეს კომპრომისი ჩვენ თავის დროზე ვიხილეთ 2008 წელს, როდესაც აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტს ბუშს სურდა საქართველოს და უკრაინის მყარი გარანტიების გაცემა ნატოში მიღებაზე, მაგრამ მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ბუქარესტის სამიტის დათქმა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები.

„ახლა უკვე სიტუაცია გაცილებით რთულია საქართველოსგან განსხვავებით. უკრაინა რუსეთთან ცხელ ომშია ჩართული. ბუნებრივია, ამას არა მხოლოდ დასავლეთ ევროპის, არამედ უფრო აქეთ, ცენტრალური ევროპის ქვეყნებიც შეეწინააღმდეგონ.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ნატოს წესდებაში მთავარი მე-5 მუხლია, რომელიც არის ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. აქედან გამომდინარე, პრაგმატულად მოაზროვნე და თავისი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ნამდვილად არ სურთ პირდაპირი საომარი კონფრონტაცია, ბირთვული იარაღის მქონე არაპროგნოზირებად პუტინის რუსეთთან.

„მე ვფიქრობ გარკვეულწილად უკრაინა ნატოში არის ირიბად შესული იმ თვალსაზრისით, რომ მას მეხუთე მუხლი არ იცავს, მაგრამ, თითქმის ყველანაირი შეიარაღება მიეწოდება ავიაციის გარდა, ასევე სამხედრო წვრთნა მაგრამ არა ცოცხალი ძალის დახმარება, თითქმის ყველანაირი დახმარება აქვს უკრაინას დასავლეთიდან.

„თუმცა ერთხელ და სამუდამოდ ეს ომი უნდა დასრულდეს, ნებისმიერი ომი სრულდება მშვიდობიანი გზით. ვფიქრობ ვილნიუსის სამიტზე პირველად იქნება იმაზე საუბარი, რომ გასაგებია უკრაინის პერსპექტივა შორეულია ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ როგორ დასრულდეს ეს ომი? ვისი შუამავლობით, თურქული შუამავლობით თუ ჩინური შუამავლობით.

„ჩვენ ვიცით, რომ ჰააგის მიერ სანქცირებული პუტინი აღარ დაელაპარაკება დასავლელ შუამავლებს. ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი ნატოს წევრი სახელმწიფოების დღის წესრიგში და ახლა ეძებენ დიპლომატიურ-პოლიტიკურ ოქროს შუალედს. შეიძლება იყოს იმედის მომცემი ფრაზები, დათქმები, დაპირებები, მაგრამ ობიექტური და მწარე რეალობაა უკრაინისთვის, ისევე როგორც ოკუპირებული საქართველოსთვის, რომ ნატოში ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაციის პერსპექტივა, ჯერ კიდევ შორეულია.

„ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა მიიღებს მეტ სამხედრო დახმარებას, მეტ სამხედრო წვრთნას, ვნახეთ რომ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ეგრედ წიდებული კასეტური ჭურვები მიაწოდოს უკრაინას.

„მე ვფიქრობ რომ ნატოს წევრი ქვეყნები ერთგვარ საკომპენსაციოდ რომ კარი ბოლომდე არ გაიღო უკრაინისთვის, ალბათ დამატებით მატერიალურ-ფინანსურ სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდებიან, მაგრამ ამავე დროს იქნება ინტენსიური მსჯელობა იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ როგორ მოხდეს მშვიდობის, დროებითის მაინც უკრაინის მიწა-წყალზე დამყარება" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე