უკრაინელები გასული 24 საათის განმავლობაში ქალაქ ბახმუტის გარშემო ერთი კილომეტრით დაწინაურდნენ. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და რუსებს მცირე კონტრშეტევები აქვთ, თუმცამ ინიციატივა უკრაინულ მხარესაა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით კი რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და მის გარშემო არსებული ობიექტების დანაღმვას. მათივე ცნობით, ძირითადად გამოიყენება საბჭოთა წარმოების ნაღმები: MON-50, MON-90, MON-100, MON-200
„ტექნიკურ და სამანქანო ოთახებში დამონტაჟებულია ნაღმების ფეთქებადი ბარიერები, რომლებიც შედგება დისტანციურად კონტროლირებადი და უმართავი ქვეითსაწინააღმდეგო მიმართულების ნაღმებისგან" - აცხადებს უკრაინის დაზვერვა.
უკრაინული მხარე რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო აფეთქების შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობს. განცხადებები გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც. როგორც ის დაზვერვაზე დაყრდნობით ამბობს, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის სახურავებზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს. რუსეთი ბრალდებას ტრადიციულად უარყოფს.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით კი ოკუპანტებმა შაბათს დილით ლიმანი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა.
„რუსული ტერორისტული ძალების მიერ ლიმანის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.
დაახლოებით დილის 10 საათზე, რუსებმა ქალაქს რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. დაზიანებულია სახლი და მაღაზია", - წერს კირილენკო.
როგორც კირილენკომ აღნიშნა, ადგილზე პოლიცია მუშაობს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულ ყოველდღიურ მოხსენებაში წერს, რომ მოსკოვს არ სურს ბახმუტის დათმობა, მაგრამ არ აქვს რეზერვები მის დასაცავად.
მათივე ცნობით, ივნისში შედარებითი სიმშვიდის შემდეგ, ბახმუტი კვლავ გახდა ყველაზე სასტიკი ბრძოლების ცენტრი კონტაქტის ხაზზე.
"უკრაინული ძალები სტაბილურად მიიწევენ ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის კონტროლის ქვეშაა. მათი [ოკუპანტის] ქვედანაყოფები ფრაგმენტირებულია და მათი შესაძლებლობა უკრაინული არტილერიის პოვნისა და დარტყმისთვის ძალიან შეზღუდულია.
რუსეთის ხელმძღვანელობა ბახმუტის დათმობას, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, პოლიტიკურად მიუღებლად თვლის. თუმცა, სავარაუდოდ, მას არ აქვს დამატებითი რეზერვები, რომლებიც შეიძლება ამ მიმართულებით გადაისროლონ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე კომენტარი გააკეთა და ფრონტზე წარმატებები დააანონსა - "მიდის კონტრშეტევა. წარმატება იქნება, მაგრამ მოგვიანებით", - განაცხადა ბუდანოვმა.
ამავე დროს, სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა უკრაინის განმათავისუფლებელი ოპერაცია შეადარა აპრილში რუსეთის მრავალთვიან ბრძოლას ქალაქ ბახმუტისთვის.
"მინდა შეგახსენოთ ბახმუტთან დაკავშირებული ეს ცნობილი ამბავი. რუსები მას 10 თვეზე მეტ ხანს ესხმოდნენ თავს. ჩვენი ამოცანა ბახმუტზე ცოტა მეტია, მაგრამ 10 თვეზე ცოტა დრო გვაქვს", - ამბობს ბუდანოვი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს კლეშჩიევკას რაიონში შეტევაში. გარდა ამისა, მესამე თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორმა, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა სტრატეგიული სიმაღლეების ნაწილი დაიკავეს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ, მაგრამ პოზიციებს მაინც ვერ იკავებენ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას ითხოვს.
"დიდ სისხლიან ომში, რომელიც 16 თვეზე მეტია გრძელდება - არის თუ არა ის უკანონო (რუსული), არსებობს თუ არა საერთაშორისო სამართალი - იარაღის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. ასე, რომ იარაღი, მეტი იარაღი და მეტი იარაღი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალა. და არავითარი საუბარი "რუსული გეგმებისა და შეშფოთებების" სასარგებლოდ - ომის დამნაშავეები უნდა იყვნენ რიგში მყუდრო ნავსადგურში დასაჯდომად", - წერს პოდოლიაკი.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკასათვის ბრძოლა საბოლოო ფაზაშია შესული. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს და დასახლების ირგვლივ, ძირითადად დასავლეთით, ყველა საკვანძო პუნქტი დაიკავეს.
„რუსული ნაწილები ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას, რასაც თან დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ტყვედ ჩავარდნა ახლავს. დასახლება ოდნავ უფრო დაბლობზე მდებარეობს, ვიდრე მის აღმოსავლეთით და დასავლეთით არსებული ტერიტორია.
„დასახლება ერთიან სივრცეში არ არის წარმოდგენილი და რამდენიმე, სიბრტყეზე გაშლილი უბნისაგან შედგება. თუკი უკრაინელებმა მისი გათავისუფლება შეძლებს, ბახმუტის ირგვლივ რუსული პოზიციების დაკარგვამ შეიძლება დაჩქარებული ხასიათი მიიღოს, რადგან ისეთი დასახლება როგორიც ოპიტნეა, თითქმის სრულადაა განადგურებული და მისი ეფექტური დაცვა რუსებს გაუჭირდებათ და სამხრეთიდან ბახმუტის ბლოკირება შესაძლებელი შეიქმნება.
„კლიჩშიივკას ირგვლივ ბორცვებზე შეფენილი ტყე აკრავს, რომელიც თავდაცვისათვის ერთგვარ ბარიერს ქმნიდან. არსებულ ინფორმაციით ახლა ის უკვე უკრაინელთა ხელშია. მაგრამ, ქვეითთა და ტექნიკის ინტენსიურ შტურმთან ერთად მიმდინარეობს საარტილერიო დუელიც, რომელშიც უკრაინელებს აქვთ უპირატესობა.
„თუკი უკრაინელებმა დასახლების აღება შეძლეს, ბახმუტისაკენ მიმავალი რკინიგზის ხაზი გადაჭრილი იქნება ხოლო ოპიტნესაკენ გზა გაიხსნება“, - ამბობს კობერიძე.
მისივე თქმით, სამხრეთში, დონეცკისა და ზაპორიჟიას საზღვრის სიახლოვეს, უკრაინელები კვლავ უტევენ ნოვოდონეცკს, თუმცა სხვა დანაყოფებმა დასახლების შემოვლა დაიწყეს და სამხრეთით, რუსები სიღრმეში წაწევა შეძლო. ეს რუსულ თავდაცვის პოზიციებს დასახლების ირგვლივ, ცხადია, მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.
„რაც შეეხება ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ პროცესებს. ზოგადი მდგომარეობა არასახარბიელოა, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადგურის რამდენიმე რეაქტორის სახურავზე მართლაც შეიძლება იყოს ნაღმები განთავსებული, ხოლო მდინარე დნეპრი პრაქტიკულად აღარ მიედინება სადგურის სიახლოვეს.
„კაშხლის აფეთქების გამო წყლის დონემ კატასტროფულად დაიწია. ამ ფონზე უცნობია გამაგრილებელი სისტემის რეზერვუარის მდგომარეობა. თუმცა, იმ ფონზე რომ დასავლეთის ყურადღება აქეთკენაა მიპყრობილი, პირდაპირი აფეთქების საფრთხე შემცირებულია, მაგრამ საოკუპაციო ძალებისაგან არაფერია გამორიცხული“,-ამბობს კობერიძე.
რაც შეეხება კასეტურ შეიარაღებას და უკრაინელების მხრიდან მის მოთხოვნას, კობერიძე ამბობს, რომ აშშ უკრაინას კასეტურ შეიარაღებას გადასცემს.
„აფეთქების შემდეგ საფანტივით გაშლილი ნამსხვრევები ეფექტურია, როგორც ნაღმების ისე ცოცხალი ძალის წინააღმდეგ. ანუ კასეტური შეიარაღება ნიშნავს, რომ რაკეტის მიერ მიზნის განადგურებასთან ერთად გარემოში მდებარე სხვა ლოკაციებიც დაზარალდება. ეს კი მოწინააღმდეგის რიგებში ფართო სივრცეზე მიყენებულ ზარალს გულისხმობს, ხოლო მდელოებზე ნაღმების განეიტრალებისათვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.
„იმიტომ იკავებდა აშშ თავს რომ კასეტური შეიარაღების გამოყენება მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მიერაა აკრძალული. თუმცა, აღნიშნულ კონვენციას აკრძალვის შესახებ არც აშშ, არც რუსეთი, არც უკრაინა და არც საქართველო მიერთებული არა არის“,-ამბობს კობერიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე