რეზონანსი
(08.07.2023)

ჩვენი ოპოზიციის პრობლემა არ არის მათ ლიდერებში, პრობლემა არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მათ დამოკიდებულებაში. ოპოზიციაში ვხედავთ, რომ ქართველ პოლიტიკოსებად არ აღიქვამენ თავს. არც „ნაციონალური მოძრაობა", არც ბევრი სხვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენა ბევრმა საკითხმა, მათ შორის, „სწორედ ოპოზიცია არის, ვინც პირველი მხარს უჭერს და აძლიერებს საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციას".

„შეგახსენებთ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ამას ასაზრდოებდა, მხარს უჭერდა, შიგნიდან ციხეს ტეხდა სწორედ ქართული ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული „ენჯეოები". ამიტომ, პრობლემა ეს არის. ვიდრე მათ საკუთარ ფუნქციად მიაჩნიათ, რომ ქართული ციხე შიგნიდან უნდა გატეხონ, რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მათი ხელმძღვანელი, თუ ლიდერი. ერთადერთი სხვაობა იქნება იმაში, რამდენად ეფექტიანად, თუ შედეგიანად შეძლებენ საქართველოს, ჩვენი ციხე-სიმაგრის შიგნიდან გატეხვას. ერთადერთი, ამაზე თუ იმოქმედებს. სხვა მხრივ, ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს ერთი მხრივ, ქვეყნისთვის და მეორე მხრივ, ამ შიდა გადანაწილებებსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვხედავთ, რომ რეალურად, ამ პარტიის ფაქტობრივი, არაფაქტობრივი, ოფიციალური, თუ ფორმალური მთავარი ლიდერი იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე მას აღიქვამენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად, ის დანაშაულები, რომლებიც მას აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, ვრცელდება მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაზე". პასუხისმგებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს თავისი დანაშაულებისთვის აქვს ქართველი ხალხის წინაშე, თანაბარწილად ვრცელდება „ნაციონალური მოძრაობის" ყველა აქტიური მონაწილისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე