თბილისში „პრაიდ ფესტივალის" გამართვა არ მოხერხდა - „თბილისი პრაიდმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. როგორც განცხადებაშია ნათქვამია, ტერიტორია სამარშრუტო ტაქსების გამოყენებით დატოვეს. „მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქსებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათ ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ მოუწიათ, რაც „თბილის პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ფესტივალის ჩატარების ადგილს მიუახლოვდნენ.
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე "პრაიდ ფესტივალისთვის" გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის" მონაწილეები ენახათ, თუმცა ისინი მათ ადგილზე არ დახვდათ. ამის შემდეგ „პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა ტერიტორიაზე განლაგებული ინვენტარი დააზიანეს.
მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა. გზებზე გაკეთებული გვქონდა შესაბამისი კორდონები, მაგრამ ვინაიდან ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ, რომ „პრაიდის" ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ყველა დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა თავისი მანდატი. თუმცა კარგად ნახეთ, რომ მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა.
გზებზე გაკეთებული გვქონდა შესაბამისი კორდონები, მაგრამ ვინაიდან ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ, რომ „პრაიდის" ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ.
ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს თავდასხმები კონკრეტულ პირებზე. მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ ადგილზე. თუმცა შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხდება გაშლილ ტერიტორიაზე. ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული", - აცხადებს დარახველიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „პრაიდის ფესტივალთან" დაკავშირებით განვითარებული მოვლენების თაობაზე აცხადებს, რომ ყველანაირ ძალადობას გმობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ და ამ მხრივ, პოლიციამ კარგად გაართვა თავი ამოცანებს.
„ვნახეთ, რომ პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. პოლიციის ამოცანა, უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება და რამდენადაც ვიცი, არავინ დაზარალებულა, არ დაზიანებულა მათ შორის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა.
რაც შეეხება თავად იმ ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც, მათ შორის პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, არის თუ არა ვინმე დაკავებული, მაგრამ რა ინფორმაციაც აქამდე მაქვს, პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების მიმართაც თუ იყო გამოხატული აგრესია, როგორც ვიცი, პოლიცია ყველგან ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება.
ზოგადად, პრობლემაა, როცა ხდება აგრესიის გამოვლენა და ღონისძიებისთვის ხელისშეშლა, მაგრამ პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ზღვარი აქვს. ჩვენ სხვა შემთხვევაშიც ვხედავდით, რომ როდესაც აგრესიულია ესა თუ ის აქცია, ამას თავისი ლიმიტები ქვს. მათ შორის ვნახეთ, პარლამენტის შენობა იყო დაზიანებული აგრესიული აქციის მიერ.
საპოლიციო ღონისძიების საკითხია, რა მომენტში, რა სახის ესა თუ ის საშუალება უნდა იქნას გამოყენებული. იცით, რომ პოლიცია ემზადებოდა, მათ შორის განცხადებაც გამოქვეყნდა, ვინაიდან არსებობდა მოლოდინი, მათ შორის ინფორმაცია, რომ იქნებოდა ღონისძიების ჩაშლის მცდელობა. ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრიბა, რათა ჩაეშალათ ეს ღონისძიება. მთავარი მაინც ის არის, რომ დაცული იქნა ადამიანების უსაფრთხოება და შესაბაისად, პოლიციაც საბოლოო ჯამში ამას გაანალიზებს.
შსს-ს მხრიდან იმიტომ იყო ორგანიზატორებთან ერთად მზადება ღონისძიებისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ მომხდარიყო ამის უზრუნველყოფა. თავისთავად, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი თავის ამოცანებს", - განაცხადა შალვა პაპუაშივლმა.
„ლისი ვანდერლენდის" მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალის" გამართვა იყო დაანონსებული, დაიკავეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებენ. „თბილისი პრაიდმა" ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, ფესტივალი არ ჩატარდება, თუ სხვა ტერიტორიაზე გაიმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე