ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება - აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მხარს უჭერს და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. რა პერსპექტივები გვაქვს ვილნიუსის სამიტზე, როცა მაპის მინიჭების და ალიანსში ინტეგრაციის დაპირების ნაცვლად რეფორმების განხორციელებას გვთხოვენ - ანალიტიკოსებს „რეზონანსთან" ამაზე ცალსახა პასუხი აქვთ.
მათი ზარით, იმისთვის, რომ დავიმსახუროთ ნატოს ბენეფიტები, საჭიროა წევრ სახელმწიფოებს დავემსგავსოთ და პირველ რიგში გავაუმჯობესოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ასევე დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე. თუმცა, ალიანსის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ საქართველო უკვე ნატოს ახლო პარტნიორია.
ექსკლუზიურ კომენტარში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას მისცა, ნათქვამია, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად"
„ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატოს გაძლიერებით. ამერიკის ლიდერობით ნატო ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო.
პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვინიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა" - განაცხადა თეთრმა სახლმა.
ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ალიანსის წევრობისთვის საჭირო საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას, შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის"-ნათქვამია თეთრი სახლის მიერ „ამერიკის ხმისთვის" გაკეთებულ განცხადებაში.
ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლმა ჯულიან სმიტმა ვიდეოპორტალ იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დაადასტურა, რომ ალიანსთან უნიკალური პარტნიორობის საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობა გრძელდება და საქართველო უკვე უახლოესი პარტნიორია
„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით არამხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ, ვთქვით ისიც, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველო უკვე არის ნატოს წარმოუდგენლად ახლო პარტნიორი. საქართველო მონაწილეობდა ნატოს ოპერაციებში.
„ჩვენ ცხადია, ვაგრძელებთ იმის დაგმობას რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედი გვაქვს, ვაგრძელებთ მუშაობას მათთან ერთად საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე ალიანსთან"-აცხადებს ჯულიან სმიტი.
რაც შეეხება უკრაინის ნატოში ინტეგრაციას, რომლის გაწევრიანება ნატოში ერთგვარად საქართველოს შესაძლებლობის ელემენტია, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიენენ-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინა არ არის მზად ნატოს წევრობისთვის, მან ჯერ „რაციონალური გზა" უნდა გაიაროს - აღნიშნა პრეზიდენტმა
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" განმარტავს რომ ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა გავატაროთ რეფორმები ნატოში ინტეგრაციისთვის, სრულიად ლოგიკურია.
ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს ნატოს წევრი სახელმწიფოს სტატუსი, უნდა დაემსგავსოს ნატოს წევრ სახელმწიფოს ყველა ასეპქტში. ამასთანავე, უკრაინის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის შემაფერხებელი გავლენის შესასუსტებლად, ჩვენი ქვეყნის დასავლური პერსპექტივის მიმართულებით.
„ეს განცხადება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ჩვენი ამოცანაც ეს არის.
„რაც შეეხება რეფორმების მოთხოვნას, ეს სრულიად ბუნებრივია. საქართველო არის ნატოს ქვეყანა დღეს? რომ გავხდეთ ნატოს წევრი, უნდა დავემსგავსოთ ნატოს წევრ სახელმწიფოებს ყველა განზომილებით. რეფორმები ნიშნავს ქვეყნის ფორმირებას ისეთი სახით, როგორიც არის ნატოს წევრი სახელმწიფო.
„ეს აისახება, განსაკუთრებით თავისი პოლიტიკური ეფექტურობით, ეკონომიკური განვითარებით, საზოგადოებრივი მოწყობით, ჩვენი უსაფრთხოების სისტემით და სამხედრო თავდაცვის სისტემის სტრუქტურით, ფუნქციით და ეფექტურობით. იმიტომ, რომ ჩვენ რომ ნატოს წევრი გავხდეთ, ეს სულაც არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ მხოლოდ ნატომ უნდა დაიცვას საქართველო, საქართველომაც უნდა დაიცვას ნატო. ამიტომ, ამგვარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ნიშნავს იმას, რასაც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები რეფორმებს უწოდებენ.
„საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რა თქმა უნდა არის დამოკიდებული იმდენად რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე, რამდენადაც, საიმისოდ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს საშუალება წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, საქართველოს პროგრესს დასავლური მიმართულებით, საჭიროა ის კბილები, რომლითაც შეიძლება ბოროტება ჩაიდინოს, ვიღაცამ ამოაძროს.
„ისტორიამ სწორედ ასე განსაჯა, რომ ეს ფუნქცია დღეს უკრაინას დაეკისრა. ამიტომ უკრაინის გამარჯვება ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.
პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც ნატოში ინტეგრაციის გარანტიაა. მაგრამ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოგვანიჭებენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, რაც ევროპის ქვეყნებს უბიძგებს დააჩქაროს ჩვენი ქვეუყნის ნატოში ინტეგრაციაც.
ასვე, მნიშვნელოვანია, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი - რუსეთის დასუსტება, უკრაინის ნატოში ინტეგრაცია, სწორედ საქართველოს შესაძლებლობას გახსნის ნატოში ინტეგრაციისთვის.
„თავისთავად უკრაინა-რუსეთის ომის შედეგი რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს ყველაფერ ამაზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ წინსწრებით უკვე იმას ხედავენ შეერთებული შტატები და ნატოს სხვა წევრი ქვეყნები, რომ რუსეთი დასუსტდება და აღარ ექნება იმის უნარი რომ დააშანტაჟოს მეზობელი ქვეყნები.
„აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ სცენარში ზის ეს ყველაფერი. რუსეთის დასუსტებასთან ერთად საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება უკრაინის შემდეგ ალბათ. უკრაინასთან ერთად ალბათ ვერა, მაგრამ ამასთან, შეიძლება მოხერხდეს იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი რეფორმები გატარდება.
„რეფორმებს რაც შეეხება, ეს იმ რეფორმებზეა საუბარი, რასაც ევროკავშირი ითხოვს, აქ საუბარია იმაზე, რომ მდგრადი და ფუნქციური დემოკრატია იყოს ქვეყანაში, რომ იცოდნენ ნატოში, რომ ხელისუფლებას რომ ესაუბრებიან, ის ხელისუფლება ხალხის სახელით საუბრობს, ის ხელისუფლება მოქმედებს ნამდვილად ხალხის ინტერესებში, რომ ეს ყველაფერი სტაბილურია და ქვეყანაში დემოკრატიული ნორმები მოქმედებს და კანონის უზენაესობაა დაცული.
„კონკრეტულად რეფორმები გულისხმობს იმას, რასაც ევროკავშირი ითხოვს, ეს არის სასამართლო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, ეს არის თუნდაც მედიათავისუფლების უზრუნველყოფა, სხვადასხვა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე.
„ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, შეიძლება აქ რეფორმა მხოლოდ კანონმდებლობას არ შეიცავდეს, არამედ კონკრეტულად ნების გამოხატვას, რომ სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ანტიკორუფციული ბიუროს სრულიად დამოუკიდებლობა, და შესაძლებლობა, რომ ამ ორგანომ გამოიძიოს კორუფციული შემთხვევები და დანაშაულებები.
„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი თუ ჩათვლის რომ ჩვენ ღირსი ვართ კანდიდატის სტატუსის, ევროპა ფაქტიურად თანახმა იქნება, რომ ნატოში გაგვაწევრიანოს.
„იმ გადაწყვეტილებამ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, ამან უკვე ძალიან დიდი გავლენა იქონია ევროპის ქვეუყნებზე და რა თქმა უნდა, უკრაინის ომმა, იმიტომ, რომ ახლა უკვე ევროპის ქვეყნები, რომლებმაც თავის დროზე ბუქარესტის სამიტზე დაბლოკეს ჩვენთვის მაპის მონიჭება და ასევე უკრაინისთვის, ახლა როდესაც ფიქრობენ რომ ეს ქვეყნები უნდა გააწევრიანონ ევროკავშირში ადრე თუ გვიან, ახლა მათთვის უფრო იქნება მიზანშეწონილი და ხელსაყრელი, უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი იყოს იმ ქვეყნების.
„თანაც, რბილად შეერთებული შტატების ხარჯზე, იმიტომ რომ ნატოს ძალების 70% შეერთებული შტატების ძალებისგან შედგება. ამ ვითარებაში, უკვე ევროპა თავისთავად, ასევე იქნება თანახმა, რომ ჩვენ ნატოში გავწევრიანდეთ, თუ აპირებს ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში" - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე