ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარშემო პერიპეტიებმა და უკრაინის ომმა თითქოს დაჩრდილა ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი. არადა, რამდენიმე დღეში ალიანსი ვილნიუსში სამიტს მართავს, რომელმაც ისტორიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ამ საკითხზე საუბრისას თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველოს ატლანტიკური პერსპექტივა თეორიულად დღის წესრიგში რჩება, თუმცა პრაქტიკულად აქტუალური არ არის. შიშობს, რომ შეიძლება ამ პერსპექტივამ უკან გადაიწიოს და ჩვენი რიგი ნატოს კართან მოლდოვამ დაიკავოს, რომელსაც ამჟამად ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული.
მისი თქმით, უკრაინას წევრობას ჯერ არ მისცემენ, თუმცა კარგიი შანსები აქვს ომის დასრულების შემდეგ. ასევე ეხსნება შესაძლებლობის ფანჯარა მოლდოვასაც. ამბობს, რომ ატლანტიკურ მისწრაფებებს ხელს უშლის რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა და აღდგენილი ფრენები, ასევე ორმხრივი სანქციების არდაწესება.
„ფაქტია რომ ნატოში და ზოგადად დასავლეთში გაჩნდა იმის განცდა, რომ საქართველო უკვე დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას და უთანხმებს რუსეთს. ამ ფონზე ვილნიუსის სამიტზე არავითარი პერსპექტივები არ გვაქვს. ვხედავთ, რომ ფაქტიურად დაიშალა დუეტი უკრაინასთან.
„როდესაც პრემიერი ამბობს ბრატისლავაში, რომ უკრაინის ომის დაწყებაში ნატოა დამნაშავე, ამას გაგებით ვერავინ ვერ შეხვდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკითხი ფაქტიურად ჩამოხსნილია ნატოს გაფართოების დღის წესრიგიდან.
„ამასთან ამ სამიტზე უკრაინის მიღებაზეც არ არის აუბარი, იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინა მიიღებს საკმაოდ სერიოზულ გარანტიებს. უკვე შემდგომ როგორც კი უკრაინის ომი დამთავრდება, შეიძლება გაჩნდეს იმ შესაძლებლობის ფანჯარა, რომ უკრაინა გახდეს ნატოს წევრი.
„აი, აქ უკვე დიდი შანსია რომ საქართველოს მაგივრად მოლდოვა, რომელსაც ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, ის გახდეს ნატოს წევრი. ჩვენი დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კურსით და იმ ქცევით, როგორც ჩვენ ვიქცევით პარტნიორებთან მიმართებაში, ბუნებრივია იქ ადგილიც კი არ არის იმაზე სასაუბროდ, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე ვიმსჯელოთ. მე მგონი საქართველოს ხელისუფლებაც ამას შეგუებულია.
„ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებას ფორმალურად უარი არ უთქვამს ევროატლანტიკურ კურსზე, საქართველოს კონსტიტუციაშიც წერია ეს. მაგრამ თუკი ქვეყანამ ვერ მოაგვარა ურთიერთობები უკრაინასთან, რითაც საგარეო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მოგვადგა, ბუნებრივია ეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას არ უწყობს ხელს, ნატო ითანამშრომლებს საქართველოსთან ისე, როგორც საქართველოს უნდა, გააჩნია როგორ დონეზე უნდა საქართველოს: ინტეგრაცია თუ მხოლოდ თანამშრომლობა," - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.
მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.
„დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი გზავნილი, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველი რუსეთის ჩარევისგან და ზეწოლისგან. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომელიც არის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე დაასრულოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
უფრო ადრე, 6 ივლისს ხუთშაბათს, აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება 31 მოკავშირესა და ასპირანტ ქვეყანას შორის. მათ შორის იმ ქვეყნებმა რომლებსაც სურთ ნატოში ინტეგრაცია უნდა გაატარონ შესაბამისი რეფორმები, მათ შორის უკრაინამ.
„მე არ ვაპირებ დეტალებსა და კერძო საუბრებში შესვლას. ეს პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე. ის ფიქრობს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთგული ვართ და ერთგული ვიყავით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. და ჩვენ ასე გავაგრძელებთ", - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე