რეზონანსი
(07.07.2023)

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეისადმი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ imedia საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს:

„საპარლამენტო ასამბლეა შედგება ადამიანებისგან, ქალებისა და კაცებისგან, რომელთაც აერთიანებთ თავისუფლების, სოლიდარობის ღირებულებები. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების მატარებლები ხართ და ეს ღირებულებები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება. საქართველო, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, ვიყოთ განმჭვრეტნი, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს. ასევე, პასუხი გაეცეს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში, ამ გზას ჩვენ დიდი სიმტკიცით, ენთუზიაზმითა და დიდი სურვილით მივუყვებით. ამ ეტაპზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში. საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი. ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. უშუალოდ ასამბლეის საქმიანობაში კი საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე. სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე